ას-1041-1233-08 26 იანვარი, 2009 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ დ. ლ-ო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ი-ა-მ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნივთზე მესაკუთრედ ცნობა სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ლ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნოტარიუს ნ. უ-ის მიმართ გ. მ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალდებულების შესახებ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით დ.ლ-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა, ნოტარიუს ნ. უ-ეს დაევალა გ. მ-ის დანაშთ ქონებაზე, კერძოდ, საბანკო ანგარიშსა და მამკვიდრებლის სხვა უფლება-მოვალეობებზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა.
სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ა. ი-ა-მ-მა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, სადაც მიუთითა, რომ გ. მ-ის პირველი რიგის მემკვიდრეა. მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ კანონით დადგენილ ვადაში მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მისაღებად, თუმცა ამ უკანასკნელმა ზეპირად უარი განუცხადა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ მოტივით, რომ მამკვიდრებლის სახელად მის პირადობის მოწმობაში მითითებული იყო გ. მ-ის ძე მ-ი, ხოლო ა. ი-ა-მ-ის დაბადების მოწმობაში მამად აღინიშნა გ. მ-ის ძე მ-ი. განმცხადებელმა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე განცხადება შეიტანა სასამართლოში, თუმცა მას განემარტა, რომ განცხადება რუსეთის ფედერაციის ქ.შახტის სასამართლოს განსჯადია. განმცხადებელი შეეცადა დასახელებული ხარვეზის გამოსწორებას, რისთვისაც გარკვეული დრო იყო საჭირო, თუმცა მოგვიანებით შეიტყო, რომ, მოპასუხე ნოტარიუსის გამოუცხადებლობის მოტივით, სასამართლომ დაადგინა გ.მ-ის მეორე რიგის მემკვიდრე დ. ლ-ს სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა. ამდენად, განმცხადებელი, როგორც დაინტერესებული პირი, მოცემული საქმის განხილვაზე მიწვეული არ ყოფილა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2008 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში მიიღო ა. ი-ა-მ-ის განცხადება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლომ დაადგინა, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება განმცხადებლის წარმომადგენელ ს.დევრიშაძეს ჩაბარდა 2008 წლის 21 ივნისს, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 440-ე მუხლიდან გამომდინარე, ეს უკანასკნელი არ იყო უფლებამოსილი, მონაწილეობა მიეღო სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებაში, რის გამოც გადაწყვეტილება ჩაბარდა გასაჩივრების უფლიბის არმქონე პირს. პალატამ მიუთითა, რომ ა.ი-ა-მ-ის მიერ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების შესახებ მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა, ამდენად, საწინააღმდეგო არგუმენტის არქონის გამო, გაზიარებულ უნდა იქნეს თავად განმცხადებლის განმარტება მისი 2008 წლის 17 ივლისს ჩაბარების თაობაზე. სააპელაციო პალატამ სარწმუნოდ ჩათვალა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულება ინვალიდობის თაობაზე და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტის საფუძველზე იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გაათავისუფლა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ა. ი-ა-მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმის წარმოება განახლდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით დ. ლ-ს უარი ეთქვა გ. მ-ის სამკვიდროს მიკუთვნებაზე, ვინაიდან მოსარჩელე მარწმუნებლის მეორე რიგის მემკვიდრეა, ხოლო გ.მ-ს ჰყავდა პირველი რიგის მემკვიდრეც, შვილი _ ა. ი-ა. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ა. ი-ა-მ-ის მიერ წარმოდგენილ 2004 წლის 31 ივლისის ჩუქების ხელშეკრულებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ განმცხადებელი გ. მ-ის პირველი რიგის მემკვიდრეა. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1337-ე მუხლით და მიიჩნია, რომ განმცხადებელს შესაძლოა წარმოეშვას სადავო სამკვიდროს მიღების უპირატესი უფლება, თუ დადასტურდება, რომ იგი აწ გარდაცვლილი გ. მ-ის პირველი რიგის მემკვიდრეა, ამდენად, არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაზე დ. ლ-მ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიღო ა. ი-ს განცხადება წარმოებაში, ვინაიდან იგი შეტანილ იქნა კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება მხარეს ჩაბარდა 2008 წლის 21 ივნისს, შესაბამისად, მას უფლება ჰქონდა, განცხადება შეეტანა 21 ივლისის ჩათვლით, თუმცა ფაქტობრივად აღნიშნული მხოლოდ 24 ივლისს, 3 დღის გადაცილებით განახორციელა. ამასთან, ა. ი-ს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ხოლო მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველს. ასევე აღსანიშნავია, რომ ა. ი-მ სათანადო დოკუმენტით, დაბადების ან მშობელთა ქორწინების მოწმობით ვერ დაადასტურა, რომ გ. მ-ის პირველი რიგის მემკვიდრეა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანაზე უფლებამოსილ პირს არ წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დ.ლ-ს წარმომადგენლებმა რ. ბ-მ და თ. ჭ-მ წარმოადგინეს ¹ა-215-09 განცხადება, რომელსაც ერთვოდა მასალა ერთ გვერდად, ხოლო ა.ი-ა-მ-ის წარმომადგენელმა ვ.ლ-მ ¹ა-83-09 განცხადება თანდართული მასალებით 4 ფურცლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაშვებობა და მიაჩნია, რომ დ. ლ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს მხარის მიერ საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადების დასაშვებობის საკითხი, რა დროსაც სხვა ფაქტორებთან ერთად, მან უნდა იმსჯელოს, შეტანილ იქნა თუ არა განცხადება უფლებამოსილი პირის მიერ, კანონით დადგენილ ვადაში და გადახდილია თუ არა განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟი. ამავე კოდექსის 426-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლების არსებობა. მითითებული კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე.
