საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-104-384-08 D 23 აპრილი, 2008წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
როზა ნადირიანი (მომხსენებელი), თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. მ-შვილი და მისი წარმომადგენელი შ. შ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – ცეკავშირის “საქკოოპდამზადებამომსახურების დეპარტამენტი” ცეკავშირის გამგეობა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ზ. მ-შვილის სარჩელი შპს ცეკავშირის “საქკოოპდამზადებამომსახურების დეპარტამენტის,” ცეკავშირის გამგეობის მიმართ ხელფასისა და სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე დავალიანების ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. მ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა შ. შ-შვილმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ზ. მ-შვილს დაევალა, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინების ასლი ზ. მ-შვილს მის მიერ მითითებულ მისამართზე გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით. გზავნილი სასამართლოს დაუბრუნდა შეტყობინებით, რომ მითითებულ მისამართზე ადრესატი არ ცხოვრობდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, რომელზეც კერძო საჩივარი შეიტანეს ზ. მ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა შ. შ-შვილმა განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით. კერძო საჩივრების ავტორთა განმარტებით, აპელანტ ზ. მ-შვილს მითითებული ჰქონდა მისი რწმუნებულის _ შ. შ-შვილის ბინის მისამართი, ამასთან, შ. შ-შვილმა სააპელაციო საჩივარი ზურაბ მჭდლიშვილზე ადრე შეიტანა (რომელზეც პალატას არანაირი რეაგირება არ მოუხდენია და არც რაიმე შეტყობინება გაუგზავნია), სადაც მიუთითა მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები, შესაბამისად, სასამართლოსათვის ცნობილი იყო ზ. მ-შვილის წარმომადგენლის საკონტაქტო ტელეფონები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორების აზრით, დაირღვა მათი კანონიერი უფლებები, რის გამოც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვისათვის სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივრები საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრების საფუძვლები და თვლის, რომ ზ. მ-შვილისა და მის წარმომადგენელ შ. შ-შვილის კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.
აღნიშნული ნორმის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება სასამართლოში ხორციელდება იმ საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, რომელიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების თუ გადაწყვეტილებათა აღსრულების დროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ დროს მოქმედი 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. მ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა შ. შ-შვილმა. ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ზ. მ-შვილს დაევალა, სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების ასლი გაეგზავნა მხოლოდ ზ. მ-შვილს მის მიერ მითითებულ მისამართზე. გზავნილი სასამართლოს დაუბრუნდა შეტყობინებით, რომ მითითებულ მისამართზე ადრესატი არ ცხოვრობდა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, გზავნილი ჩაბარებულად მიიჩნია და, დადგენილ ვადაში აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო, 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება სააპელაციო სასამართლოს ზ. მ-შვილის წარმომადგენელ შ. შ-შვილისათვის არ გაუგზავნია და არც მის შესახებ უცნობებია, მით უმეტეს, რომ შ. შ-შვილის სააპელაციო საჩივარში აღნიშნული იყო მისამართი და საკონტაქტო ტელეფონები, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ დროს მოქმედი 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხარვეზის შევსების შესახებ განჩინების ასლი გაეგზავნა, როგორც მხარისათვის, ასევე მისი წარმომადგენლისათვის, ვინაიდან იმ დროისათვის, მითითებული მუხლი პირდაპირ ავალდებულებდა სასამართლოს მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის ეცნობებინათ ცალკეული საპროცესო მოქმედებების შესრულების თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მითითებული საპროცესო დარღვევები გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ. მ-შვილისა და მის წარმომადგენელ შ. შ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 11 დეკემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.