Facebook Twitter

ას-1050-1318-09 7 დეკემბერი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ ბ. თ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ გადაწყვეტილების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 26 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ბ. თ-ძემ მოპასუხე ქ. ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა აღნიშნული სკოლის დირექტორის 2007 წლის 12 ოქტომბრის ¹41 ბრძანების ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. გარდა ამისა, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის მიერ მის მიმართ გავრცელებული სახელისა და ღირსების შემლახველი ცნობების იმავე წესით უარყოფა, რა წესითაც მოხდა მათი გავრცელება (ტომი I, ს.ფ. 1-6).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. თ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ქ. ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლას დაევალა მოსარჩელის არაადეკვატურობისა და გაუწონასწორებლობის თაობაზე სახელისა და ღირსების შემლახავი ცნობის იმავე საშუალებებით უარყოფა, რა წესითაც მოახდინა ამ ცნობის გამოქვეყნება; ქ. ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის დირექტორის 2007 წლის 12 ოქტომბრის ¹141 ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 108-110).

მითითებული გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. თ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (ტომი I, ს.ფ. 113-116).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 7 მაისის განჩინებით ბ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტომი I, ს.ფ. 171-173).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ბ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ბ. თ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის დირექტორის 2007 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება, ბ. თ-ძე აღდგენილ იქნა ქ. ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და მიეცა შრომის ანაზღაურება თვეში 260 ლარის ოდენობით, იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის (ტომი I, ს.ფ. 210-220).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლამ (წარმომადგენელი ვახტანგ ლორია), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 227-231).

საბოლოოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ქ. ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად (ტომი I, ს.ფ. 274-279).

2009 წლის 4 სექტემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ბ. თ-ძემ, რომელმაც მოითხოვა ამავე სასამართლოს 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება.

განცხადების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შეიცავს მითითებას ქ. ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის დირექტორის მოადგილედ ბ. თ-ძის აღდგენის თაობაზე, მითითებულ გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი და იგი 2009 წლის 26 მარტს ჩაჰბარდა აჭარის სააღსრულებო ბიუროს, გადაწყვეტილება დასახელებულ ნაწილში ამ დრომდე აღუსრულებელია. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ბათუმის მერის 2008 წლის 31 დეკემბრის ¹1126 ბრძანებით დამტკიცებულ ხელოვნების სკოლის 2009 წლის საშტატო განრიგში დირექტორის მოადგილის საშტატო ერთეული აღარ არსებობს.

განმცხადებელმა მოითხოვა სასამართლოს განემარტა მისთვის, თუ რას გულისხმობდა სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებული შემდეგი პუნქტი: ბ. თ-ძე აღდგენილ იქნას ქ. ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, კერძოდ, გულისხმობდა თუ არა აღნიშნული იმას, რომ: ა. ბათუმის მერიას უნდა დაეშვა დირექტორის მოადგილის საშტატო ერთეული და შემდეგ ბ. თ-ძე დანიშნულიყო დირექტორის მიერ; ბ. უნდა აღდგენილიყო თუ არა ეს უკანასკნელი სკოლაში რომელიმე სხვა არსებულ საშტატო ერთეულზე, ამ ერთეულისათვის განსაზღვრული სახელფასო განაკვეთით, რაზეც იგი თანახმა იყო (ტომი III, ს.ფ. 2-3).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის განჩინებით ბ. თ-ძის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე, რომლითაც ბ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება ბ. თ-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ბ. თ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის დირექტორის 2007 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება, ბ. თ-ძე აღდგენილ იქნა ქ. ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე და მიეცა შრომის ანაზღაურება თვეში 260 ლარის ოდენობით, იძულებითი მოცდენის მთელი პერიოდისათვის.

საქმეზე დგინდებოდა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა, ან სასამართლო აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში განსამარტი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ იყო ბუნდოვანი, სარეზოლუციო ნაწილის მსჯელობა გამომდინარეობდა დავის განხილვის დროისათვის, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან. აქედან გამომდინარე, განმცხადებლის მოთხოვნა არ გამომდინარეობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. თ-ძის განცხადება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას (ტომი III, ს.ფ. 21-25).

სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება ბ. თ-ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განმარტების შესახებ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.

კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ბათუმის მერის 2008 წლის 9 ივნისის ¹536 ბრძანებით დამტკიცებულ ხელოვნების სკოლის წესდებასა და საშტატო განრიგში არ არსებობს სკოლის დირექტორის მოადგილის საშტატო ერთეული, რომელზეც იგი გათავისუფლებამდე მუშაობდა. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიერ დავის განხილვის დროისათვის _ 2008 წლის 16 ივლისის მდგომარეობით, უკვე არ არსებობდა დირექტორის მოადგილის საშტატო ერთეული. აღნიშნულის შესახებ სასამართლო პროცესის მსვლელობისას განაცხადა ქ. ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის დირექტორმა. გარდა ამისა, მოცემული ფაქტობრივი გარემოება დასტურდება კერძო საჩივარზე თანდართული, “არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის _ მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 9 ივნისის ¹536 ბრძანებით, საიდანაც ირკვევა, რომ საქმის განხილვის დროს უკვე არ არსებობდა ის თანამდებობა, რომელზეც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ბ. თ-ძე აღადგინა.

კერძო საჩივრის ავტორისათვის გაუგებარია, თუკი სასამართლომ 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების გამოტანისას სრულყოფილად არ გამოარკვია, არსებობდა თუ არა რეალურად სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობა, რატომ უნდა დაზარალდეს მოსარჩელე მხარე დასახელებული გადაწყვეტილების აღუსრულებლობით.

გარდა ამისა, კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ განმარტების შესახებ მისი განცხადების მხარეთა დაუსწრებლად განხილვას, რითაც მას საშუალება არ მიეცა, აეხსნა სასამართლოსათვის განცხადების მოტივები და წარედგინა მის ხელთ არსებული მტკიცებულებები (ტომი III, ს.ფ. 30-32).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. თ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების აუცილებლობის საჭიროება დგება და შესაბამისად, გადაწყვეტილების განმარტების შესახებ სასამართლოს საპროცესო ვალდებულება წარმოიშობა სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსობრივი ბუნდოვანების, უზუსტობის, ურთიერთსაწინააღმდეგობის, ურთიერთგამომრიცხაობის, მისი ნამდვილი აზრის გაურკვევლობის შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი ბ. თ-ძე ითხოვს სასამართლომ განმარტოს, თუ რას გულისხმობს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებული შემდეგი პუნქტი: ბ. თ-ძე აღდგენილ იქნეს ქ. ბათუმის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ხელოვნების სკოლის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე, კერძოდ, გულისხმობს თუ არა აღნიშნული იმას, რომ: ა. ბათუმის მერიამ უნდა დაუშვას დირექტორის მოადგილის საშტატო ერთეული და შემდეგ ბ. თ-ძე დაინიშნოს დირექტორის მიერ; ბ. უნდა აღდგეს თუ არა ბ. თ-ძე სკოლაში რომელიმე სხვა არსებულ საშტატო ერთეულზე, ამ ერთეულისათვის განსაზღვრული სახელფასო განაკვეთით.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოცემულ შემთხვევაში განმარტების საპროცესო საფუძვლების არარსებობის შესახებ და აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 ივლისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი არ შეიცავს ბუნდოვან, ურთიერთგამომრიცხავ ან შეუსაბამო დებულებებს. გარდა ამისა, განცხადების შინაარსის მიხედვით, განმცხადებელი, ფაქტობრივად, ითხოვს სამართლებრივ დახმარებას არსებულ ვითარებაში განჩინების სამართლებრივი შედეგების თაობაზე. აღნიშნული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, არ შეიძლება იყოს განმარტების საგანი.

სააპელაციო სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის განხილვისას თავის დროზე იმსჯელა თუ არა იმ თანამდებობის რეალურად არსებობაზე, რომელზე აღდგენასაც მოსარჩელე ითხოვდა, ასევე არ არის კავშირში გადაწყვეტილების განმარტების საკითხთან მოცემულ შემთხვევაში. აღნიშნული წარმოადგენდა საქმის არსებითი განხილვის საკითხს და არ ასაბუთებს განმარტების საფუძვლების არსებობას. ამასთან, სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედებს დისპოზიციურობის პრინციპი, რაც ნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობის მონაწილეების _ მხარეების თავისუფალ განკარგულებაშია, მიუთითონ ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლებიც, მათი აზრით, აუცილებელია საქმის სწორად გადასაწყვეტად. საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქმეზე ასეთ მსჯელობას ვერც ექნებოდა ადგილი, რამდენადაც სასამართლო შებოჭილია მხარეთა მოთხოვნების ფარგლებით, ხოლო ამ შემთხვევაში მხარეები _ არც თავად ბ. თ-ძე და არც ხელოვნების სკოლა არ მოითხოვდნენ, საქმეზე გამორკვეულიყო იმ თანამდებობის არსებობის საკითხი, რომელზე აღდგენასაც ითხოვდა ბ. თ-ძე და საქმე გადაწყვეტილიყო აღნიშნულის გათვალისწინებით.

რაც შეეხება ბ. თ-ძისათვის განმარტების შესახებ განცხადების განხილვის დროის ინფორმირებას და განცხადების განხილვის საპროცესო ფორმას, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო მიუთითებს ს.ფ. 20-ზე (ტომი III) არსებულ გზავნილზე, რომლითაც განმცხადებელს ეცნობა განცხადების ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ. დასახელებული შეტყობინება გაგზავნილია ბ. თ-ძის მიერ განცხადებაში დასახელებულ მისამართზე (ტომი III, ს.ფ. 2-3). გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. თ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 სექტემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.