ზემოხსენებული კანონის დანაწესები მოწმობს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეიძლება შეიტანოს პირმა, რომელსაც ობიექტურად იურიდიული ინტერესი გააჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დარეგულირებული დავის მიმართ. ამასთან, პირმა განცხადება უნდა შეიტანოს ერთი თვის ვადაში იმ მომენტიდან, როდესაც შეიტყობს განცხადების აღძვრის საფუძველს, კერძოდ, მისი მონაწილეობის გარეშე ისეთი საქმის განხილვის შესახებ, რომლის სამართლებრივი შედეგი ზეგავლენას მოახდენს პირის უფლებებზე.
მოცემულ შემთხვევაში ა. ი-ა-მ-მა განცხადებით მიმართა სასამართლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხე ნოტარიუსს დაევალა გ.მ-ის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა მამკვიდრებლის მეორე რიგის მემკვიდრის სასარგებლოდ, რა დროსაც დაირღვა განმცხადებლის, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრის უფლება, მონაწილეობა მიეღო მოცემული დავის განხილვაში და დაეცვა საკუთარი უფლებები სადავო სამკვიდროს მიმართებაში. ამდენად, ა. ი-ა-მ-ის იურიდიული ინტერესი მოცემული საქმის მიმართ აშკარაა და სააპელაციო სასამართლომ იგი სავსებით მართებულად ჩათვალა განცხადების შეტანის უფლების მქონე პირად.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ა.ი-ა-მ-ის წარმომადგენელ ს.დ-ს ჩაბარდა 2008 წლის 21 ივნისს, ხოლო სადავო განცხადება შეტანილ იქნა 24 ივლისს. აღნიშნულის მიუხედავად, ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ განმცხადებელმა დაარღვია კანონით დადგენილი განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა.
სამართლებრივად დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ ს.დ-ს არ გააჩნდა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობის უფლება, რის გამოც უნდა ჩაითვალოს, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უფლებამოსილ პირს არ ჩაბარებია. თავად განმცხადებლის მითითებით, მას სადავო გადაწყვეტილება ჩაბარდა 2008 წლის 17 ივლისს. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ კანონით გათვალისწინებული განცხადების შეტანის ერთთვიანი ვადა დაცულია.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “მ” ქვეპუნქტის საფუძველზე ლ.ი-ა-მ-ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ განმცხადებელი ინვალიდია. აქვე აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, ზემოხსენებული მტკიცებულება, თუ რატომ არ უნდა იქნეს გაზიარებული.
დ.ლ-ს წარმომადგენლებს რ.ბ-სა და თ.ჭ-ს უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ ¹ა-215-09 განცხადებაზე დართული ერთი გვერდი ქსეროასლი, ხოლო ა.ი-ა-მ-ის წარმომადგენელ ვ.ლ-ს ¹ა-83-09 განცხადებაზე თანდართული მასალებით 4 ფურცლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ლ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
დ.ლ-ს წარმომადგენლებს რ.ბ-სა და თ.ჭ-ს დაუბრუნდეთ მათ მიერ ¹ა-215-09 განცხადებაზე დართული ერთი გვერდი ქსეროასლი, ხოლო ა.ი-ა-მ-ის წარმომადგენელ ვ.ლ-ს ¹ა-83-09 განცხადებაზე თანდართული მასალებით 4 ფურცლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.