ას-1075-1342-09 28 დეკემბერი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ჯ. კ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ლ-ავა (მოსარჩელე)
თანამოპასუხე _ ა. ძ-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ უძრავი ნივთის რეალიზაციის გზით თანხის ანაზღაურება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 18 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ა. ლ-ავამ მოპასუხეების _ ჯ. კ-ძისა და ა. ძ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეების თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებიდან, ქუთაისში, ... გამზირის ¹24/36-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ა. ძ-შვილის კუთვნილი წილიდან მის მიმართ არსებული ვალის ანაზღაურება.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოპასუხეები იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. ა. ძ-შვილს აქვს ა. ლ-ავას ვალი 15 090 აშშ დოლარის ოდენობით, თუმცა მითითებული თანხის ა. ძ-შვილისათვის დაკისრების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ აღსრულდა, ვინაიდან ქუთაისში, ... გამზირის ¹24/35-ში მდებარე ბინის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში მითითებულია მხოლოდ ა. ძ-შვილი. ნიშანდობლივია, რომ ბინის გაყიდვისას, ნასყიდობის ხელშეკრულების დანართის მე-5 პუნქტის თანახმად, ჯ. კ-ძემ თავისი განცხადებით თანხმობა მისცა მეუღლე ა. ძ-შვილს საცხოვრებელი ბინის გასხვისებაზე. ამდენად, 1997 წლის 25 ნოემბრამდე მოქმედი საქორწინო და საოჯახო კოდექსის, ასევე სამოქალაქო კოდექსის 1169-ე მუხლის, 1170-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე ა. ლ-ავას მიმართ არსებული ვალი უნდა დაიფაროს მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ა. ძ-შვილის კუთვნილი წილიდან (ს.ფ. 1-2).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ა. ლ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა, რომ ა. ძ-შვილის ვალის _ 15 090 აშშ დოლარის გადახდა მომხდარიყო ჯ. კ-ძის კუთვნილ, ქუთაისში, ... გამზირის ¹24/36-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა. ძ-შვილის 1/2 წილიდან (ს.ფ. 49-50).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჯ. კ-ძემ და ა. ძ-შვილმა (ს.ფ. 52-59, 64-72).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ძ-შვილისა და ჯ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ა. ლ-ავას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ა. ლ-ავას მიმართ ა. ძ-შვილის ვალის _ 15 090 აშშ დოლარის ანაზღაურება დადგინდა ჯ. კ-ძის სახელზე რიცხული, ქუთაისში, ... გამზირის ¹24/36-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა. ძ-შვილის 1/4 წილიდან.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 1966 წლის 13 იანვრიდან ჯ. კ-ძე და ა. ძ-შვილი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 1992 წლის 7 ოქტომბერს ჯ. კ-ძეს პრივატიზების წესით საკუთრებაში გადაეცა ქუთაისში, ... გამზირის 24\36-ში მდებარე საცხოვრებელი ბინა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 16 იანვრის სააღსრულებო ფურცლით ა. ძ-შვილს ა. ლ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის გადახდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2007 წლის 22 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლით ა. ძ-შვილს ა. ლ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა 5 090 აშშ დოლარის გადახდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა საქართველოს სსრ საქორწინო და საოჯახო კოდექსის 21-ე და 22-ე მუხლები, სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლი და დაადგინა, რომ ა. ლ-ავას მიმართ ა. ძ-შვილს ვალი უნდა დაეფარა მეუღლეთა თანასაკუთრებაში მისი წილიდან, რომელსაც იგი მიიღებდა ქონების გაყოფის შემთხვევაში.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების პოზიცია, რომ ა. ძ-შვილის მიერ მიღებული სადავო თანხა ოჯახის საერთო ინტერესებს არ მოხმარებია, ვინაიდან ოჯახის წევრის კანონიერი საქმიანობა, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიმართულია ოჯახის სოციალური თუ მატერიალური კეთილდღეობისაკენ, ოჯახის საერთო ინტერესებში შედის. ოჯახის წევრის ლეგალური სამეწარმეო საქმიანობა, რომლის მიზანია მოგების მიღება, ყოველთვის მიმართულია ოჯახის მატერიალური და სოციალური კეთილდღეობისაკენ და ოჯახის წევრის მიერ სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები შედის ოჯახის საერთო ინტერესებში.
