Facebook Twitter

ას-1081-1346-09 24 დეკემბერი, 2009 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი –ი. გ-ძე(მოსარჩლე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება– ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 07 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი –თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ი. გ-ძემ სარჩელით მიმართა ხონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროზე მის სასარგებლოდ 371,645,76 აშშ დოლარის დაკისრება.

ხონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებთი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ი.გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 200 ლარის გადახდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი.გ-ძემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. ასევე სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ი.გ-ძის სასარგებლოდ 200 ლარის დაკისრების ნაწილში გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 აგვისტოს ხარვეზის შესახებ განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და განემარტა, რომ მას უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ასევე განემარტა, რომ ხარვეზის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 სექტემბრის ხარვეზის შესახებ განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა გაუგრძელდა და განემარტა, რომ მას უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ან გადახდისუუნარობის დამადასტურებელი კანონით დადგენილი უტყუარი მტკიცებულება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით ი. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი.გ-ძის სახელზე გაგზავნილი სასამართლო განჩინების ასლი ჩაბარდა მისი ოჯახის წევრს დედას ზ.გ-ძეს პირადად 2009 წლის 16 სექტემბერს. ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა გადიოდა 2009 წლის 23 სექტემბერს.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სასამართლოს გზავნილი მხარეს ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.

ამ ხნის განმავლობაში მხარეს ან მის წარმომადგენელს ხარვეზის შევსების მიზნით არ მიუმართავს სასამართლოსათვის.

ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეს ხარვეზი არ შეუვსია დადგენილ ვადაში, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2009 წლის 07 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. გ-ძემ.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სააპელაცი სასამართლომ მას შემდეგ რაც ხარვეზიანად ჩათვალა სააპელაციო საჩივარი, მან ვერ შეავსო ხარვეზი და მიუთითა, რომ არ აქვს შემოსავალი იმ რაოდენობით, რომ შეძლოს 5000 ათასი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ასევე მის კმაყოფაზეა 3 მცირეწლოვანი შვილი და იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე შეემცირებინა სახელმწიფო ბაჟის თანხა და თანახმა იყო გადაეხადა 150 ლარი, სასამართლომ არ ჩათვალა ხარვეზი შევსებულად, რადგან ვერ წარადგინა ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების დამადასტურებელი დოკუმენტი და გაუგრძელა ვადა ხარვეზის შესავსებად.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან წარმოადგინა წლიური შემოსავლის ბრუნვის ამონაწერი თBჩ ბანკიდან 2009 წლის 1.01-დან 2009 წლის 31.10-მდე. სადაც დაფიქსირებულია, რომ აქვს საგადასახადო დავალიანება თანხის გადაუხდელობის გამო და ადევს ინკასო. რაც დასტურდება ქუთაისის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 30 სექტემბრის განკარგულებებით. დღემდე მისი შემოსავალი 10 თვის განმავლობაში შეადგენს 10.000 ლარს, ხოლო ინკასო ადევს 1444 + 44 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ი. გ-ძემ მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო წარმოდგენილ კერძო საჩივარს, საქმის მასალებს, და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 აგვისტოს განჩინებით ი. გ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და განესაზღვრა ვადა-07 (შვიდი) დღე ხარვეზის შესავსებად განჩინების ასლის ჩაბარებიდან, რომლის განმავლობაშიც გ-ძეს ხარვეზი არ შეუვსია.Qქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 11 სექტემბრის განჩინებით გ-ძის განცხდების საფუძველზე გააგრძელა ხარვეზის შევსების ვადა 07 (შვიდი) დღით, განჩინების ასლის ჩაბარებიდან.

მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია დადგენილ ვადაში, რის გამოც სააპელაციო პალატამ 2009 წლის 07 ოქტომბრის განჩინებით ი. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: “მხარე ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.” საქმის მასალებით ირკვევა რომ ი. გ-ძემ ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაიბარა 2009 წლის 1-ლ აგვისტოს. 2009 წლის 04 აგვისტოს მან სასამართლოს მიმართა განცხადებით ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ, რაც დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ და 2009 წლის 11 სექტემბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელა 07(შვიდი) დღით განჩინების ასლის ჩაბარებიდან. აღნიშნული განჩინება 2009 წლის 16 სექტემბერს ჩაიბარა ჩაიბარა ი. გ-ძის დედამ ზ.გ-ძემ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად განჩინების გ-ძის დედისათვის ჩაბარება ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად. აპელანტმა დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველი სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად თუ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, ხოლო 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.

საქმეზე დადგენილი გარემოებების შესაბამისად, ი. გ-ძის მხრიდან ხარვეზის დროულად შეუვსებლობა წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ სამართლებრივ საფუძველს.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ მან უსახსრობის გამო ვერ შეძლო სახელმწიფო ბაჟის გადახდა, აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. გ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 07 ოქტომბრის განჩინება.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.