¹ბს-1028-613(კ-05) 2 ოქტომბერი, 2006წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ ს. ბ.-ი.
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ.-ი, წარმომადგენელი მ. ლ.-ე;
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური.
მესამე პირი _ გორის რაიონის გამგეობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მაისის განჩინება.
დავის საგანი _ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება, რეალური წილის გამოყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2004 წლის 2 ივნისს გორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. მ.-მა მოპასუხე ს. ბ.-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხესთან საერთო საკუთრებაში არსებული ქონების 2/3 რეალური წილის თავის და შვილის სახელზე თანასაკუთრების უფლებით გამოყოფა შემდეგი საფუძვლებით: 1987 წლიდან 2000 წლამდე იგი მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი _ ე. ბ.-ი, დაბადებული 1988 წლის 7 ოქტომბერს. 1992 წელს მოხდა მათი კომლის გაყრა. გაყრის განაჩენის შესაბამისად, რომელიც მხარეთა მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა და დღეისათვის კანონიერ ძალაშია, მათ ოჯახს წილად ხვდა სახლი და 0.6 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე გორის რაიონის სოფელ კარალეთში. მიუხედავად იმისა, რომ სახლი არსებითად წარმოადგენდა უკანონო ნაგებობას, საკრებულოს საკომლო წიგნში აღირიცხა მისი მეუღლის _ ს. ბ.-ის სახელზე. 2004 წლის 19 მაისს გორის გამგეობის მიერ აღნიშნული უკანონო შენობა-ნაგებობა, როგორც მათი კომლის ქონება, დაკანონებულ იქნა და თანასაკუთრების უფლებით აღირიცხა თანაბარ წილად ს. ბ.-ის, მ. მ.-ის და ე. ბ.-ის სახელზე და შესაბამისად რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში. განქორწინების შემდეგ მეუღლეთა ერთად ცხოვრების შეუძლებლობის გამო იძულებული გახდა შვილთან ერთად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით მასთან დარჩა, გასულიყო საცხოვრებლად ქირით. ამრიგად, დღეისათვის სადავო ქონება _ სახლიც და ნაკვეთიც იმყოფებოდა მოპასუხის, მისი და მათი შვილის თანასაკუთრებაში 1/3-ის ოდენობით თანაბარი იდეალური წილებით და სურდა საცხოვრებლად გამოყოფოდა მისი და მისი შვილის კუთვნილი როგორც სახლის, ისე მიწის ნაკვეთის რეალური წილი. (ს.ფ. 1)
2004 წლის 24 ივნისს გორის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ს. ბ.-მა მოპასუხე გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების მოთხოვნით. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვდა შემდეგი საფუძვლით: 2004 წლის 21 მაისს მოპასუხემ საჯარო რეესტრში გაატარა მისი უძრავი ქონება _ გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარე საცხოვრებელი სახლი და სარეგისტრაციო დოკუმენტებში მესაკუთრედ შეიტანა მისი ყოფილი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. მოპასუხის აღნიშნული ქმედება არ იყო სწორი, რამდენადაც მ. მ.-ის სარჩელი აღნიშნული სახლის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით, რომელიც თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 11 ივნისის განჩინებით უცვლელად დარჩა და შესულია კანონიერ ძალაში, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. (ს.ფ. 27-28, საქმე ¹3/199 ს.ფ.1)
გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 9 ივლისის საოქმო განჩინებით მ. მ.-ის სარჩელით აღძრული საქმე (საქმე ¹2/482) და ს. ბ.-ის სარჩელით აღძრული საქმე (საქმე ¹3/199) გაერთიანდა ერთ წარმოებად. საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა, თუ როგორ შეიძლებოდა საცხოვრებელი ბინიდან 2/3 წილის გამოყოფა. საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა გორის რაიონის გამგეობა. (ს.ფ. 26-28)
გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ.-ის სარჩელი ს. ბ.-ის მიმართ კომლის საერთო საკუთრებიდან წილის გამოყოფის შესახებ დაკმაყოფილდა, გორის რაიონის სოფელ კარალეთში ს. ბ.-ის სახელზე აღრიცხული ბინიდან მოსარჩელეს თავის არასრულწლოვან შვილთან ერთად გამოეყო 2/3 ნაწილი 67,8 კვ.მ ფართის ოდენობით. აღნიშნული ფართობის იზოლირების მიზნით საქმეზე თანდართული ნახაზის გათვალისწინებით ¹4 და ¹5 ოთახები გამოიყო ცალკე, ხოლო ¹1, ¹2 და ¹3 ოთახები _ ცალკე. მოსარჩელეს დაევალა ¹3 და ¹4 და 3-5 ოთახებს შორის გამავალი კარების ამოშენება და ¹4 ოთახის ფანჯარის შესასვლელ კარად გადაკეთება, ხოლო ¹4 და ¹5 ოთახებს შორის კარის ღიობის გახსნა; ¹2 სათავსო გადაეცა მოსარჩელეს. გადაკეთების ხარჯები დაეკისრა მოპასუხეს; შესასვლელი გზა განისაზღვრა ნახაზისა და გამოყოფილი ფართის მიხედვით; ამავე გადაწყვეტილებით სა. ბ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. მ.-ი და ს. ბ.-ი 2000 წლამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. შეუღლების დღიდან ცხოვრება დაიწყეს მოპასუხის მამის, ლ. ბ.-ის, კუთვნილ კომლში, რომელიც 1994 წლიდან გაიყარა და ს. ბ.-ი მეუღლესთან და შვილთან ერთად გავიდა ცალკე კომლად. მათ ერგოთ 0.09 ჰა მიწის ნაკვეთი ე.წ. “...-ში,” რომელშიც აშენებულია ერთსართულიანი ბინა წინ მდებარე სათავსოებით. გაყრილობის განაჩენი დამტკიცებულ იქნა კარალეთის თემის საკრებულოში სათანადო წესით და გატარდა რეგისტრაციაში. 2000 წელს მხარეები განქორწინდნენ და სასამართლო წესით აწარმოეს ქონებრივი დავა, მაგრამ ვინაიდან გაყრილობის განაჩენით გამოყოფილი სახლი წარმოადგენდა უკანონო შენობა-ნაგებობას, გორის რაიონულმა სასამართლომ მ. მ.-ის მოთხოვნა წილის გამოყოფის შესახებ მიიჩნია უსაფუძვლოდ. 2004 წლის 21 მაისს გორის რაიონის გამგეობისა და მიწის მართვის სამმართველოს მიერ მ. მ.-ის განცხადების საფუძველზე საჯარო რეესტრში გატარდა ს. ბ.-ის აღურიცხავი ქონება, მათ შორის, სადავო სახლი, რომლის 2/3 წილის თანამესაკუთრედ დარეგისტრირდა მოსარჩელე თავის შვილთან ერთად. აღნიშნული საფუძვლით კი მოსარჩელემ ს. ბ.-ის სახელზე აღრიცხული სადავო სახლიდან 2/3 რეალური წილის გამოყოფა მოითხოვა.
რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, რამდენადაც 1992 წლის 4 თებერვლის გაყრილობის განაჩენით ს. ბ.-ი მეუღლესთან და შვილთან ერთად გავიდა ცალკე კომლად, კომლს საკუთრებაში გადაეცა მიწის ნაკვეთი და სადავო სახლი და მხარეები 1987 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის საფუძველზე სადავო სახლი და მიწის ნაკვეთი უნდა მიჩნეულიყო მეუღლეთა თანასაკუთრებად, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული განაჩენით ორივე მეუღლემ ერთად შეიძინა საკუთრების უფლება. 2004 წლის 21 მაისის საჯარო რეეტრის ჩანაწერით განხორციელდა საკუთრების უფლების რეალიზაცია. გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება და საოლქო სასამართლოს 2002 წლის 11 ივნისის განჩინება ემყარებოდა სხვა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, კერძოდ, იმ დროისათვის არ იყო გარკვეული სადავო სახლის სამართლებრივი სტატუსი და მხარეთა ნამდვილი უფლებები მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერი გაყრილობის განაჩენის გათვალისწინებით განხორციელდა და არ არსებობდა მისი გაუქმებისა და ს. ბ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. (ს.ფ. 45-47)
გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ბ.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტის მითითებით, გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ.-ის სარჩელი სადავო სახლიდან საკუთრების უფლებით წილის გამოყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა და მიჩნეული იქნა, რომ სადავო სახლი არ წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 11 ივნისის განჩინებით. ამ განჩინებაში აღნიშნულია, რომ მ. მ.-მა ვერ წარმოადგინა მტკიცებულება იმისა, რომ საცხოვრებელი სახლი, რომლიდანაც მ. მ.-ი საკუთრების უფლებით წილის გამოყოფას მოითხოვს, წარმოადგენს მისი და ყოფილი მეუღლის _ ს. ბ.-ის თანასაკუთრებას.
აპელანტის აზრით, გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ საკანონმდებლო ფუნქცია იკისრა, როდესაც, მიუხედავად კანონიერ ძალაში მყოფი გადაწყვეტილებისა და განჩინებისა, საჯარო რეესტრში ს. ბ.-ის ქონების თანამესაკუთრეებად მ. მ.-ი და მისი მცირეწლოვანი შვილი, ე. ბ.-ი შეიყვანა. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი, რომელიც დაეყრდნო გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ჩანაწერებს და დააკმაყოფილა მ. მ.-ის სარჩელი, უგულებელყო გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება და საოლქო სასამართლოს 2002 წლის 11 ივნისის განჩინება. (ს.ფ. 49)
საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას გორის საჯარო რეესტრის სამსახურის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და აღნიშნა, რომ მათი სამსახურის მიერ საკრებულოს მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე მ. მ.-ის სახელზე სადავო ობიექტი სრულიად კანონიერად აღირიცხა.
მ. მ.-ის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარს მხარი ასევე არ დაუჭირა და აღნიშნა, რომ, მართალია, მეუღლეები განქორწინებული იყვნენ, მაგრამ მათ შორის ქონების გაყოფაზე საკითხი არ დამდგარა, ვინაიდან შენობა-ნაგებობა დაკანონებული არ იყო და საკუთრების უფლება მასზე არ არსებობდა. მ. მ.-ს, მოიპოვა რა შესაბამისი ცნობები, თანამფლობელობაში მყოფი ქონება თანასაკუთრებად დაუკანონდა და წილი კანონიერად გამოეყო, საჯარო რეესტრის სამსახურმა შესაბამისი ცნობების საფუძველზე მ. მ.-ის საკუთრებაში სადავო ობიექტი კანონიერად დაარეგისტრირა.
აპელანტი და მისი წარმომადგენელი, ასევე, მესამე პირი _ გორის რაიონის გამგეობა, სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ. (ს.ფ. 90-94)
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტი ს. ბ.-ი და მოწინააღმდეგე მხარე მ. მ.-ი 1987 წლიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ შორის ქორწინება 2003 წლის 12 მარტს შეწყდა. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი _ ე. ბ.-ი. კარალეთის თემის საკრებულოს 1992 წლის 4 თებერვლის გაყრილობის განაჩენით ცალ-ცალკე კომლად იქნა გამოყოფილი აპელანტი ს. ბ.-ი მეუღლესთან და შვილთან ერთად. საჯარო რეესტრის 2004 წლის 21 მაისის ¹1813 ამონაწერით გორის რაიონის სოფელ კარალეთში მდებარე 129 კვ.მ საცხოვრებელი ფართის თანამესაკუთრეებს წარმოადგენენ ს. ბ.-ი, მ. მ.-ი და ე. ბ.-ი.
აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლის თანახმად სახლი და მიწის ნაკვეთი უნდა მიჩნეულიყო მეუღლეთა თანასაკუთრებად, რადგან მათზე “გაყრილობის განაჩენით,” რომელიც სადავოდ არ გამხდარა და ძალაში იყო, ორივე მეუღლემ შეიძინა საკუთრების უფლება, რაც გახდა ამ ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის საფუძველი.