სააპელაციო სასამართლოს განმატებით, სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მეორე ნაწილი არეგულირებს არა იმ შემთხვევას, როდესაც ერთ-ერთი მეუღლის ვალის გადახდევინება ხდება თანასაკუთრებაში მისი წილიდან, არამედ _ ერთ-ერთი მეუღლის ვალის გადახდევინებას მეუღლეთა საერთო ქონებიდან, ე.ი იმ ქონებიდან, რომელშიც შედის მეორე მეუღლის წილიც. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ერთ-ერთი მეუღლის მიერ ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე ვალის აღების ფაქტის დადგენისას იგულისხმება, რომ ვალი საერთოა და გადახდილ უნდა იქნეს ორივე მეუღლის თანაზიარი საკუთრებიდან.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა ა. ძ-შვილის ვალის ანაზღაურებას არა მეუღლეთა საერთო ქონებიდან, არამედ _ ამ ქონებაში მოვალის წილიდან, სამოქალაქო კოდექსის 1170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, აღნიშნული შესაძლებელია იმ შემთხვევაშიც, თუ დადგინდება, რომ მოვალეს სესხი ოჯახის ინტერესებისათვის არ გამოუყენებია.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი მართებულად დაკმაყოფილდა, თუმცა, იმავდროულად აღნიშნა, რომ საქალაქო სასამართლომ შეცდომით გამოიანგარიშა საცხოვრებელ სახლში ა. ძ-შვილის წილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1992 წლის 7 ოქტომბერს სადავო სახლის პრივატიზაცია მოახდინა ჯ. კ-ძემ. ამ დროს სახლში რეგისტრირებული იყვნენ და, შესაბამისად, ბინას ფლობდნენ ჯ. კ-ძე და მისი ვაჟი – მ. კ-ძე. საქმეში წარმოდგენილი საბინაო წიგნის ასლის თანახმად, მ. კ-ძე სახლში მუდმივ მაცხოვრებლად ჩაეწერა 1983 წლის 19 იანვარს. საბინაო წიგნი წარმოდგენილია 1992 წლის 15 ოქტომბრის მდგომარეობით და წიგნის ის გრაფა, რომელშიც აღინიშნება მონაცემები პირის სხვა საცხოვრებელ ადგილას გადასვლის შესახებ, თავისუფალია, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, ნიშნავს, რომ მ. კ-ძე 1983 წლის 19 იანვრიდან 1992 წლის 15 ოქტომბრამდე სადავო სახლში რეგისტრირებული იყო და სხვა საცხოვრებელ ადგილას არ გადასულა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მე-5 პუნქტით და მიიჩნია, რომ სადავო ბინაზე საკუთრება თანაბარი წილის უფლებით მოიპოვეს ჯ. და მ. კ-ძეებმა, ამდენად, პრივატიზაციის შედეგად ჯ. კ-ძე გახდა სადავო ბინის ნახევრის მესაკუთრე და მისი გაყოფის შემთხვევაში ა. ძ-შვილის წილი შეადგენდა ჯ. კ-ძის წილის ნახევარს ანუ ბინის 1/4-ს (ს.ფ. 121-129).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილებით ა. ძ-შვილსა და ჯ. კ-ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ 134,9 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა (ს.ფ. 142-144).
სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში _ ა. ძ-შვილმა და ჯ. კ-ძემ, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში _ ა. ლ-ავამ გაასაჩივრეს საკასაციო წესით. საკასაციო საჩივრით ა. ძ-შვილმა და ჯ. კ-ძემ ასევე მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება (ს.ფ. 148-156, 157-164, 165-172).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ა. ძ-შვილისა და ა. ლ-ავას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ჯ. კ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, ხოლო 2008 წლის 23 ოქტომბრის დამატებითი გადაწყვეტილება ჯ. კ-ძისათვის სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ჯ. კ-ძე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა (ს.ფ. 227-235).
საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ კანონიერ ძალაში შესულ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 252-253).
2009 წლის 7 სექტემბერს ა. ლ-ავამ (წარმომადგენელი ნიკოლოზ კანკავა) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მოითხოვა მოცემულ საქმეზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორება და მოვალედ ა. ძ-შვილთან ერთად ჯ. კ-ძეზე მითითება, რაც იმით დაასაბუთა, რომ ქუთაისში, ... გამზირის ¹ 24/36-ში მდებარე ქონება მოვალის _ ა. ძ-შვილის სახელზე რეგისტრირებული არ იყო. აქედან გამომდინარე, შეუძლებელი ხდებოდა იძულებითი აუქციონის დანიშვნის შესახებ განკარგულების გამოცემა და შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება (ს.ფ. 248-249).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინებით ა. ლ-ავას განცხადება დაკმაყოფილდა, გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2009 წლის 18 ივნისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა და მოვალედ ა. ძ-შვილთან ერთად მიეთითა ჯ. კ-ძე.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია შემდეგ გარემოებებს:
2007 წლის 18 დეკემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სასარჩელო განცხადებაში ა. ლ-ავას მოპასუხედ დასახელებული ჰყავს როგორც ჯ. კ-ძე, ისე _ ა. ძ-შვილი;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ა. ლ-ავას სარჩელი დაკმაყოფილდა ა. ძ-შვილისა და ჯ. კ-ძის მიმართ;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა. ძ-შვილისა და ჯ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ა. ძ-შვილის ვალის _ 15 090 აშშ დოლარის ა. ლ-ავას მიმართ ანაზღაურება მომხდარიყო ჯ. კ-ძის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლში (ქუთაისი, ... გამზირი 24/36) ა. ძ-შვილის წილიდან, რაც შეადგენდა მითითებული საცხოვრებელი სახლის მეოთხედს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კრედიტორის _ ა. ლ-ავას მოვალეს ა. ძ-შვილთან ერთად წარმოადგენდა ჯ. კ-ძე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 25-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის მიხედვით, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. სასამართლოს განმარტებით, კანონის აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააღსრულებო ფურცელში კონკრეტულად უნდა მიეთითოს ყველა ის პირი, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების (განჩინების) აღსრულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გამო, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე კრედიტორის _ ა. ლ-ავას მოვალეს ა. ძ-შვილთან ერთად წარმოადგენდა ჯ. კ-ძე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის შესაბამისად უნდა მომხდარიყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 ივნისის სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორება და მოვალედ ა. ძ-შვილთან ერთად ჯ. კ-ძეზე მითითება (ს.ფ. 259-262).
დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ჯ. კ-ძემ და ა. ძ-შვილმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებით, რამდენადაც 15 090 აშშ დოლარის ოდენობით თანხის გადახდა დაეკისრა ა. ძ-შვილს, როგორც მოვალეს, სააღსრულებო ფურცელში მოვალედ ჯ. კ-ძეზე მითითება არამართებულია. წინააღმდეგ შემთხვევაში ირღვევა საკუთრების ხელშეუხებლობის შესახებ ჯ. კ-ძის უფლება, ვინაიდან ქუთაისში, ... გამზირის ¹24/36-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი სწორედ ამ უკანასკნელის და არა ა. ძ-შვილის საკუთრებას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორები მიიჩნევენ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 18 ივნისის სააღსრულებო ფურცელში აღნიშნული თვალსაზრისით ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს (ს.ფ. 282).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი ჯ. კ-ძის ნაწილში წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო ამავე სასამართლოს 2009 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ა. ძ-შვილის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, ა. ლ-ავას სარჩელზე, რომლითაც იგი ითხოვდა ქუთაისში, ... გამზირის ¹24/36-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში ა. ძ-შვილის კუთვნილი წილიდან მის მიმართ არსებული ვალის ანაზღაურებას, მოპასუხეებს წარმოადგენდნენ ა. ძ-შვილი და ჯ. კ-ძე (ს.ფ. 1-2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების თანახმად დადგენილია, რომ ა. ძ-შვილის ვალის ა. ლ-ავას მიმართ ანაზღაურება უნდა მოხდეს ჯ. კ-ძის სახელზე რიცხულ, ქუთაისში, ... გამზირის 24/36-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ა. ძ-შვილის წილიდან, რაც შეადგენს მითითებული საცხოვრებელი სახლის მეოთხედს (ს.ფ. 121-129).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ლ-ავას სარჩელის მოთხოვნაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს როგორც ა. ძ-შვილი, ასევე ჯ. კ-ძე, რამდენადაც უძრავი ქონება, რომლის რეალიზაციის გზით ა. ძ-შვილის მის მიმართ არსებული ვალის ანაზღაურებასაც მოსარჩელე ითხოვს, ირიცხება სწორედ ჯ. კ-ძის სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება, რომლის თანახმად, აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში და სააღსრულებო ფურცელი გაიცემა კრედიტორზე. იმის გამო, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე ამავე სასამართლოს მიერ 2009 წლის 18 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი არ შეიცავდა მითითებას მოვალე (თანამოპასუხე) ჯ. კ-ძეზე, სააპელაციო სასამართლომ სრულიად მართებულად მოახდინა სააღსრულებო ფურცელში უსწორობის გასწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელზეც სააღსრულებო ფურცელია გაცემული, ვერ იქნება აღსრულებადი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. კ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 სექტემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.