Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

¹ას-107-387-08 28 მარტი, 2008წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლალი ლაზარაშვილი, ნუნუ კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო - სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 29 ივნისს შპს “ .. ..მ” ბორჯომის რაიონულ სასამართლოს ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მიმართ სასარჩელო განცხადებით მიმართა. მოსარჩელემ განმარტა, რომ 2003 წლის 30 მაისს შპს “ .. ..ის” ფილიალსა და მოპასუხეს შორის ხე-ტყის კაფვა-დამზადებისა და მოხმარების პუნქტამდე გადაზიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდო, რომლის შესრულების დრო 2004 წლის 1 ივლისამდე განისაზღვრა. ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობამ ვალდებულება დროულად არ შეასრულა. 2005 წელს ბაკურიანის სატყეო მეურნეობასა და მოსარჩელეს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვითაც მოპასუხე აღიარებდა ვალის - 9345 ლარის არსებობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს “ .. ..მ” ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობისათვის ძირითადი ვალის, 9345 ლარისა და ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის დარიცხული პროცენტის – 7008 ლარის დაკისრება მოითხოვა.

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს “ .. ..-ის” სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურ სატყეო სამმართველოს მოსარჩელის სასარგებლოდ ძირითადი ვალის, 9345 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის, 210 ლარის გადახდა დაეკისრა. მოსარჩელის მოთხოვნა ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით პროცენტების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა. შპს “ .. ..-მ” გასაჩივრებული გადაწყვეტილების პროცენტების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონალურმა სატყეო სამმართველომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სატყეო დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტს გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2007 წლის 3 ოქტომბერს ჩაბარდა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა 2007 წლის 17 ოქტომბერს ამოიწურა. მხარემ კი სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2007 წლის 22 ოქტომბერს - ანუ გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ ჩააბარა.

2008 წლის 23 იანვარს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო - სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს უფროსმა ი. გ-შვილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას კერძო საჩივრით მიმართა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოსათვის ცნობილი გახდა 2007 წლის 7 ოქტომბერს, რაც დასტურდება შემოსული დოკუმენტების რეგისტრაციის ჟურნალის ჩანაწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლით დადგენილი ვადის დენა 8 ოქტომბრიდან დაიწყო. სააპელაციო საჩივარი კი შპს “საქართველოს ...ს” 14-დღიანი ვადის გასვლამდე - 2007 წლის 22 ოქტომბერს გადაეცა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 11 თებერვლის განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო - სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანო - სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს უფროს ი. გ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78 მუხლების შესაბამისად.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ბორჯომის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი მხარეებს სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე 2007 წლის 27 სექტემბერს გაეგზავნათ. საქმეში არსებული გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით (ს.ფ. 49) დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო მეურნეობას 2007 წლის 3 ოქტომბერს ჩაბარდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადის დენა 4 ოქტომბრიდან დაიწყო და 2007 წლის 17 ოქტომბერს ამოიწურა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი ფოსტას 2007 წლის 22 ოქტომბერს, ვადის გასვლიდან 5 დღის შემდეგ ჩაბარდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ვინაიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი კანონით დადგენილ ვადაში შეტანილი არ იყო, სააპელაციო სასამართლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემომითითებული მუხლის საფუძველზე, იგი განუხილველად უნდა დაეტოვებინა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერი და დასაბუთებულია, შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 63-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს _ სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სატყეო სამმართველოს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთაYპალატის 2007 წლის 10 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.