საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №117აპ-17 ქ. თბილისი
ბ-ა გ., 117აპ-17 20 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის განაჩენით გ. ბ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 8 აპრილიდან.
განაჩენით გ. ბ-მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 8 აპრილს, ღამის საათებში, გ. ბ-მ უკანონოდ შეაღწია ქ. ….., ….. ქუჩა №….., ბინა №…..-ში მცხოვრებ თ. ს-ს საცხოვრებელ ბინაში, სადაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ, 7 ლარად ღირებულ დასადგამ საათს, 10 ლარად ღირებულ ქალის თმის საბნევს, 4 ლარად ღირებულ ერთ ცალ ქალის შავ საყურეს, 5 ლარად ღირებულ წყვილ მოყავისფრო რკინის მეტალის ქალის საყურეს, 5 ლარად ღირებულ წყვილ ვერცხლისფერ ქალის საყურეს, 5 ლარად ღირებულ წყვილ ვერცხლისფერ ქალის საყურეს, 15 ლარად ღირებულ წყვილ გულის ფორმის, ქალის მწვანე საყურეს, 20 ლარად ღირებულ წყვილ ქალის ვერცხლისფერი რგოლის ფორმის საყურეს, 5 ლარად ღირებულ ერთ ცალ ქალის შავ საყურესა და 10 ლარად ღირებულ ერთ მოცისფრო ყელსაბამს, რითაც 86 ლარის ქონებრივი ზიანი მიაყენა თ. ს-ს.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ბ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. გ-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განაჩენით სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
მსჯავრდებულ გ. ბ-ს მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ჩადენის ფაქტი უტყუარად არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ თ. ს-ს ჩვენებით, მოწმეების - ტ. ჯ-ს, ზ. წ-ს, გ. ხ-ს, გ. წ-ს, დ. ო-ს, თ. ბ-სა და დ. ფ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით. ზემოაღნიშნული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია გ. ბ-ს უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან მიიჩნია, რომ ასეთი დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობიდან, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა, უტყუარად დასტურდება გ. ბ-ს მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობის ჩადენის ფაქტი, კერძოდ: დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმით, რომელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ არსებობს, დადასტურებულია, რომ გ. ბ-ა დააკავეს დაზარალებულ თ. ს-ს საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარის წინ, რომელიც იყო გაღებული მასზე დადებული ბოქლომის დაზიანებით. გ. ბ-ს დაკავების დროს აღმოაჩნდა აღნიშნული ბინიდან ფარულად დაუფლებული საათი და ქალის სამკაულები, რომლებიც, დაზარალებულ თ. ს-ს განმარტებით, მას ეკუთვნოდა; ამასთან, თ. ს-ს საცხოვრებელ ბინაში აღმოჩნდა იატაკზე დაგდებული, გ. ბ-ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და მისივე კუთვნილი ,,….. ბანკის” პლასტიკური ბარათი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თ. ს-ს საცხოვრებელ ბინაში სწორედ გ. ბ-მ შეაღწია უკანონოდ, საიდანაც იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ ნივთებს.
სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არის თანმიმდევრული და შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებს, ვინაიდან აღნიშნულ ჩვენებებში არ შეინიშნება რაიმე წინააღმდეგობა საქმის გარემოებებთან მიმართებით და მათი საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი სასამართლოს არ გააჩნია.
რაც შეეხება აპელანტის მითითებებს საქმეში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად რაიმე არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევა, რაც გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე, არ გამოვლენილა.
სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა აპელანტი მხარის მოსაზრება გ. ბ-ს დაცვის უფლების დარღვევის შესახებ, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მას შემდეგ, რაც გ. ბ-მ მოითხოვა დამცველის დანიშვნა, იგი უზრუნველყვეს ადვოკატის მომსახურებით. რაიმე შეზღუდვა, რაც გავლენას მოახდენდა მისი დაცვის სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობაზე, გამოძიების ან სასამართლოს მხრიდან არ გამოვლენილა.
5. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ბ-მ.
6. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
მსჯავრდებული გ. ბ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას. კასატორის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განაჩენი არის დაუსაბუთებელი, მოწმეთა ჩვენებები შეიცავს არათანმიმდევრულ, ურთიერთგამომრიცხავ და ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს; მას ბრალად შეერაცხა არარსებული ქმედება, გაუგებარი და ურთიერთსაწინააღმდეგო მტკიცებულებებით, რასაც შედეგად მოჰყვა უკანონო მსჯავრდება და დაუმსახურებელი, უკანონო სასჯელი.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორი - მსჯავრდებული გ. ბ-ა ვერ ასაბუთებს, თუ რაში მდგომარეობს საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მიერ დაშვებული მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, ხოლო ასეთი დარღვევების არსებობა არ დასტურდება საქმის გულდასმით შესწავლის შედეგად. ამდენად, საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ წარმოდგენილი მოტივაცია საპროცესო დარღვევებთან დაკავშირებით, საკასაციო პალატას არ აძლევს იმის დასაბუთებულ საფუძველს, რომ, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და საქმის განხილვის შემთხვევაში, დადგინდება ისეთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო ხასიათის დარღვევები, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
9. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ისეთი კრიტერიუმით, როგორიცაა მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს განაჩენით მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების განსხვავება კანონმდებლობის შესაბამისად დამკვიდრებული პრაქტიკისგან, ასეთი გარემოების არარსებობის გამო (იხ. საქმე #1149აპ-10; 417აპ-14). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაშიც, საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებულობის გათვალისწინებით, მსჯავრდებული გ. ბ-ა საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.
10. ასევე არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან საკასაციო სასამართლოს, მსგავს საქმეებზე გამოტანილ განაჩენებში მითითებული განმარტებებისა და დასკვნების მხედველობაში მიღებით, მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ ექნება არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
11. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე პირის ინდივიდუალური მახასიათებლები. აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება აგრეთვე შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (#1149აპ-10; 417აპ-14).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი