Facebook Twitter

საქმე № 96აპ-17 ქ. თბილისი

ვ-ე გ., 96აპ-17 10 მაისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ – ადილარ წირღვავას

ადვოკატების – პ. შ-ს, ტ. კ-ს, ლ. ა-ს, დ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ვ-ს ბრალი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს ამ კოდექსის ამ თავით (სსკ–ის XXXIII თავი) გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული (საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტები); ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარებისათვის, ჩადენილი ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ (საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლი).

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის ნასამართლევმა გ. ვ-მ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით - 0,01991 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, რომელიც მისგან ამოიღეს 2015 წლის 26 ოქტომბერს ბათუმში, .....ქუჩის №.....-ში მდებარე კორპუსთან ჩატარებული პირადი ჩხრეკისას.

· ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ მოხმარებისათვის ნასამართლევმა გ. ვ-მ კვლავ უკანონოდ, ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ (მარიხუანა), რაც დაუდგინდა 2015 წლის 26 ოქტომბერს ბათუმში ჩატარებული ნარკოლოგიური გამოკვლევისას.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის განაჩენით გ. ვ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

გ. ვ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი სასჯელი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატა 2015 წლის 24 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 7 თვე, 25 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ვ-ს სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი და 7 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 26 ოქტომბრიდან.

მსჯავრდებული გ. ვ-ე პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მთლიანად გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის - 7 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან.

საბოლოოდ გ. ვ-ს განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

გ. ვ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

გაუქმდა გ. ვ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა.

გ. ვ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განაჩენით ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ადილარ წირღვავამ.

6. პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გ. ვ-ს საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ე“ ქვეპუნქტებით დამნაშავედ ცნობას იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, პოლიციელთა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა დადასტურებული გ. ვ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხნენ დაცვის მხარის ინიციატივით ჩატარებული ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის გამცემი ექსპერტები, რომელთა ჩვენებებით ირკვევა, რომ ფიზიკური კონტაქტის შემთხვევაში არსებობდა 50%-იანი ალბათობა, რომ გ. ვ-ს გენეტიკური პროფილი დარჩენილიყო გამოსაკვლევ ობიექტზე. ანალოგიურად, მიუხედავად ფიზიკური კონტაქტისა, შესაძლებელია, ადამიანის თითის კვალი არ დარჩენილიყო გამოსაკვლევ ობიექტზე. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივარში ასევე უთითებს, რომ მოსამართლემ დაარღვია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, როდესაც დაცვის მხარის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის უხეში დარღვევით წარმოდგენილი მტკიცებულებები (ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების დანიშვნის შესახებ განცხადება და მის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებები - ექსპერტიზის დასკვნები) დასაშვებად ცნო და ითხოვა მოცემული განჩინების გაუქმება და მითითებული მტკიცებულებების დაუშვებელ მტკიცებულებებად ცნობა.

7. საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

8. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. ვ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - პ. შ-მ, ტ. კ-მ, ლ. ა-მ და დ. გ-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები და ითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა მსჯავრდებულ გ. ვ-ს ბრალდების საქმის მასალები, შეამოწმა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. მოწმე თ. კ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს ..... საქალაქო სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2015 წლის 26 ოქტომბერს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ. ვ-ს, რომელიც იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, შეძენილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და აპირებდა მის გადაცემას დაუდგენელი პირისთვის. ინფორმაციის თანახმად, იგი იმყოფებოდა ქ. ბათუმში, ….. ქ. N…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის შესახებაც მან წერილობით აცნობა შსს ..... საქალაქო სამმართველოს ….. მოადგილეს. გამომძიებელმა მითითებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იგი მოწმის სახით დაკითხა, ხოლო სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მას მონაწილეობა აღარ მიუღია.

3. მოწმე რ. დ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს ..... საქალაქო სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2015 წლის 26 ოქტომბერს სამმართველოში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მოქალაქე გ. ვ-ს, რომელიც იყო ნარკოტიული საშუალების მომხმარებელი, შეძენილი ჰქონდა და თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. იგი უნდა ყოფილიყო ბათუმში, ….. ქ. N…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ინფორმაციის საფუძველზე იმავე სამმართველოს თანამშრომელ ლ. ჯ-თან ერთად გავიდა შეთხვევის ადგილზე, სადაც შენიშნეს გ. ვ-ე. ისინი მივიდნენ მასთან, შეაჩერეს, წარუდგინეს თავი და ამავე დროს რ. დ-ე მობილური ტელეფონით ესაუბრა გამომძიებელ ა. რ-ს, რომელიც მალევე მივიდა მათთან. გამომძიებლის მითითებით, გ. ვ-ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. რ. დ-მ იგი პირადად გაჩხრიკა და მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული აბის ნატეხები. ამოღებულ ნივთებს გამომძიებელმა ა. რ-მ გადაუღო სურათები და დალუქა. გ. ვ-ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მან საგამოძიებო მოქმედებების ამსახველ დოკუმენტებზე ხელი არ მოაწერა. ჩხრეკის შემდეგ გ. ვ-ე გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

