Facebook Twitter

ას-1094-1358-09 24 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს “კაფე რუსთაველი”

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “სონი ცენტრის”, შპს “კაფე რუსთაველისა” და შპს “ლაზერი 2 თბილისის” სარჩელი, მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის გაუქმების, იჯარის ხელშეკრულების შესრულების, საიჯარო ურთიერთობის გაგრძელების დავალდებულებისა და იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის დავალდებულების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “სონი ცენტრმა”, შპს “კაფე რუსთაველმა” და შპს “ლაზერი 2 თბილისმა” მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 აგვისტოს განჩინებით შპს “სონი ცენტრს”, შპს “კაფე რუსთაველსა” და შპს “ლაზერი 2 თბილისს” დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინების ასლი კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ აპელანტებს.

2009 წლის 24 აგვისტოს აპელანტების წარმომადგენელმა ი. ქ-ძემ ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა შპს “სონი ცენტრი თბილისისა” და შპს “ლაზერი 2 თბილისის” მიმართ ხარვეზის შევსებულად ცნობა და მათი სააპელაციო საჩივრების წარმოებაში მიღება, ხოლო შპს “კაფე რუსთაველის” სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ საფუძვლით, რომ მოპასუხის უკანონო ქმედების შედეგად კომპანია იძულებული გახდა ფაქტობრივად შეეწყვიტა ფუნქციონირება, რის გამოც საზოგადოებას არ გააჩნდა არანაირი შემოსავალი. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად კი, აპელანტმა მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე და ევროპული სასამართლოს საპრეცედენტო პრაქტიკაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შპს “სონი ცენტრი თბილისისა” და შპს “ლაზერი 2 თბილისის” სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა განსახილეველად, ხოლო ამავე სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შპს “კაფე რუსთაველის” წარმომადგენელ ი. ქ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა 7000 ლარის ოდენობით. ამასთან, აპელანტს აღნიშნული განჩინებით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.

2009 წლის 9 ოქტომბერს შპს “კაფე რუსთაველის” წარმომადგენელმა ი. ქ-ძემ კვლავ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ. განმცხადებელმა შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა იგივე საფუძვლები, კერძოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შპს “კაფე რუსთაველის” წარმომადგენელ ი. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და განცხადებაში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლისა და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მეხუთე მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლებს.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს “კაფე რუსთაველის” წარმომადგენელმა ი. ქ-ძემ განჩინების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით, იმ საფუძვლით, რომ როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ისე უზენაესი სასამართლოს მიერ დანერგილი პრაქტიკა არ ითვალისწინებდა რამდენიმე აპელანტის (კასატორის) მიერ წარდგენილი ერთობლივი სააპელაციო (საკასაციო) საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის ცალ-ცალკე დაკისრებას. ამასთან თბილისის სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო და საერთოდ არ იმსჯელა მისი შუამდგომლობის იმ პოზიციაზე, სადაც ყურადღება იყო გამახვილებული ადამიანის უფლებათA ევროპული კონვენციის 6.1 მუხლის მიმართებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველ ნაწილთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ შპს “კაფე რუსთაველის” წარმომადგენელ ი. ქ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება და, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, დარჩება განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 10 აგვისტოს განჩინებით შპს “სონი ცენტრს”, შპს “კაფე რუსთაველსა” და შპს “ლაზერი 2 თბილისს” დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა 4666,67 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტებს გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით.

ასევე დადგენილია, რომ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსების განსაზღვრულ ვადაში შპს “კაფე რუსთაველის” წარმომადგენელმა ი. ქ-ძემ შუამდგომლობით მოითხოვა შპს “სონი ცენტრისა” და შპს “ლაზერი 2 თბილისის” ხარვეზის შევსებულად ჩათვლა, ხოლო შპს “კაფე რუსთაველის” სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე და ევროპული სასამართლოს საპრცედენტო პრაქტიკაზე მითითებით.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის განჩინებით შპს “სონი ცენტრისა” და შპს “ლაზერი - 2 თბილისის” სააპელაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში განსახილველად, ხოლო ამავე პალატის 2009 წლის 15 სექტემბრის განჩინებით შპს “კაფე რუსთაველის” წარმომადგენელ ი. ქ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა 7000 ლარის ოდენობით. ამასთან, აპელანტს აღნიშნული განჩინებით განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.

აღნიშნული განჩინების ასლი აპელანტს გაეგზავნა და ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ 2009 წლის პირველ ოქტომბერს (ს.ფ.90).

დადგენილია, რომ შპს “კაფე რუსთაველის” წარმომადგენელმა ი. ქ-ძემ შუამდგომლობით კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, იმავე საფუძვლებითა და იმავე მოტივით, რაზეც სააპელაციო სასამართლოს უკვე ჰქონდა ნამსჯელი და არ დააკმაყოფილა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებაში. შესაბამისად, ვინაიდან აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

შპს “კაფე რუსთაველის” წარმომადგენელი ი. ქ-ძე კერძო საჩივარში განმარტავს, რომ როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ისე უზენაესი სასამართლოს მიერ დანერგილი პრაქტიკა არ ითვალისწინებს რამდენიმე აპელანტის (კასატორის) მიერ წარდგენილი ერთობლივი სააპელაციო (საკასაციო) საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟის ცალ-ცალკე დაკისრებას. ამასთან თბილისის სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო და საერთოდ არ იმსჯელა მისი შუამდგომლობის იმ პოზიციაზე, სადაც ყურადღება იყო გამახვილებული ადამიანის უფლებათაA ევროპული კონვენციის 6.1 მუხლის მიმართებაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველ ნაწილთან.

