Facebook Twitter

ას-1051-1235-08 2 თებერვალი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ ინდმეწარმე «ბ. მ-ძე»

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ რ. შრადე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ საავტორო უფლების დარღვევით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 7 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. შრადემ (წარმომადგენლები: ა. ბ-ძე და ი. ყ-შვილი) მოპასუხე ინდმეწარმე «ბ. მ-ძის» მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ქონებრივი ზიანის 10 200 ევროს (მათ შორის: საავტორო ჰონორარი 5 200 ევრო და ადვოკატისათვის გადასახდელი საზღაური 5 200 ევრო) და არაქონებრივი ზიანის 10 000 ევროს, მთლიანობაში 20 200 ევროს ეკვივალენტი ლარის ანაზღაურება (ტომი 1, ს.ფ. 1-6).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით რ. შრადეს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ინდმეწარმე «ბ. მ-ძეს» საავტორო უფლების დარღვევით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად რ. შრადეს სასარგებლოდ დაეკისრა 1200 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა, მორალური ზიანისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 183-187).

საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება რ. შრადემ სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში, ხოლო ბ. მ-ძემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაასაჩივრეს სააპელაციო წესით (ტომი 1, ს.ფ. 190-194; 200-201).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 8 ივნისის განჩინებით ბ. მ-ძის სააპელაციო საჩივარი სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო განუხილველი დარჩა, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 5 მაისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული (ტომი 1, ს.ფ. 204-206; 321-324).

რ. შრადეს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2007 წლის 21 დეკემბერს მიიღო განჩინება, რომლითაც გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება რ. შრადეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი 1, ს.ფ. 256-266).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით რ. შრადეს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ინდმეწარმე ბ. მ-ძეს რ. შრადეს სასარგებლოდ გადახდა 12 სურათის გამოყენებით მიყენებული ქონებრივი ზიანის სახით 300 ევროს ეკვივალენტური თანხა ლარებში თითოეული სურათის გამოყენებისათვის, რამაც ჯამში შეადგინა 3 600 ლარის ეკვივალენტური თანხა ლარებში; მასვე რ. შრადეს სასარგებლოდ გადახდა 100 ევროს ეკვივალენტური თანხა ლარებში არაქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად (ტომი 1, ს.ფ. 389-392).

საქალაქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდმეწარმე ბ. მ-ძემ (წარმომადგენელი გიორგი ყ-შვილი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი 1, ს.ფ. 395-403).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით ინდმეწარმე ბ. მ-ძის (წარმომადგენელი გ. ყ-შვილი) სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით _ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

კანონის ზემოთ დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბ. მ-ძისათვის (ბ. მ-ძის შვილი) სასამართლო გზავნილის (გადაწყვეტილება, საქმის ¹2/12768-06) ჩაბარება წარმოადგენდა აღნიშნული გზავნილის ბ. მ-ძისათვის (ადრესატისათვის) ჩაბარებას.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, 2008 წლის 15 სექტემბრის ჩაბარებიდან აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა ამოეწურა 2008 წლის 29 სექტემბერს, სააპელაციო საჩივარი კი მან წარადგინა 2008 წლის 30 სექტემბერს, ანუ ერთი დღის დაგვიანებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველი. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ინდმეწარმე ბ. მ-ძის (წარმომადგენელი გ. ყ-შვილი) სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი 2, ს.ფ. 3-7).

მითითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ინდმეწარმე ბ. მ-ძემ, რომელმაც მისი გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად სააპელაციო სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებას იგი რეალურად მხოლოდ 2008 წლის 30 სექტემბერს გაეცნო, რის შემდგომაც სააპელაციო საჩივრის შედგენისა და სასამართლოში წარდგენის მიზნით დაუყოვნებლივ მიმართა ადვოკატს. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება აპელანტის მხრიდან ვადის გაშვებად არ უნდა ჩაითვალოს, მით უფრო იმ ვითარებაში, როდესაც მოცემული დავის სწორად გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია (ტომი 2, ს.ფ. 15-22).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ინდმეწარმე «ბ. მ-ძის» კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება მოპასუხე ინდმეწარმე «ბ. მ-ძეს» გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე: თბილისი, ... ქ. ¹25, პირველი კორპუსი, ბინა ¹46. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ მითითებული გადაწყვეტილება 2008 წლის 15 სექტემბერს ჩაჰბარდა ბ. მ-ძის ოჯახის წევრს (ტომი 1, ს.ფ. 393).

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო სწორად მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი, გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება ან დაკავებული თანამდებობა, უწყების მიმღები ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. კანონის მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, აპელანტ ბ. მ-ძის ოჯახის წევრისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება უნდა ჩაითვალოს ბ. მ-ძის მიერ ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შესატანად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2008 წლის 16 სექტემბერს და დასრულდა 2008 წლის 29 სექტემბერს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2008 წლის 30 სექტემბერს, ანუ ერთი დღის დაგვიანებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი ასევე მიუთითებს, რომ თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ვერ განაპირობებს კერძო საჩივრის ავტორის მითითება სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზების არსებობის თაობაზე, რამდენადაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიული ხასიათის ნორმას წარმოადგენს, რომელიც სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას არ ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ინდმეწარმე «ბ. მ-ძის» სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ინდმეწარმე «ბ. მ-ძეს» დაევალა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. მითითებულ საპროცესო ვადაში დადგენილი ხარვეზი შეავსო, როგორც უშუალოდ კერძო საჩივრის ავტორმა, ისე მისმა წარმომადგენელმა გ. ყ-შვილმა. შესაბამისად, ინდმეწარმე «ბ. მ-ძის» კერძო საჩივარზე კ. ყ-შვილის მიერ ზედმეტად გადახდილი 50 ლარი ექვემდებარება დაბრუნებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ინდმეწარმე «ბ. მ-ძის» კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 15 ოქტომბრის განჩინება;

ინდმეწარმე «ბ. მ-ძეს» დაუბრუნდეს კ. ყ-შვილის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით ანგარიშიდან: ხაზინის ერთიანი ანგარიშის ნომერი _ 200122900, მიმღები ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა 220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.