საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №105აპ-17 ქ. თბილისი
ბ-ა ნ., 105აპ-17 9 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ნ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. თ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენით ნ. ბ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების - გ. ჯ-სა და თ. ფ-ს ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ჯ-ს ეპიზოდი) - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულების - გ. ჯ-სა და თ. ფ-ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 10 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ. ჯ-ს ეპიზოდი) დანიშნული თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ნ. ბ-ს მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ნ. ბ-ს მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 წელი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ნ. ბ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 18 იანვრიდან.
განაჩენით სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ნ. ბ-მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის (ორი დამოუკიდებელი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 19:30 საათზე, თბილისში, ….., ….. ქუჩის N….-ში მდებარე ინდმეწარმე გ. ჯ-ს კუთვნილ პარფიუმერიის მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხა ხელყუმბარის მსგავსი საგნით შეიარაღებული, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით ნასამართლევი ნ. ბ-ა, რომელმაც მაღაზიის მოლარეს - თ. ფ-ს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა ფული - 25 ლარი, რითაც დაზარალებულს მიადგა 25 ლარის ქონებრივი ზიანი.
2016 წლის 16 იანვარს, დაახლოებით 19:45 საათზე, თბილისში, ….. ქუჩის N…..-ში მდებარე ნ. ჯ-ს კუთვნილ სასურსათო მაღაზიას ყაჩაღურად თავს დაესხა ხელყუმბარის მსგავსი საგნით შეიარაღებული, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით ნასამართლევი ნ. ბ-ა, რომელმაც ნ. ჯ-ს მოსთხოვა ფული, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი დაემუქრა ხელყუმბარის აფეთქებით. ნ. ჯ-ე არ დაემორჩილა ნ. ბ-ს მოთხოვნას. მან თავდამსხმელს მიუთითა ვიდეოსათვალთვალო კამერებზე და განუცხადა, რომ კამერები აფიქსირებდენენ მის ქმედებას. აღნიშნულის შემდეგ ნ. ბ-ა შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
2. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ. ბ-მ, რომელიც საჩივრით ითხოვდა განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას. სააპელაციო სასამართლოში მსჯავრდებულმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზემდგომმა სასამართლომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენი დატოვა უცვლელად.
4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დაზარალებულების - ნ. ჯ-ს, თ. ფ-ს, გ. ჯ-ს ჩვენებებით, მოწმეების - რ. ლ-ს, გ. გ-ს, ი. ღ-ს, ს. გ-ს, გ. ფ-ს, რ. ხ-ს, დ. ყ-ს, ზ. ტ-ს, გ. თ-ს, ქ. მ-ს, გ. ტ-სა და ხ. ჭ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, დაქტილოსკოპიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის განჩინებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ ნ. ბ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მსჯავრდებულის მოთხოვნა სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, ვინაიდან სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, აგრეთვე ის გარემოება, რომ მან ახალი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში. ასეთი პირობების არსებობისას კი სასჯელის შემსუბუქება მიზანშეუწონელია.
5. კასატორის მოთხოვნა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ნ.ბ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ჯ. თ-მ. კასატორები საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ: სასჯელის შემსუბუქებას.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს ექნებოდა არსებითი მნიშვნელობა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
8. მოცემულ შემთხვევაში კასატორები ითხოვენ მსჯავრდებულ ნ. ბ-თვის შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენით სასჯელი განსაზღვრულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, სამართლიანია და არ ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (№93აპ-15, №323აპ-12 ).
9. რაც შეეხება ადვოკატის მითითებას, რომ მსჯავრდებულ ნ. ბ-ს საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას არსებითად დაირღვა საპროცესო კანონი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, კერძოდ: 2017 წლის 3 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ნ. ბ-მ დააფიქსირა, რომ თანახმა იყო, საქმის განხილვა წარმართულიყო ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, ხოლო ვინაიდან იგი არ ექვემდებარებოდა საქართველოს სსსკ-ის 45-ე მუხლით განსაზღვრულ სავალდებულო დაცვას, სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მსჯავრდებულ ნ. ბ-ს სააპელაციო საჩივარი დაზუსტებული მოთხოვნით განიხილა ადვოკატის მონაწილეობის გარეშე.
10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ნ. ბ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ჯ. თ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი