Facebook Twitter

ას-1065-1332-09 21 დეკემბერი, 2009წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე)_ ბ. კ-ძე, წარმომადგენელი მ. მ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ე. კ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 12 მარტს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ე. კ-ძემ მოპასუხე ბ. კ-ძის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 1987 წელს გარდაეცვალა მეუღლე. ჰყავს ორი შვილი, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ და არ ზრუნავენ მასზე. მოპასუხე ბ. კ-ძე მეუღლესთან ერთად ეძებდა ფართს დასაქირავებლად. ე. კ-ძემ ბ. კ-ძეს შესთავაზა მის ბინაში ცხოვრება სასყიდლის გარეშე, მოვლის სანაცვლოდ, რაზეც შეთანხმდნენ მხარეები. სარჩელში აღნიშნულია, რომ ე. კ-ძემ გადაწყვიტა მოპასუხისათვის მოვლის სანაცვლოდ ეჩუქებინა ბინა. 2007 წლის 24 იანვარს სანოტარო წესით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გაასხვისა ბინა ბ. კ-ძეზე. აღნიშნულ ხელშეკრულებაში მხარეებს მოსარჩელის მოვლის პირობა არ გაუთვალისწინებიათ, რითაც ისარგებლა მოპასუხემ და შეწყვიტა ე. კ-ძეზე ყოველგვარი ზრუნვა. მოსარჩელე იმ გარემოებას, რომ არ გაუსხვისებია ბინა, ასაბუთებდა აღნიშნულ ბინაში მისი ცხოვრებით (ს.ფ. 1-13).

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ე. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 24 იანვრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. საქალაქო სასამართლომ მიუთითა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ იყო დადებული მოტყუებით, ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ე. კ-ძისათვის ბინის ღირებულების _ 10 000 ლარის გადაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება. სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის ფაქტობრივად არსებობდა შეთანხმება სამისდღეშიო რჩენისა და მოვლის შესახებ, მაგრამ გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 76-77).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. კ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. აპელანტის მითითებით, მოსარჩელემ სანოტარო ბიუროში განაცხადა, რომ სურდა მიეყიდა ბინა ბ. კ-ძისათვის 10 000 ლარად. ე. კ-ძეს არ სურდა, აღნიშნული ხელშეკრულების დადების შესახებ გაეგოთ მის შვილებს. საქმის განხილვაში არ მონაწილეობდა ნოტარიუსი, რომლის ახსნა-განმარტებას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად (ს.ფ. 81-87).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აგვისტოს განჩინებით ბ. კ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 400 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა (ს.ფ. 90-91).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ბ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ბ. კ-ძეს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღით და განემარტა, რომ, თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განჩინების გზავნილი ჩაჰბარდა ბ. კ-ძის წარმომადგენელ მ. მ-შვილის ძმას 2009 წლის 17 სექტემბერს. 2009 წლის 1 ოქტომბერს ბ. კ-ძის წარმომადგენელმა მ. მ-შვილმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ და იშუამდგომლა, ხარვეზის შევსების ვადის ათვლა დაწყებულიყო 2009 წლის 27 სექტემბერს, როდესაც განჩინების ასლი გადაეცა მას პირადად. სააპელაციო სასამართლომ განჩინება ჩაბარებულად მიიჩნია მ. მ-შვილისათვის 2009 წლის 17 სექტემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, საიდანაც ხარვეზი არ იქნა შევსებული დადგენილ ვადაში (ს.ფ. 104-106).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ. კვენაძემ (წარმომადგენელი მ. მ-შვილი), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ განჩინება 2009 წლის 17 სექტემბერს Hჩაჰბარდა მასთან სტუმრად მყოფ ძმას, ხოლო 2009 წლის 27 სექტემბერს გადაეცა პირადად მას. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მასთან სტუმრად მყოფი ძმისთვის განჩინების ჩაბარება არ ნიშნავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად მისი ოჯახის წევრისათვის ჩაბარებას, რასაც დაეყრდნო სასამართლო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებისას (ს.ფ. 109).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. კ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აგვისტოს განჩინებით ბ. კ-ძეს სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი.

გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ ბ. კ-ძის წარმომადგენელ მ. მ-შვილისათვის გაგზავნილი გზავნილი მის მიერ მითითებულ მისამართზე სამოქალაქო საპრცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ჩაიბარა მისმა ძმამ _ კობა მ-შვილმა 2009 წლის 17 სექტემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობას, რომ წარმომადგენელ მ. მ-შვილის ძმისთვის გზავნილის ჩაბარება არ უნდა ჩაითვალოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ჩაბარებად. მოცემულ შემთხვევაში გზავნილი ჩაბარებულია წარმომადგენლის მიერ მითითებულ მისამართზე, მისი ძმის მიერ. საქმის მასალებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს არ აქვს რაიმე საფუძველი, აღნიშნული არ მიიჩნიოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ ჩაბარებად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულების 7-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2009 წლის 18 სექტემბერს და დასრულდა 24 სექტემბერს. აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის დადგენილი ხარვეზი აპელანტს არ შეუვსია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს ბ. კ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ბ. კ-ძის (წარმომადგენელი მ. მ-შვილი) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ოქტომბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.