აპელანტის არგუმენტი, რომ საჯარო რეესტრს მისი ქონების თანასაკუთრების უფლებით აღრიცხვის უფლებამოსილება არ გააჩნდა, რადგან გორის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 30 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მ. მ.-ს უარი ეთქვა თანამესაკუთრედ ცნობასა და წილის გამოყოფაზე, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სულ სხვა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს ეფუძნებოდა და სადავო სახლის სამართლებრივი სტატუსი იმ დროისათვის გარკვეული და დადგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “მიწის რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონის 17.2 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის სამსახური უფლებამოსილი იყო იმ სამართლებრივი საფუძვლის არსებობის პირობებში, რასაც გაყრილობის განაჩენი და მის საფუძველზე საკრებულოს მიერ გაცემული ცნობები წარმოადგენდა, რომლებიც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტებია, მოეხდინა საცხოვრებელ სახლზე მოწინააღმდეგე მხარის _ მ. მ.-ის თანამესაკუთრედ რეგისტრაცია. (ს.ფ. 97-101)
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ს. ბ.-მა და სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევა, თბილისის საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა. საკასაციო საჩივრის საფუძვლად კასატორმა მიუთითა მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 10 მაისის სხდომაზე არ გამოცხადდა, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბუშის ვიზიტთან დაკავშირებით აღნიშნული დღე უქმედ იყო გამოცხადებული. (ს.ფ. 104)
საკასაციო საჩივარზე შეპასუხება წარმოადგინა მ. მ.-ის წარმომადგენელმა მ. ლ.-ემ და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
შეპასუხების ავტორის მითითებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს ინკვიზიციური და არა შეჯიბრობითი პრინციპით, როგორც სამოქალაქო სამართალწარმოება, ამიტომ მხარის დასწრება-არდასწრებას საქმის განხილვისას მნიშვნელობა არ აქვს. საქმე მაინც იხილება არსებითად და მთავრდება გადაწყვეტილების გამოტანით, რადგან ადმინისტრაციული საქმეებზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია. ამრიგად, აპელანტის დაუსწრებლობა საქმის განხილვისას განჩინების გაუქმების საფუძველი არ არის, მით უმეტეს, რომ საქმეზე არსებობს დასტური იმისა, რომ ს. ბ.-ი სხდომის თაობაზე სათანადო წესით იყო გაფრთხილებული. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის მე-14 მუხლი არ ითვალისწინებს უქმე დღეს _ “აშშ-ს პრეზიდენტის ბუშის ჩამოსვლა საქართველოში.” აღნიშნული დღე ხელისუფლებას უქმედ არ გამოუცხადებია და ვერც გამოაცხადებდა აღნიშნულ კოდექსში ცვლილების შეტანის გარეშე, ამ დღეს ხელისუფლებამ მხოლოდ გადაკეტა თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ქუჩები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი ს. ბ.-ი სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას ითხოვს მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო დარღვევით, კერძოდ, 2005 წლის 10 მაისს სააპელაციო სასამართლოს არ უნდა განიხილა საქმე მის დაუსწრებლად, რამდენადაც აღნიშნული დღე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით უქმე დღედ იყო გამოცხადებული.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ მსჯელობას 2005 წლის 10 მაისის უქმე დღედ გამოცხადების თაობაზე. შრომის კანონთა კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეების ჩამონათვალში არ არის გათვალისწინებული 10 მაისი. ამასთან, აღნიშნული დღე არ ყოფილა დასვენების დღე და არც უქმე დღედ გამოცხადებულა სხვა სამართლებრივი აქტით. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო ჩაეტარებინა სხდომა მოცემულ საქმეზე მითითებულ დღეს.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორი სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 10 მაისის სხდომის თაობაზე მოწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული სხდომის თაობაზე (ს.ფ. 82, 88-89, 104). საკასაციო საჩივარში კასატორი ასევე ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილი იყო საკასაციო საჩივრის განხილვის დღე _ 10 მაისი (ს.ფ. 104). აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 10 მაისის სხდომას არ ესწრებოდა არასაპატიო მიზეზით და არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის საფუძველი (სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით). ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად გამოეტანა გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე და ამ კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლების დებულებათა გათვალისწინებით.
საკასაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრების სხვა საფუძველს, მითითებას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების არსებითი კანონსაწინააღმდეგობის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას მხოლოდ საკასაციო საჩივრის ფარგლებში და შებოჭილია ამ ფარგლებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია საპროცესო შესაძლებლობას, თავისი ინიციატივით იმსჯელოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მატერიალურ კანონიერებაზე, რომლის თაობაზეც საკასაციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრების საფუძვლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს და უცვლელად ტოვებს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ბ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 10 მაისის განჩინება;
3. ს. ბ.-ს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.