საქმე №82აპ-17 თბილისი
ტ-ი ე., 82აპ-17 22 მაისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის,
პროკურორ - ნუგზარ ჭიტაძის,
ადვოკატ - ხ. ხ-ს,
მსჯავრდებულ - ე. ტ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ე. ტ-ს ადვოკატების - ლ. ბ-სა და ხ. ხ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის განაჩენით ე. ტ-ი, - დაბადებული 19.. წლის ….. თებერვალს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ე. ტ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2015 წლის 8 ოქტომბრიდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. განაჩენის მიხედვით, ე. ტ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა:
· ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 8 ოქტომბერს თბილისში, …..№…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს ე. ტ-ი, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული 0.0149 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი თეთრი ფერის 2 აბი.
· ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წლის 24 სექტემბერს თბილისში, ….. №…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოვლინდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ნოემბრის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ე. ტ-ს მიერ ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ე.ტ-ს ადვოკატებმა - ლ. ბ-მ და ხ. ხ-მ, რომლებმაც მოითხოვეს მსჯავრდებულის გამართლება.
5. 2017 წლის 8 მაისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა მეტრეველმა მომართა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობით, რომლითაც მოითხოვა მასა და მსჯავრდებულ ე. ტ-ს შორის 2017 წლის 6 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება შემდეგი პირობით: ე. ტ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 10000 ლარი, ხოლო ამავე კოდექსის 273-ე მუხლით განესაზღვროს ჯარიმა - 1000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ე. ტ-ს განესაზღვროს 1 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 10000 ლარი. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
6. საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობისა და საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე ოქმის თანახმად, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანა მეტრეველმა მხედველობაში მიიღო: ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, ასევე ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა ე. ტ-მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და თანხმობა განაცხადა ბრალის აღიარებით, სასჯელზე შეთანხმებით საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ და 2017 წლის 6 მაისს, საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, მასა და მსჯავრდებულ ე. ტ-ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 11 მაისის განჩინებით მსჯავრდებულ ე. ტ-ს ადვოკატების - ლ. ბ-სა და ხ. ხ-ს საკასაციო საჩივრები დაშვებულ იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 22 მაისის სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ, მსჯავრდებულმა ე. ტ-მ და მისმა ადვოკატმა ხ. ხ-მ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ანა მეტრეველსა და მსჯავრდებულ ე. ტ-ს შორის შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების - გ. ნ-ს, გ. ფ-ს, ი. კ-ს, მ. კ-ს, ს. ქ-სა და ნ. ნ-ს ჩვენებებით, ე. ტ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური და ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ე. ტ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენა.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ ე. ტ-ს მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა ან რაიმე უკანონო დაპირება; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. საკასაციო პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული ე. ტ-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისთვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება მას არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა მეტრეველის შუამდგომლობა მასა და მსჯავრდებულ ე. ტ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაკმაყოფილდეს სახელმწიფო ბრალმდებლის - თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა მეტრეველის შუამდგომლობა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
· დამტკიცდეს თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანა მეტრეველსა და მსჯავრდებულ ე. ტ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
· ე. ტ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯოს 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 10000 (ათი ათასი) ლარი;
· ე. ტ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით და განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი;
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ე. ტ-ს განესაზღვროს 1 (ერთი) წლითა და 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 10000 (ათი ათასი) ლარი;
· ე. ტ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2015 წლის 8 ოქტომბრიდან;
· ე. ტ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 16 დეკემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი