Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №94აპ-17 ქ. თბილისი

დ-ა მ., 94აპ-17 1 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის განაჩენით მ. დ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 8 იანვრიდან.

განაჩენით მ. დ-ს მსჯავრი დაედო ოჯახური დანაშაულში, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობაში, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 7 იანვარს, დაახლოებით 2130 საათზე, თბილისში, ….. ქუჩის .....მე-….. კორპუსთან მდებარე ზ. ხ-ს საცხოვრებელ სახლში წარმოქმნილი კონფლიქტისას, მ. დ-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მკვლელობის მიზნით, გულმკერდის არეში დანა დაარტყა ყოფილ მეუღლეს - ა. ბ-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა 1-ლი ინსტანციის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლიდან სსკ-ის 116-ე მუხლზე.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე განიხილა ზემდგომმა სასამართლომ - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, რომელმაც 2017 წლის 3 იანვრის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 ივლისის განაჩენი უცვლელად დატოვა.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით და მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მოყვანილი არგუმენტები არ შეესაბამება და ეწინაააღმდეგება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული და სასამართლოზე გამოკვლეული მოწმეების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, საქმეზე დართული საგნებითა და ნივთებით, რომლებზეც მხარეები პრეიუდიციულად შეთანხმდნენ, როგორც უდავო მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მ. დ-მ ჩაიდანა საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალეული ქმედება.

1-ლი ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია ფაქტის უშუალო შემსწრე ორი პირდაპირი მოწმის ჩვენებები, რომლებიც გამორიცხავს მსჯავრდებულ მ. დ-ს ქმედებაში გაუფრთხილებელი დანაშაულის შემადგენლობის არსებობას. მოწმეების - ნ. ხ-ს, ზ. ხ-ს, ნ. ხ-ს მიერ მიცემული ჩვენებებიდან აშკარად დასტურდება მსჯავრდებულ მ. დ-ს მხრიდან დანის განზრახ გამოყენების ფაქტი, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს მის ქმედებაში დაუდევრობის ნიშნების არსებობას.

სააპელაციო პალატამ მსჯავრდებულის ქმედების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ 14-15 სმ სიღრმის ჭრილობაზე, კერძოდ, ა. ბ-ს სიკვდილის მიზეზია გულმკერდის მარცხენა ნახევრის, გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით დაზიანებული გულიდან შინაგანი სისხლდენის შედეგად განვითარებული ზოგადი სისხლნაკლებობა. ა. ბ-ს გვამის გარეგნული და შინაგანი გამოკვლევით აღინიშნებოდა: გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, ჭრილობის არხის მიმართულებით: წინიდან - უკან, ზემოდან - ქვემოთ, მცირედ - მარცხნიდან მარჯვნივ, სიგრძით 14-15 სმ-ს, დაზიანება სიცოცხლის დროინდელია, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ა. ბ-ს გვამის გარეგნული გამოკვლევით ასევე აღინიშნებოდა მეორე ნაკვეთ-ნაჩხვლეტი, გულმკერდის ღრუში არშემავალი ჭრილობა კანისა და კანქვეშა რბილი ქსოვილების დაზიანებით, ჭრილობის არხის სიგრძით - 0,3სმ, მიმართულებით: წინიდან-უკან. დაზიანება სიცოცხლის დროინდელია, განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, რომელსაც გააჩნია ყუა და ლესილი პირი, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ზ. გ-მ. მან დამატებით განმარტა, რომ ჭრილობა მიყენებულია ორჯერადი მოქმედებით, იზოლირებულად - ცალ-ცალკე განვითარებული მოქმედებით. აღწერილობა ორივე ჭრილობის ერთი და იგივეა, ანუ მორფოლოგიური სურათი დაზიანებას ერთი და იგივე აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აპელანტის ვერსია, რომ მას ა. ბ-ს მოკვლის განზრახვა არ ჰქონია და დანა შემთხვევით მოახვედრა, ეწინააღმდეგება აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნას, ვინაიდან ჭრილობის სიღრმე ცალსახად გამორიცხავს გაუფრთხილებელი მოქმედების ფაქტს და პირდაპირ შეესაბამება მოწმე ზ. ხ-ს ჩვენებას, რომელშიც მოწმე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულმა მოულოდნელად მოუქნია დანა და დაარტყა.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 3 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ.მ-მ. კასატორი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენში ცვლილების შეტანას და მ. დ-ს დამნაშავედ ცნობას გაუფრთხილებლობით ჩადენილ მკვლელობაში.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმე არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ამასთან, დაცვის მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას შესაძლებელს გახდიდა. აღსანიშნავია, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №701აპ-10, №850აპ-10).

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს, რომ თითქოს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა ცხადყო, რომ მ. დ-ს არ ჩაუდენია ა. ბ-ს განზრახ მკვლელობა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ მოტივებსა და მტკიცებულებებზე, რომელთა საფუძველზეც არ დაეთანხმა დაცვის მხარეს.

9. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც მ. დ-ა საქართველოს სსკ-ის 111,108-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი.

10. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. დ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი