ას-1084-1247-08 12 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ შ. ვ-ძე
წარმომადგენელი - მ. ა-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ ხ. პ-ძე
დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხ. ბ-ძე (პ-ძის) სარჩელი სპს «შ. ვ-ძის», შ. ა-ძის, ნოტარიუს თ. ჩ-მბას, გ. შ-ძის, ზ. პ-ძისა და ნოტარიუს ო.ჭ-შვილის მიმართ სპს «შ. ვ-ძის» წარმომადგენელ შ. ვ-ძესა და ზ. პ-ძეს შორის 2005 წლის 10 ივნისს გაფორმებული მინდობილობისა და 2000 წლის 14 ივნისს სპს «შ. ვ-ძის» წარმომადგენელ შ. ვ-ძესა და შ. ა-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზ. პ-ძის მიერ შ. ვ-ძის სახელზე გაცემული 2000 წლის 10 მაისის მინდობილობა 0,18 ჰა მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ, ასევე ბათილად იქნა ცნობილი 2000 წლის 14 ივნისს შ. ვ-ძესა და შ. ა-ძეს შორის დადებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. ვ-ძემ.
საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციების სასამართლოების მიერ და, ბოლოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ. ვ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა შ. ვ-ძის წარმომადგენელმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა საჩივრის განუხილველად დატოვება იმ საფუძვლით, რომ საჩივრის ავტორს გაშვებული ჰქონდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა და გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ხ. პ-ძის წარმომადგენელ შოთა ჯიბლაძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და შ. ვ-ძის წარმომადგენელ მ. ა-შვილის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 28 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნათა დაცვით 2008 წლის 6 მარტს გაეგზავნა შ. ვ-ძეს და ამავე წლის 20 მარტს ჩაჰბარდა საჩივრის ავტორის ნათესავს ა. ფ-ძეს, რომელმაც იმავე დღეს გადასცა გზავნილი შ. ვ-ძეს.
იმის გათვალისწინებით, რომ შ. ვ-ძემ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვერ შეძლო წარმოედგინა რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ა. ფ-ძე არ იყო მისი ოჯახის წევრი და არც რაიმე უწყება მისთვის არ გადაუცია, სააპელაციო სასამართლომ შ. ვ-ძისათვის უწყების ჩაბარების თარიღად მიიჩნია 2008 წლის 20 მარტი. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, შ. ვ-ძეს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით სასამართლოში უნდა შეეტანა არაუგვიანეს 2008 წლის 30 მარტისა, ხოლო მან საჩივარი შეიტანა 2008 წლის 10 სექტემბერს ანუ, მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შ. ვ-ძის საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შ. ვ-ძის წარმომადგენელმა მ. ა-შვილმა, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი გადაეცა არა შ. ვ-ძეს არამედ ვინმე ა. ფ-ძეს, რომელმაც მხოლოდ მეოთხე დღეს გადასცა გზავნილი არა პირადად შ. ვ-ძეს ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს, არამედ იგი ჩამოდო ჭიშკარზე და უცნობია შემდგომ რა ბედი ეწია გზავნილს. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გაუგებარია თუ რის საფუძველზე დაადგინა სახალხო ფოსტამ ის გარემოება, რომ შ. ვ-ძე და ა. ფ-ძე ნათესავები იყვნენ. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სახალხო ფოსტამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზერელედ მიწერა პასუხი, რომ ა. ფ-ძემ შ. ვ-ძეს აღნიშნული გზავნილი იმავე დღეს გადასცა, ვინაიდან მას ფაქტობრივად არც ა. ფ-ძესთან და არც შ. ვ-ძესთან არ გაურკვევია ნამდვილად გადაეცა თუ არა გზავნილი შ. ვ-ძეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შ. ვ-ძის წარმომადგენელ მ. ა-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილედეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
სამოქალაქო საპროცესო 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ადრესატისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების დრო აღინიშნება მის მეორე ეგზემპლარზე, რომელიც სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.
მითითებული ნორმების თანახმად, როდესაც უწყება გაიგზავნა ფოსტით ან კურიერის მეშვეობით, უწყება ჩაბარებულად ითვლება თუ ამ უწყების მეორე ეგზემპლარზე, რომელზეც ხელს აწერს ადრესატი, აღნიშნულია მისი ჩაბარების დრო, იგი დაბრუნდა სასამართლოში და ჩაკერებულია საქმეში. უწყების მეორე ეგზემპლარს, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში შეიძლება ხელს აწერდეს 74-ე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტებიც. ასეთ შემთხვევაშიც უწყება ჩაბარებულად ითვლება.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი შ. ვ-ძეს ჩაჰბარდა პირადად 2008 წლის 20 მარტს (ტ.II ს.ფ. 203). ხოლო შ. ვ-ძემ საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა 2008 წლის 10 სექტემბერს კანონით გათვალისწინებული 10 დღიანი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2008 წლის 30 მარტი, შ. ვ-ძემ კი საჩივარი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეიტანა 2008 წლის 10 სექტემბერს ანუ მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, ასევე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი გადაეცა არა შ. ვ-ძეს არამედ ვინმე ა. ფ-ძეს, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულება, კერძოდ საფოსტო შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, საიდანაც ირკვევა, რომ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადწყვეტილება უშუალოდ შ. ვ-ძეს ჩაჰბარდა 2008 წლის 20 მარტს (ტ.II ს.ფ. 203). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საქმის მასალებში არსებული საფოსტო შეტყობინების მონაცემებს და არა სადავოდ გამხდარ სახალხო ფოსტის წერილს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ რადგან მხარემ კანონით გათვალისწინებულ ვადაში არ შეიტანა სააპელაციო საჩივარი შესაბამის სასამართლოში, დაკარგა აღნიშნული საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
შ. ვ-ძის წარმომადგენელ მ. ა-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.