საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №79აპ-17 ქ. თბილისი
ჯ. ნ-ე, 79აპ-17 21 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ. ბ-ს, ჯ. ჯ-ს, გ. გ-სა და ჯ. ნ-ს ბრალი დაედოთ ხულიგნობაში, ესე იგი ქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; გ. გ-ს ასევე ბრალი წარედგინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 სექტემბრის განაჩენით:
ლ. ბ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ლ. ბ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 19 ივნისიდან იმავე წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.
ლ. ბ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ჯ. ჯ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ჯ. ჯ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 19 ივნისიდან იმავე წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.
ჯ. ჯ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
გ. გ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობისას დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით მას მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 1000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 19 ივნისიდან იმავე წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.
გ. გ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
ჯ. ნ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ჯ. ნ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის ნაწილი - 6 თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის ნაწილი - 6 თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 7 ივლისიდან. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა 2016 წლის 28 ივნისიდან იმავე წლის 4 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
განაჩენით ლ. ბ-მ, ჯ. ჯ-მ, გ. გ-მ და ჯ. ნ-მ ჩაიდინეს ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით; ასევე - გ. გ-მ ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 18-19 ივნისს, ღამის საათებში, ქალაქ ბათუმში, ….. ქუჩის N…..-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯ. ჯ-მ, ლ. ბ-მ, გ. გ-მ და ჯ. ნ-მ იჩხუბეს და სცემეს გ. ხ-სა და დ. მ-ს, რითაც დაირღვა იქვე მყოფი მოქალაქეებისა და კორპუსში მცხოვრები პირების სიმშვიდე და მყუდროება. ჩხუბის შედეგად დ. მ-ს მუცლის არეში მიაყენეს ჭრილობა, ღვიძლისა და კუჭის წინა კედლის დაზიანებით. აღნიშნული ქმედებით ჯ. ჯ-მ, ლ. ბ-მ, გ. გ-მ და ჯ. ნ-მ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და ძალადობით გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა.
ასევე, გ. გ-ს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მიუხედავად აღნიშნულისა, იგი 2016 წლის 16 ივნისს ქ. ბათუმში, ….., მართავდა ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით …...
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, რომელმაც ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების - ლ. ბ-ს, ჯ. ჯ-ს, გ. გ-სა და ჯ. ნ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათ მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ლ. ბ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ლ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 19 ივნისიდან იმავე წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.
ჯ. ჯ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ჯ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 19 ივნისიდან იმავე წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.
გ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობისას დანიშნული სასჯელები ნაწილობრივ შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით მას მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 1000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2016 წლის 19 ივნისიდან იმავე წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.
ჯ. ნ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე.
ჯ. ნ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის ნაწილი - 6 თვე სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა მთლიანად შთანთქა წინა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ჯ. ნ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა - განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის ნაწილი - 6 თვე სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2016 წლის 7 ივლისიდან და სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა 2016 წლის 28 ივნისიდან იმავე წლის 4 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებია: შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, მოწმეების: თ. ბ-ს, ნ. ბ-ს, ი. ხ-ს, მ. მ-ს, ა. ბ-ს, ა. წ-ს, ვ. დ-ს, ნ. ხ-ს, ს. კ-ს, პ. მ-ს, ნ. ნ-ს, გ. ლ-ს, ჯ. მ-ს, ნ. მ-ს, დ. მ-ს, გ. ხ-ს, ი. ბ-ს ზ. ხ-ს, ი. ს-ს, ვ.ზ-ს, მ. ჩ-ს, ნ. ბ-ს, ხ. ვ-ს, თ. წ-ს, თ. მ-ს, ს. მ-ს, რ. ბ-ს, მ.ფ-ს, ი. ს-ს ჩვენებები; გ. ხ-ს მაისურის დათვალიერების ოქმი, დ. მ-ს ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი; ჯ. ჯ-ს, ლ. ბ-ს, გ. გ-ს, ჯ. ნ-ს ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი, ამოცნობის ოქმები, ბრალდებულების დაკავების ოქმები და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა.
მსჯავრდებულებმა - ჯ. ჯ-მ, გ. გ-მ, ლ. ბ-მ და ჯ. ნ-მ განმარტეს, რომ ისინი ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდნენ ჯ. ნ-ს ოჯახში, თან ახლდათ მეუღლეები და შვილები. სუფრასთან ისხდნენ და სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. მათ ნამდვილად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, რაშიც თავს დამნაშავედ ცნობენ, მაგრამ გამორიცხავენ წინასწარი შეთანხმების არსებობას. 2016 წლის 18-19 ივნისს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ….. ქუჩის N…..-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, იჩხუბეს და სცემეს გ. ხ-სა და დ. მ-ს, მაგრამ იქ უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი და მხოლოდ მათ არ დაურღვევიათ წესრიგი, ისინიც სცემდნენ. აღნიშნული მოქმედებით ნამდვილად დაირღვა იქ მყოფი მოქალაქეებისა და კორპუსში მცხოვრები პირების სიმშვიდე და მყუდროება, თუმცა მათ ამ ქმედების შესახებ წინასწარი შეთანხმება არ ჰქონიათ. თავდაპირველად გ. გ-ს მოუვიდა უთანხმოება და მას დაუწყეს ცემა. ისინი ერთად იყვნენ შეკრებილი გასართობად და არ დაუგეგმავთ, რომ შურაცხყოფა მიეყენებინათ იქ მყოფი პირების ან კორპუსში მცხოვრებთათვის.
მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ. გ-ს 2016 წლის 11 მარტის განაჩენით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მაგრამ 2016 წლის 16 ივნისს ქ. ბათუმში, ….., მართავდა ,,BMW-ს“ მარკის ავტომანქანას, სახ.#......
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის მოტივაცია იმის თაობაზე, რომ სასამართლომ უკანონოდ და დაუსაბუთებლად გადააკვალიფიცირა მსჯავრდებულების ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 239-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე და განმარტა, რომ ,,წინასწარ შეკავშირებაში“ არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია, საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში გამოიხატოს. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული მტკიცებულებებითა და ჩვენებებით დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულები ერთობლივად ახორციელებდნენ ხულიგნობის ობიექტურ შემადგენლობას, რასაც არც სასამართლო მიიჩნევს სადავოდ, თუმცა, მტკიცებულებებით არ დასტურდება მათ შორის წინასწარი შეკავშირების არსებობა, კერძოდ, გამოკვლეული მტკიცებულებებით არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი სახის კომუნიკაცია, რაც პალატას საშუალებას მისცემდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ერწმუნა მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა; არც თვითმხილველ, შემსწრე მოწმეებს განუცხადებიათ ჩვენებაში რაიმე მსგავსი ფაქტის არსებობის თაობაზე.
ამასთან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გ. გ-ს სასჯელის განსაზღვრისას 1-ლი ინსტანციის სასამართლომ ბოლომდე ზუსტად ვერ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, ქმედების განხორცილებისას გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მათ შორის - ორი დამოუკიდებელი დანაშაულის არსებობა, რის გამოც პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია გ. გ-ს მიმართ განსაზღვრული გამოსაცდელი ვადის გაზრდა, რათა უკეთ შესრულდეს სასჯელის მიზნები, თანაც სახელმწიფო საკუთარი პოზიტიური ვალდებულების შესრულებისას უკეთ შეძლებს ახალი დანაშაულის პრევენციას.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა ასევე ჯ. ნ-ს მიმართ დანიშნულ სასჯელზე და იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო ბრალდება ყველა პირის მიმართ ქმედების გადაკვალიფიცირებასთან ერთად მხოლოდ სასჯელის დამძიმებას ითხოვდა (და არაფერს ამბობს ჯ. ნ-ს სასჯელის დანიშვნისას წარმოშობილი ზოგადი საკითხების შესახებ), მიიჩნია, რომ ჯ.ნ-ს, ისევე როგორც ლ. ბ-სა და ჯ. ჯ-ს, 1-ლი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა პროპორციული სასჯელი.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განაჩენი გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ადილარ წირღვავამ.
7. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ასევე - მათთვის უფრო მკაცრი და სამართლიანი სასჯელის დანიშვნას. კასატორის მოსაზრებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 19 დეკემბრის განაჩენი არ არის დასაბუთებული და სამართლიანი, ვინაიდან ის არ ემყარება სასამართლო განხილვისას გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას; ამასთან, დანიშნული სასჯელები არ შეესაბამება მსჯავრდებულების პიროვნებას და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გარემოება, რომლის გამოც საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. ბრალდების მხარე ვერ უთითებს ისეთ სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო პალატის განმარტებას.
11. რაც შეეხება პროკურორის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასწორად შეფასდა, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 სექტემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა.
12. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნის როგორც ზოგადსავალდებულო გარემოებები, ისე პირის ინდივიდუალური მახასიათებლები და მსჯავრდებულებს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელები (იხ. საქმე #54აპ-16).
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ადილარ წირღვავას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი