¹ას-106-451-07 30 აპრილი, 2007 წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მარიამ ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – დ. ა-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს “ .. ..” (მოპასუხე)
დავის საგანი – სარჩოს გადაანგარიშება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
დ. ა-მა 2006 წლის 21 ივნისს სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე სს “ .. ..” მიმართ და მოითხოვა მარჩენალის გარდაცვალების გამო დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება. მან მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციისათვის 2006 წლის იანვრიდან ყოველთვიურად მის სასარგებლოდ 48,62 ლარის სარჩოს დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დ. ა-მა სააპელაციო საჩივარი შეიტანა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინებით დ. ა-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მისი სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 სექტემბრის გადწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი, როგორც დაუშვებელი. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი, 185-ე, 365-ე მუხლები და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის მიერ დაზუსტებული იქნა სასარჩელო მოთხოვნა და დავის საგნის ფასი განისაზღვრა 268.16 ლარით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ 1000 ლარს არ აღემატება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. ა-მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას დ. ა-ის სრულწლოვანების მიღწევიდან - 1993 წლის 4 მაისიდან მიუღებელი აქვს ყოველთვიური სარჩოს ნაწილი 15.62 ლარი (48.62 ლარს გამოკლებული 33 ლარი), რომელიც შეადგენს 2530.44 ლარს. მიუღებელი აქვს ასევე 2006 წლის იანვრიდან 80.72 ლარი. ორივე თანხა ერთად შეადგენს 2611.16 ლარს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია მისი სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ დ. ა-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, დ. ა-მა სარჩელით მოითხოვა მარჩენალის დაკარგვის გამო მის სასარგებლოდ დანიშნული სარჩოს გადაანგარიშება და 2006 წლის 1 იანვრიდან მისთვის ყოველთვიურად 48,62 ლარის გადახდა. მან სარჩელში განმარტა, რომ 2006 წლის იანვრიდან 1 მაისის ჩათვლით მიღებული აქვს თვეში 33 ლარი, მისაღები კი აღნიშნულ პერიოდში აქვს 80,72 ლარის ოდენობით (ს.ფ. 2). ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 25 სექტემბრის სხდომაზე დ. ა-ის წარმომადგენელმა მოითხოვა სარჩოს გადაანგარიშება და მის სასარგებლოდ ყოველთვიურად 48,62 ლარის დაკისრება მოპასუხე ორგანიზაციისათვის (ს.ფ. 16).
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მან მოითხოვა 1993 წლის მაისიდან დღემდე მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება, რაც 2530,44 ლარს შეადგენს, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს მისი სააპელაციო საჩივარი დავის საგნის ღირებულების გამო არ უნდა დაეტოვებინა განუხილველად.
დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში მოცემული დავის განხილვისას აპელანტმა დააზუსტა მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა ასევე 1993 წლიდან მიუღებელი თანხის მოპასუხეზე დაკისრება (ს.ფ. 46).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 381-ე მუხლის შესაბამისად დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოში დაუშვებელია. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია დაუშვებლად დ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დავის საგნის ღირებულების გამო.
საკასაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, რომლის შესაბამისად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინება კანონიერია და დ. ა-ის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 27 დეკემბრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.