Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №136აპ-17 ქ. თბილისი

მ-ი მ., 136აპ-17 29 ივნისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),

ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. მ-სა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ გიორგი ჯებაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის განაჩენით მ. მ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 22 მაისიდან.

განაჩენით მსჯავრდებულ მ. მ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში: თიანეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 30 იანვრის განაჩენით მ. მ-ი მსჯავრდებულ იქნა განზრახ მკვლელობის ჩადენისათვის - საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 134-ე მუხლით, 2071-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც მან მოიხადა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2011 წლის 2 სექტემბერს.

2016 წლის 21 მაისს, დაახლოებით 20 საათზე, ….. რაიონის სოფელ ….., თავისავე საცხოვრებელ სახლში, მთვრალმა მ. მ-მ ურთიერთშეკამათების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით მოკვლის მიზნით, სანადირო თოფიდან ახლო მანძილიდან გასროლით ასევე მთვრალ მეზობელს -ვ. (გ.) მ-ს თავის არეში განზრახ მიაყენა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ცეცხლნასროლი დაზიანება, რის შედეგადაც იგი ადგილზევე გარდაიცვალა.

2. აპელანტის მოთხოვნა:

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა გიორგი ჯებაშვილმა და მსჯავრდებულმა მ. მ-მ.

პროკურორი ითხოვდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანასა და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო მსჯავრდებული მ. მ-ი ითხოვდა განაჩენის სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 50-ე და 54-ე მუხლების საფუძველზე სასჯელის შემსუბუქებას.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად სწორად შეაფასა მ. მ-ს დანაშაულებრივი ქმედება. მსჯავრდებულის მიერ განზრახ მკველელობის არაერთგზის ჩადენის ფაქტი, გარდა მ. მ-ს აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული, 1-ლი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული თუ გამოკვლევის გარეშე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებებით, კერძოდ: ოქმით ნებაყოფლობით გამოცხადების შესახებ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ფოტოილუსტრაციასთან ერთად, მოწმეების - კ. ი-ს, გ. მ-, დ. ყ-ს, მ. მ-ს, გ. ს-ს, არასრულწლოვან რ. ხ-ს, ი. ზ-ს, ლ. ზ-ს, ჯ. ი-ს, დაზარალებულის უფლებამონაცვლე მ. მ-ს ჩვენებებით, ამოღებული ნივთმტკიცებულებებით, მ. მ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბალისტიკური ექსპერტიზის №….. დასკვნით და ექსპერტ ვ. ბ-ს ჩვენებით, ქიმიური ექსპერტიზის №….. დასკვნით და ექსპერტ ლ. კ-ს ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №…..დასკვნით და ექსპერტ გ. მ-ს ჩვენებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №….. დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის №…..დასკვნით და ექსპერტების - ვ. ო-სა და მ. ა-ს ჩვენებებით, ბალისტიკური ექსპერტიზის №…..დასკვნით და ექსპერტ ლ. შ-ს ჩვენებით, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №…..დასკვნით და ექსპერტ თ. გ-ს ჩვენებით, თიანეთის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 30 იანვრის განაჩენით, №…..ცნობის ასლითა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მოთხოვნები და მიაჩნია, რომ 1-ლი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას, კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

5. კასატორის მოთხოვნა:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. მ-მ და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორმა გიორგი ჯებაშვილმა.

6. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

მსჯავრდებული მ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და საქართველოს სსკ-ის 50-ე და 54-ე მუხლების გამოყენებით მინიმალური სასჯელის შეფარდებას.

პროკურორი გიორგი ჯებაშვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულ მ. მ-თვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში კასატორები ასაჩივრებენ მ. მ-თვის შეფარდებული სასჯელის ზომას.

9. პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. მ-ს ქმედების კვალიფიკაციისა და სასჯელის განსაზღვრის ნაწილში და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

10. საკასაციო პალატა სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საბოლოო სასჯელის ზომა შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები და პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, ისე საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი. ორივე ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ მ. მ-ს, მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში, ხელი შეუწყო დანაშაულის გახსნას, მიუთითა დანაშაულის ჩადენის იარაღის - სანადირო თოფის ადგილსამყოფელი, რითაც ითანამშრომლა გამოძიებასთან, მისი მეუღლე დაავადებულია ონკოლოგიური ავადმყოფობით; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებია, რომ სისტემატურად ეტანებოდა ალკოჰოლურ სასმელებს, დანაშაულიც მთვრალმა ჩაიდინა, არ ცდილობს, შეურიგდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, გააჩნდა და გააჩნია მიდრეკილება კრიმინალური ცხოვრების წესისადმი, თანასოფლელები ახასიათებენ უარყოფითად), განუსაზღვრა ისეთი სასჯელი, რომელიც საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია.

11. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, პროკურორისა და დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

12. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ მ. მ-სა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორ გიორგი ჯებაშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

გ. შავლიაშვილი