აღნიშნულ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნეს ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.

მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, პროცესში თითოეული თანამონაწილე დამოუკიდებლად გამოდის და დამოუკიდებლად ასრულებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედებას.

განსახილველად შემთხვევაში, დადგენილია, რომ დავაში მოსარჩელეებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით წარმოადგენდნენ შპს “სონი ცენტრი”, შპს “კაფე რუსთაველი” და შპს “ლაზერი - 2 თბილისი”, რომლებმაც დამოუკიდებლად ცალ-ცალკე გაასაჩივრეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სამივე აპელანტმა გადაიხადა 7000 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტებს გააჩნდათ ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი მოთხოვნა, მითითებული მუხლის შესაბამისად, მათ ცალ-ცალკე უნდა გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი და სააპელაციო სასამართლოსათვის წარედგინათ გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. ამასთან თავდაპირველი შუამდგომლობით ი. ქ-ძემ თავადვე მოითხოვა, რომ შპს “სონი ცენტრისა” და შპს “ლაზერი - 2 თბილისის” სააპელაციო საჩივრები მიეღოთ წარმოებაში, ხოლო შპს “კაფე რუსთაველის” მიმართ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი თავადვე იზიარებდა იმ გარემოებას, რომ ისინი საქმეში დამოუკიდებლად ასრულებდნენ საპროცესო მოქმედებებს.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზაედაც სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

მითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასამართლომ შეიძლება გაათავისუფლოს მხოლოდ ფიზიკური და არა იურიდიული პირი. იურიდიული პირის მიმართ დასაშვებია მხოლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადადება ან მათი ოდენობის შემცირება (სსსკ-ის 48-ე მუხლი). ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება, ბაჟი გადახდის გადადება ან მისი ოდენობის შემცირება ხდება მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე.

მხარისათვის ასეთი შეღავათის მიცემა დამოკიდებულია მის ქონებრივ მდგომარეობაზე. ქონებრივი მდგომარეობის შეფასება უნდა მოხდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარის მიერ წარმოდგენილი ამ გარემოების დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე. ქონებრივი მდგომარეობა, შინაარსის მიხედვით არ მოიცავს მხოლოდ მხარის მიერ პერიოდულად მისაღებ შემოსავლებს, მასში მოიაზრება ასევე მხარის საკუთრებაში არსებული მთელი ქონება (უძრავ-მოძრავი ქონება, ანგარიშზე არსებული თანხები და სხვა).

ვინაიდან მითითებული მუხლის შესაბამისად, არ არსებობს კერძო საჩივრის ავტორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი, ხოლო თავისი შუამდგომლობებით შპს “კაფე რუსთაველის” წარმომადგენელს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება ან მისი ოდენობის შემცირება არ მოუთხოვია, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, აპელანტს სასამართლოში არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები ბაჟის გადახდის შეუძლებლობაზე და ქონებრივი მდგომარეობის თაობაზე, მხარე მიუთითებს მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ ამჟამად საწარმოს მუშაობა შეჩერებულია, რაც არ წარმოადგენს მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ მტკიცებულებას.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი უზრუნველყოფს ყოველი ადამიანის უფლებას სასამართლო წესით დაიცვას თავისი უფლებები და მოვალეობები. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოსათვის მიმართვის უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, შესაბამისად ევროპული სასამართლო „სასამართლო ხელმისაწვდომობაზე“ გარკვეული შეზღუდვების დაწესებას დასაშვებად მიიჩნევს. შეზღუდვები შეიძლება ატარებდეს ფინანსურ ხასიათს, რაც მხარისათვის ბაჟის დაკისრებაში გამოიხატება. სასამართლოს განმარტებით ბაჟის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს კონკრეტული საქმის გარემოებები, მხარის გადახდისუნარიანობა და სასამართლო სამართალწარმოების ეტაპი. სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვა, მათ შორის ფინანსურიც, შესაძლებელია უფრო გამკაცრდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში, ეს შეზღუდვა კონვენციის საწინააღმდეგო ხასიათს იძენს, თუ აღნიშნული შეზღუდვის შედეგად სამართალწარმოება საერთოდ არ შედგა. თუ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე უკვე არსებითად განხილულ იქნა, ხოლო ზემდგომმა სასამართლომ იგი დასაშვებობის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო განუხილველად დატოვა, აღნიშნული არ შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული „სასამართლო ხელმისაწვდომობის“ უფლების ხელყოფად. (ტელტრონიკი პოლონეთის წინააღმდეგ, გოლდერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, ზეტი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, მუტატის მუტანდის ირლანდიის წინააღმდეგ, ბრუალა გომეს დე ლა ტორე ესპანეთის წინააღმდეგ, ტოლსტოი-მილოსლავსკი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, შპს ტინელი და სონსი და სხვები და მაკელდაფი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, იედამსკი და იედამსკა პოლონეთის წინააღმდეგ და ა.შ.)

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაარღვია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

შპს “კაფე რუსთაველის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.