4. მოწმე ლ. ჯ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მუშაობს შსს ..... საქალაქო სამმართველოში ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2015 წლის 26 ოქტომბერს იყო მორიგე, რა დროსაც სამმართველოში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ მოქალაქე გ. ვ-ს, რომელიც უნდა ყოფილიყო მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შეძენილი ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და აპირებდა მის გადაცემას დაუდგენელი პირისათვის. აღნიშნულის საფუძველზე ჯგუფის უფროს რ. დ-თან ერთად გავიდა შეთხვევის ადგილზე, სადაც რამდენიმე წუთში გამოჩნდა გ. ვ-ე. ისინი მივიდნენ მასთან, შეაჩერეს, წარუდგინეს თავი და ამავე დროს რ. დ-მ დაურეკა გამომძიებელს, რომელიც მალევე მივიდა. გამომძიებელმა განუმარტა უფლებები და დადგენილების საფუძველზე მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც რ. დ-მ გ. ვ-ს შარვლის მარჯვენა, წინა ჯიბიდან ამოიღო ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული აბისმაგვარი ნატეხები, რის შემდეგაც იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ჩხრეკის დროს გ. ვ-ს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა არც თანხმობა განუცხადებია საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე. მას აღნიშნული ნივთიერება საკუთარი ხელით არ ამოუღია ჯიბიდან, იგი რ. დ-მ ამოიღო.

5. მოწმე ა. რ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იძიებდა მოცემულ საქმეს. 2015 წლის 26 ოქტომბერს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც შევიდა ინფორმაცია, რომ გ. ვ-ს თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება და აპირებდა მის გადაცემას სხვა პირისთვის. აღნიშნულზე დაიწყო გამოძიება, დაიგეგმა შესაბამისი ღონისძიებები, მოწმის სახით დაკითხა „პატაკის“ ინიციატორი, შემთხვევის ადგილზე გაუშვა ოპერატიული თანამშრომლები და შემდგეგ ისიც გავიდა. ტელეფონით დაუკავშირდა ჯგუფის წევრებს, რომლებმაც შეატყობინეს, რომ დაინახეს გ. ვ-ე. მან უთხრა, რომ შეეჩერებინათ და ისიც მივიდოდა. იგი მივიდა რამდენიმე წუთში, გ. ვ-ს გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რაზეც მან განაცხადა, რომ ხელს არაფერზე მოაწერდა. შემდეგ ჩატარდა მისი პირადი ჩხრეკა, რომელშიც მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები - ლ. ჯ-ი და რ. დ-ე. პირადი ჩხრეკა ჩაატარა უშუალოდ რ. დ-მ, რა დროსაც მან გ. ვ-ს შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული, 4 თეთრი გატეხილი აბი. ამის შესახებ ბრალდებულს არაფერი განუმარტავს. მან გადაუღო სურათები და შეადგინა ოქმი. შემდეგ ბრალდებული დააკავა. ადგილზევე შედგა დაკავების ოქმი. არც ერთ საგამოძიებო ოქმზე ბრალდებულმა ხელი არ მოაწერა. იგი გადაიყვანეს სამმართველოში. მისი დადგენილების საფუძველზე გ. ვ-ს თავდაპირველად ჩაუტარდა ნარკოლოგიური შემოწმება, ხოლო მოგვიანებით დანიშნა ქიმიურ–ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა. მანვე ჩაატარა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედება.

6. გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ გამომძიებელმა ა. რ-მ, რ. დ-სა და ლ. ჯ-ს მონაწილეობით ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, გ. ვ-გან ამოიღო ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული, 4 ცალად დაფასოებული თეთრი აბის ნატეხის მაგვარი მასა.

7. საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული 4 აბის ნატეხი შეიცავს - 0. 01991 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა მ. მ-მ.

8. საქმეზე ჩატარებული ქიმიურ–ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გ. ვ-ს დაუდინდა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ მოხმარების ფაქტი. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა - ნ. ფ-მ და თ.ბ-მ.

9. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები:

· ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, გ. ვ-ს ჯიბიდან ამოღებულ მოვერცხლისფრო ქაღალდზე (ობიექტი N1) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია. მასში გ. ვ-ს (ობიექტი N2) გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა. ამავე პაკეტებში მოთავსებულ აბებზე (ობიექტი N3) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საჭირო ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

· დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ფოლგისმაგვარი ზედაპირის მქონე ფურცელზე ხელის თითის კვლები დვრილოვანი ხაზების სახით არ გამოვლინდა.

· ექსპერტ ქ. ქ-ს ჩვენება, რომლის თანახმად, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა არის კატეგორიული. საკვლევ ობიექტზე გამოვლინდა სხვა გენეტიკური პროფილი. გენეტიკურ მასალაში გ. ვ-ს გენეტიკური პროფილის თანამონაწილეობა არ გამოვლენილა.

· ექსპერტ ი. მ-ს ჩვენება, რომლის მიხედვითაც, გამოსაკვლევად წარდგენილ ვერცხლისფერ ქაღალდზე აღმოჩნდა ერთზე მეტი ადამიანის გენეტიკური პროფილი, მაგრამ გ. ვ-ს გენეტიკური თანამონაწილეობა გამოირიცხა. ექსპერტმა განმარტა, რომ არ შეუძლია, კატეგრიულად გასცეს პასუხი შეკითხვაზე: შეიძლება თუ არა ნივთზე შეხებისას მასზე აღმოჩნდეს დნმ-ის კონცენტრაცია, რადგან ეს ინდივიდუალურ სიტუაციაზეა დამოკიდებული და ეს მხოლოდ ვარაუდი იქნება.

· გ. ვ-ს ჩვენება, რომელმაც როგორც სასამართლოში, ისე გამოძიების ყველა ეტაპზე განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება მას არ ეკუთვნოდა. მისი ჩვენებით, ნარკოტიკი ჯიბეში ჩაუდო ..... პოლიციის მაღალჩინოსანმა, რაც დაინახეს პოლიციის სხვა თანამშრომლებმაც. მან საგამოძებო მოქმედების არც ერთ ოქმზე ხელი არ მოაწერა.

10. სააპელაციო პალატამ საეჭვოდ მიიჩნია მოწმე პოლიციელების ჩვენებებისა და ჩხრეკის ოქმის სანდოობა, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოთ მითითებული მტკიცებულებებით გაჩნდა ეჭვი გ. ვ-ს ბრალეულობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს აზრით, პოლიციელთა ჩვენებები ეწინააღმდეგება როგორც გ. ვ-ს ჩვენებას, ასევე დაცვის მხარის ექსპერტიზის დასკვნებსა და ექსპერტების ჩვენებებს. თავისი პოზიციის გასამყარებლად პალატამ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, კერძოდ, საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia), რომლის თანახმად, პოლიციელთა ჩვენებებს მცირე მტკიცებულებითი ძალა აქვს, თუ ისინი გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით და საქმეზე „ვრონჩენკო ესტონეთის წინააღმდეგ“ (Vronchenko v. Estonia), რომლის მიხედვით, ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ბრალდებულის დნმ-ი არ იყო აღმოჩენილი დაზარალებულისგან ამოღებულ ძირითად ნივთმტკიცებაზე, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის ბრალდებულის ბრალეულობისათვის.

11. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მსჯელობას შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება.

12. ამასთან, დაცვის მხარე აღნიშნავს, რომ გ. ვ-ს ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, თუმცა მათ ვერ წარმოადგინეს რაიმე უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მოწმე პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები და აბრალებენ აღნიშნული დანაშაულის ჩადენას. ვერსია, რომელიც მათ საკასაციო პალატის სხდომაზე განაცხადეს, კერძოდ - გ. ვ-ს წარსულში მსჯავრდების საქმესთან დაკავშირებით მოწმის გამოკითხვის ოქმი, რომელშიც იგი უთითებდა, რომ გ. ვ-ე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა და ჩაუდეს ნარკოტიკი (გამოკითხვის ოქმში საუბარია 2010 წლის 1 სექტემბერს მომხდარ გარემოებებზე) - მოკლებულია ყოველგვარ დამაჯერებლობას და ვინაიდან განსახილველ საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა, წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ მითითებული გამოკითხვის ოქმი დაუშვებელ მტკიცებულებად ცნო. დაცვის მხარე სავარაუდო მიზეზად ასევე უთითებს გ. ვ-ს წარსულში ნასამართლობაზე, თუმცა აღნიშნული ვერსიაც არადამაჯერებელია.

13. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებს, საკასაციო პალატა თავდაპირველად იმსჯელებს მათ შინაარსობრივ, ხოლო შემდეგ, დამატებით - პროცესუალურ მხარეზე. სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში, ისევე როგორც დაცვის მხარემ საკასაციო სხდომაზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნაზე და მათი პოზიციის გასამყარებლად არაერთხელ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე - საქმეზე „ვრონჩენკო ესტონეთის წინააღმდეგ“ (Vronchenko v. Estonia).

14. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ იგი სადავოდ არ მიიჩნევს ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებით დადგენილ ფაქტებს, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე გ. ვ-ს გენეტიკური თანამონაწილეობა არ გამოვლინდა და ასევე, მასზე ხელის თითის კვლები საერთოდ არ აღმოჩნდა, თუმცა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა და ყოველგვარი შეფასების გარეშე დატოვა ექსპერტების ჩვენებების ის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დარჩეს, ან არ დარჩეს გამოსაკვლევ ობიექტზე კვალი, კერძოდ:

· ექსპერტმა ქ. ქ-მ დაადასტურა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და მიუთითა, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე (ობიექტი N1) აღმოჩნდა ერთზე მეტი პირის შერეული პროფილი, თუმცა გ. ვ-ს გენეტიკური პროფილი მასში არ აღმოჩნდა. ექსპერტმა განმარტა, რომ შესაძლებელია, ობიექტზე არ აღმოჩნდეს ბიოლოგიური მასალა, მიუხედავად მასზე ხელით შეხებისა, იმ შემთხვევაში, როცა სხვა ბიოლოგიური მასალა ბევრად აღემატება მას. ამ დროს სხვა ბიოლოგიური მასალა შესაძლოა, იყოს იმდენად მეტი, რომ გადაფაროს იგი და არ გამოვლინდეს გენეტიკურ პროფილში. მანვე მიუთითა, რომ ობიექტზე ბიოლოგიური პროფილის შენარჩუნების ვადა დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებაზე, შენახვის პირობებზე, ვარგისი იქნება თუ არა გენეტიკური კვლევისათვის, რის შედეგადაც ბიოლოგიური მასალა შესაძლებელია, დარჩეს წლები, ან - ერთი დღე. მასზე სხვა ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ შესაძლებელია, დარჩეს, ან არ დარჩეს კვალი.

· ექსპერტმა ი. მ-მ ასევე დაადასტურა ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტის დასკვნის სისწორე და მიუთითა, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე (ობიექტი N1) აღმოჩნდა ერთზე მეტი პირის შერეული პროფილი, მაგრამ გ. ვ-ს გენეტიკური პროფილი არ აღმოჩნდა. ექსპერტმა განმარტა, რომ დნმ-ის ნიმუში შესაძლებელია, ნივთზე მოხვდეს, ან არ მოხვდეს, მიუხედავად ნივთთან კონტაქტისა, რაც დამოკიდებულია კონტაქტის ხასიათზე. ნიმუში შეიძლება მოხვდეს უშუალო, ან რაიმე ბიოლოგიური სითხის კონტაქტის შედეგად. თუ ადამიანს ხელთათმანი ეკეთა, ამ შემთხვევაში არ დარჩება კვალი, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში დნმ-ის კვალის დარჩენის შესაძლებლობა - 50/50-ზეა. პროკურორის კითხვაზე, ნივთზე ხელის მოკიდების შემთხვევაში შესაძლებელია თუ არა, რომ არ აღმოჩნდეს დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, მან განმარტა, რომ აღნიშნული დამოკიდებულია ინდივიდუალურ სიტუაციაზე და მოცემულ საკითხზე კატეგორიულ დასკვნას ვერ გააკეთებს, ეს იქნება მხოლოდ ვარაუდი.

· ექსპერტმა ბ. ნ-მ დაადასტურა დაქტილოსკოპიური ექპერტიზის დასკვნის სისწორე და მიუთითა, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე თითის კვლები არ აღმოჩნდა, თუმცა მან განმარტა, რომ შესაძლებელია, პირმა ხელი მოჰკიდოს ნივთს, მაგრამ კვალი მაინც არ დარჩეს, რაც დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, კერძოდ, იმაზე, თუ რა ძალით მოჰკიდა პირმა ხელი მას, როგორ გამოიყოფოდა ის ნივთიერება, რომელიც თითის კვალს ტოვებს, როგორ შეფუთეს და წარმოადგინეს ნივთმტკიცება კვლევისათვის.

14. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს: მოწმე პოლიციელების - რ. დ-ს, ლ. ჯ-ს, ა. რ-სა და თ. კ-ს თანმიმდევრული, თანხვდენილი ჩვენებები, რომელთა ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია; ბრალდებულის პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელიც შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით; ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა; საქმეზე საპროცესო მოქმედებები ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით და პოლიციელთა მხრიდან გ. ვ-ს მიმართ რაიმე ინტერესი არ იკვეთება; მხოლოდ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, მით უფრო იმ მოცემულობით, როდესაც ექსპერტები განმარტავენ, თუ რა შემთხვევაში და რა ალბათობით არის შესაძლებელი, რომ გამოსაკვლევ ობიექტზე დარჩეს კვალი და რომელი გარემოებები გამორიცხავს კვალის დარჩენის შესაძლებლობას, არ წარმოადგენს უპირობოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.

15. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ მოპოვებული ექსპერტიზების დასკვნების პროცესუალურ მხარეს, პროკურორი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ მოსამართლემ დაარღვია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, როდესაც დაცვის მხარის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის უხეში დარღვევით წარმოდგენილი მტკიცებულებები (ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების დანიშვნის შესახებ განცხადება და მის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულებები - ექსპერტიზების დასკვნები) დასაშვებად ცნო.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს განმარტებული, რომ, თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. იგი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა, მთლიანობაში შეაფასოს სამართალწარმოების სამართლიანობა („ფრუმკინი რუსეთის წინააღმდეგ“ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12,). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა („ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ“ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04,).

17. სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების ერთ-ერთი ფუნდამენტური ასპექტი იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესი, მათ შორის პროცესუალურ ასპექტებთან დაკავშირებული ელემენტები, შეჯიბრებითი უნდა იყოს და ბრალდებისა და დაცვის მხარეების თანასწორობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. შეჯიბრებითი სასამართლო განხილვის უფლება გულისხმობს, რომ სისხლის სამართალწარმოების პროცესში როგორც ბრალდებას, ასევე დაცვას მეორე მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა და მოსაზრებების გაცნობის საშუალება უნდა ჰქონდეს (Rowe and Davis v. the United Kingdom [GC], § 60).

18. მხარეთა თანასწორობის პრინციპი გულისხმობს, რომ ყველას, ვინც სამართალწარმოების მხარეა, სასამართლოსათვის თავისი საქმის წარდგენის გონივრული შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს იმ ვითარებაში, რომელიც მას არ აყენებს არსებითად არახელსაყრელ პირობებში მეორე მხარის საპირისპიროდ. მხარეთა შორის სამართლიანი წონასწორობა უნდა დამყარდეს („დე ჰაესი და გიიზელსი ბელგიის წინააღმდეგ“ (De Haes and Gijsels v. Belgium) 19983/92).

19. საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

20. საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა, მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ.

21. საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ექსპერტიზა ტარდება მხარის ინიციატივით, ხოლო იმავე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებულია, რომ ექსპერტიზის ჩატარების შესახებ გამომძიებლის, პროკურორის დადგენილება და დაცვის მხარის მიმართვა სავალდებულოა საექსპერტო დაწესებულებისათვის, ექსპერტისა და იმ პირისათვის, რომელიც საექსპერტო კვლევის ობიექტია. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მხარეს წარმოადგენს: ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადოკატი, გამომძიებელი და პროკურორი.

22. საქმის მასალების მიხედვით, 2015 წლის 3 და 4 დეკემბერს ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა, საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი წესით, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა, გაცვალეს იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებდნენ.

23. ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ხორავას 2015 წლის 11 დეკემბრის შუამდგომლობა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების - სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტში გ. ვ-ს მიმართ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების დანიშვნის შესახებ რეგისტრაციის ბარათისა (N…..) და მოქალაქე ი. გ-ს მიერ 2015 წლის 1 დეკემბერს ამავე ბიუროს სახელზე შედგენილი გ. ვ-ს მიმართ დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზების დანიშვნის შესახებ 2 განცხადების - დაუშვებლად ცნობის შესახებ იმ მოტივით, რომ, მართალია დაცვის მხარეს ბრალდების მხარესთან მტკიცებულებები გაცვლილი ჰქონდა საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი მოთხოვნის შესაბამისად, მაგრამ დაცვის მხარემ დაარღვია საქართველოს სსსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების დანაწესი, რომლის თანახმად, ექსპერტიზა ტარდება მხარის ინიციატივითა და დაცვის მხარის მიმართვის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში ექსპერტიზები დანიშნული იყო არა დაცვის მხარის, არამედ საპროცესო სტატუსის არმქონე პირის - ი. გ-ს (მსჯავრდებულის დედა) მიერ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ვ-ს ადვოკატმა პ. შ-მ გაითხოვა ექსპერტიზების ჩასატარებლად გამოსაკვლევი ობიექტის გადაცემის შესახებ წარდგენილი შუამდგომლობა, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინება კანონით დადგენილი წესით არ გაასაჩივრა.

24. იმავე სხდომაზე წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ საქმის არსებითი განხილვის სხდომის თარიღად განსაზღვრა - 2016 წლის 6 იანვარი. 2016 წლის 8 იანვარს გ. ვ-ს ადვოკატმა პ. შ-მ განცხადებით მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ გ. ვ-ს მიმართ ბიოლოგიური (გენეტიკური) და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების დანიშვნის შესახებ, ხოლო მოგვიანებით, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, სხვადასხვა დროს, სასამართლოს მიმართა შუამდგომლობებით საქართველოს სსსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ექსპერტიზების დანიშვნის შესახებ მისი განცხადებისა და რეგისტრაციის ბარათის, გამოსაკვლევი ობიექტის ექსპერტიზის ბიუროსათვის გადაცემის, ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების დასაშვებად ცნობისა და ექსპერტების მოწმის სახით დაკითხვის შესახებ. სასამართლომ დაცვის მხარის ყველა მითითებული მოთხოვნა დააკმაყოფილა.

25. საკასაციო პალატა აღნიშნავს: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილი იძლევა შესაძლებლობას, რომ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარემ წარადგინოს დამატებითი მტკიცებულება. მხარის შუამდგომლობით სასამართლო იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს და არკვევს საქმის არსებით განხილვამდე მტკიცებულების წარუდგენლობის მიზეზს, რის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე მტკიცებულების დაშვება/არდაშვების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მხარეს აკისრია ვალდებულება, დაამტკიცოს, თუ რა საპატიო მიზეზით ვერ წარადგინა აღნიშნული მტკიცებულებები მტკიცებულებათა დასაშვებობის სტადიაზე - წინასასამართლო სხდომაზე.

26. განსახილველ შემთხვევაში ერთადერთი მიზეზი, თუ რატომ არ წარადგინეს საქმის არსებითი განხილვის დროს დამატებით წარდგენილი მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე, არის დაცვის მხარის მიერ დაშვებული უხეში საპროცესო შეცდომა მტკიცებულებათა მოპოვების დროს, კერძოდ, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საქმეზე დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზები გ. ვ-ს მიმართ დანიშნა არა დაცვის მხარემ, არამედ - საპროცესო სტატუსის არმქონე პირმა - ი. გ-მ (მსჯავრდებულის დედა). პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონის შესაბამისად არ იყო უფლებამოსილი დასაშვებად ეცნო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, იმის გამო, რომ დაცვა სათანადოდ არ იყო განხორციელებული, მსჯავრდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, მაინც დასაშვებად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დარღვევით წარმოდგენილი მტკიცებულებები და ამასთან, შემდგომში სასამართლომ ისინი არასწორად გააანალიზა და შეაფასა.

27. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. საკასაციო პალატამ, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დაასკვნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული უტყუარი და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება გ. ვ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით შერაცხული ქმედების ჩადენა.

28. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს, ხოლო იმავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად: მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს (გამოკვეთილია დანაშაულის რეციდივი, ქმედება ჩადენილია პირობითი მსჯავრის პერიოდში, შემამსუბუქებელი გარემოებები კი არ გააჩნია), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, განუსაზღვრავს მსჯავრდებულს სამართლიან სასჯელს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განაჩენში:

3. გ. ვ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. გ. ვ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გ. ვ-თვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა - 6 წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქას საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი და დანაშაულთა ერთობლიობით გ. ვ-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქას ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 აპრილის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ვ-ს სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

8. გ. ვ-ს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 26 ოქტომბრიდან 2016 წლის 21 ივნისის ჩათვლით.

9. გ. ვ-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

10. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ. ვ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

11. ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკული საშუალების წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, უნდა განადგურდეს.

12. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი