Facebook Twitter

ას-1052-1320-09 7 დეკემბერი, 2009 წელი

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ა. შ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ზ-ძე, ლ. ჯ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ზ-ძემ და ლ. ჯ-ძემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის, ა. და ი. შ-ძეების მიმართ მოპასუხეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ი.შ-ძის სახელზე საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის გაუქმებისა და ლ.ჯ-ძის ¹6564 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე რეგისტრაციის განხორციელების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელეები ამუშავებდნენ ხელვაჩაურის რაიონში მდებარე 1010 და 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთებს, თუმცა მოგვიანებით მათთვის ცნობილი გახდა, რომ მათ სარგებლობაში არსებული მიწა საკუთრების უფლებით ირიცხებოდა ი.შ-ძის სახელზე. მხარეებს მითითებულ უძრავ ნივთთან დაკავშირებით წარმოეშვათ დავა, რის შედეგად ი. შ-ძემ თვალთმაქცური ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა თავის ძმასთან _ ა. შ-ძესთან.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ი. და ა. შ-ძეებს შორის 2008 წლის 25 მარტს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულების შესახებ კი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში _ მ.ზ-ძემ და ლ.ჯ-ძემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ა. და ი. შ-ძეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახინჯაურში მდებარე 2500 კვ.მ მიწის ფართის, სარეგისტრაციო ნომრით 220101410, ი. შ-ძის სახელზე რეგისტრაციის თაობაზე. ამავე სასამართლოს 2009 წლის 31 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოეყო საქმე ი. და ა. შ-ძეებს შორის 2008 წლის 25 მარტს დადებული სადავო მიწის ნასყიდობის ხელშეკრულებისა და შემძენის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში და განსჯადობით განსახილველად გადაეცა სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინებით მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის წარმომადგენლების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, შეჩერდა სამოქალაქო საქმის წარმოება მ.ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის სარჩელის გამო ა. და ი. შ-ძეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და შემძენის სადავო მიწის მესაკუთრედ რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში იმავე მხარეებსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურს შორის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილულ დავაზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონის სოფელ მახინჯაურში მდებარე 2500 კვ.მ მიწის ფართის ი. შ-ძის სახელზე რესგიტრაციის თაობაზე, ხოლო 2009 წლის 31 ივლისის განჩინებით საქმიდან ცალკე წარმოებად გამოეყო ი. და ა. შ-ძეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და შემძენის სადავო მიწის მესაკუთრედ რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში მოთხოვნა, რომელიც გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით, 281-ე მუხლის “გ” პუნქტით და მიიჩნია, რომ მოცემული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა შეუძლებელია მანამ, სანამ ადმინისტრაციული წესით მიმდინარე დავაზე მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შევა და არ დადგინდება, იყო თუ არა უფლებამოსილი ი. შ-ძე, გაესხვისებინა სადავო მიწის ნაკვეთი, შესაბამისად, კანონიერია თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწვეტილება სადავო მიწის ი. შ-ძის სახელზე აღრიცხვის შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. შ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად დააკმაყოფილა მ. ზ-ძისა და ლ. ჯ-ძის წარმომადგენლების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან მოსარჩელეთა წარმომადგენლებს ფაქტობრივად საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ უშუამდგომლიათ და აღნიშნული სასამართლომ საკუთარი ინიციატივით განახორციელა. დაუსაბუთებელია პალატის მსჯელობა, რომ მოცემული სამოქალაქო საქმის განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით მიმდინარე საქმის განმხილვამდე შეუძლებელია. ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ წინასწარ გამოხატა თავისი აზრი იმის შესახებ, რომ სადავო მიწის ი. შ-ძის სახელზე აღრიცხვის თაობაზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწვეტილების უკანონოდ ცნობა გამოიწვევს ი. და ა. შ-ძეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობასაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. შ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სასამართლო შეაჩერებს საქმის წარმოებას, თუ გამოარკვევს, რომ მისი განხილვა სხვა საქმის წარმოების დასრულებამდე ობიექტურად შეუძლებელია. ამასთან, საქმის წარმოების შეჩერება დასახელებული გარემოებების არსებობისას სასამართლოს მოვალეობაა და მხარეთა მიერ შუამდგომლობის აღძვრაზე დამოკიდებული არ არის.

ამდენად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის წარმოება საკუთარი ინიციატივით შეაჩერა და აღნიშნულის შესახებ მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოს წინაშე არ უშუამდგომლია.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, კერძოდ: მოცემული დავის საგანია ა. და ი. შ-ძეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და შემძენის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა. ამავდროულად დადგენილია, რომ ადმინისტრაციული წესით იხილება სადავო უძრავი ნივთის ი. შ-ძის სახელზე რესგიტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების კანონიერება. ცხადია, რომ სადავო უძრავ ნივთზე ი. შ-ძის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილების კანონიერება გავლენას მოახდენს ამავე უძრავ ნივთზე ი. და ა. შ-ძეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ა. შ-ძის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მართლზომიერებაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად იხელმძღვანელა და განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი, როდესაც სამოქალაქო საქმის განხილვა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მიმდინარე დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შეაჩერა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. შ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.