ას-107-452-07 3 მაისი, 2007წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი(თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს “ე...ს” დირექტორი _ თ. გ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – სს “რუსთავის მ...”
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადწყვეტილებით, სს “რუსთავის მ...ის” სარჩელი მოპასუხე შპს “ე...ს” დირექტორის თ. გ-ს მიმართ 10 000 ტონა სილიკომანგანუმისა და წიდის ნარევის მიუწოდებლობისათვის დებიტორული დავალიანების სახით _ 580000 ლარის გადახდევინების შესახებ დაკმაყოფილდა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 30 აგვისტოს განჩინებით შპს “ე...ს” დირექტორ თ. გ-ს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს” ე...ს” დირექტორმა თ. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შპს” ე...ს” დირექტორ თ. გ-ს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 23 200 ლარის წარმოდაგენა.
აღნიშნული განჩინება აპელანტს გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით (ს.ფ. 132-142).
2006 წლის 15 დეკემბერს შპს “ე...ს” წარმომადგენელმა ზ. გ-მ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. განმცხადებლის განმარტებით, ვინაიდან მათ მიერ გასაჩივრებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აღნიშნული დავა არის უფლებრივი, რის გამოც წარმოადგინა 150 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითარი და მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ე...ს” დირექტორმა თ. გ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს “ე...ს” დირექტორ _ თ. გ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად 2006 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით მიეცა განჩინების ჩაბარებიდან 10-დღიანი ვადა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 23 200 ლარის ქვითრის წარმოსადგენად. აღნიშნული განჩინების ასლი შპს “ე...ს” ჩაჰბარდა 2006 წლის 2 დეკემბერს (ს.ფ.136), სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ გამოასწორა.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მან, ვინაიდან გაასაჩივრა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, აღნიშნული დავა არის უფლებრივი, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან, განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია დებიტორული დავალიანების გადახდევინება, რომელიც ქონებრივ-სამართლებრივ დავას განეკუთვნება. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების 4%-ით, რაც მოცემულ შემთხვევაში 23 200 ლარს შეადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ გადახდილი 150 ლარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია ხარვეზის შევსებად და დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი სამართლებრივად უსაფუძვლო და არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შპს “ე...ს” დირექტორ თ. გ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 22 დეკემბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.