Facebook Twitter

ას-1097-1254-08 20 თებერვალი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

რ. ნადირიანი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ვ. ჩ-იანი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-შვილი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი –ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. ჩ-იანმა მოპასუხე მ. შ-შვილის მიმართ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით.

მოსარჩელის განმარტებით, მან 205 წლის 6 სექტემბერს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე თავის შვილს, მ. შ-შვილს აჩუქა უძრავი ქონებამდებარე თბილისის, ... ¹93, მოსარჩელე კი საცხოვრებლად გადავიდა მის საკუთრებაში არსებულსათავსოში,სადაც დღმდე ცხოვრობს. მოსარჩელემ მიუთითა, რომ მოპასუხემ და მისმა მეუღლემ მას მიაყენეს მძიმე შეურაცყოფა და სცემეს. აღნისნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვაჩუქების ხელსეკრულების გაუქმება და უძრავი ქონების კვლავ მის სახელზე აღრიცხვა. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპალაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ჩ-იანმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ვ. ჩ-იანის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი.

2008 წლის 15 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტმა და მოითხოვა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელება, რაც დაკმაყოფილდა სააპელაციო პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით და აპელანტს, გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა 10 დღით.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ოქტომბრის განჩინება ვ. ჩ-იანს ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით 2008 წლის 22 ოქტომბერს. შესაბამისად ხარვეზი უნდა შევსებულიყო 2008 წლის 3 ნოემბერს.

ასევე დადგენილია, რომ დათქმულ ვადაში ვ. ჩ-იანმა ხარვეზი არ შეავსო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინება კერძოს საჩივრით გაასაჩივრა ვ. ჩ-იანმა.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მიერ ხარვეზის შეუვსებლობა და ბაჟის გადაუხდელობა გამოწვეული იყო უსახსრობით, ვინაიდან ის არის მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პიროვნება. სააპელაციო საჩივრის განხილვის პერიოდში, მის მიმართ მიმდინარეობდა შემოწმებები. რათა აღრიცხულიყო მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის, რისი დამადასტურებელი მოწმობაც მიიღო 2008 წლის 18 ნოემბერს.

კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა გაეცნო საქმეზე წარმოდგენილ კერძო საჩივარს, თანდართულ მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ ვ. ჩ-იანის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ვ. ჩ-იანის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, ხარვეზის შეუვსებლობის, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ვ. ჩ-იანს ხარვეზის შევსების ვადა განესაზღვრა 3 ნოემბრამდე, ხოლო ვ. ჩ-იანზე სოციალურად დაუცველ ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა გაიცა 18 ნოემბერს. შესაბამისად აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტისათვის ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის განმავლობაში, მხარის მიერ საპატიო საფუძვლად მითითებული გარემოება არ იყო დადასტურებული კანონით დადგენილი წესით.

ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1 ნაწილის ,,ვ”პუნქტის შესაბამისად სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები, რომლებიც დადენილი წესით რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი ადგენს ორ აუცილებელ პირობას, რაც შეიძლება გახდეს ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძველი, კერძოდ, პირი რეგისტირებული უნდა იყოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და ამასთან იღებდეს საარსებო შემწეობასაც. შესაბამისად მარტოოდენ ის გარემოება, რომ პირი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების საფუძველს, თუ ის ამავდროულად არ იღებს საარსებო შემწეობასაც. მოცემულ შემთხვევაში ვ. ჩ-იანის მიერ კერძო საჩივარზე დართული მტკიცებულებებით დასტურდება მხოლოდ ვ. ჩ-იანის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია, ხოლო მის მიერ შემწეობის მიღების ფაქტი საქმის მასალებით არ დგინდება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხელის მე-3 ნაწილის შესაბამისად ის რაც შეიძლება დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აქედან გამომდინარე ვ. ჩ-იანის მიერ წარმოდგენილი მოწმობა არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რომელიც მიუთითებს ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის საპატიო საფუძველზე. ვ. ჩ-იანს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში რომც წარედგინა მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობა, ის მაინც არ გათავისუფლდებოდა სახლემწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება ქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის უშედეგოდ გასვლის გამო. მოცემულ შემთხვევაში ვ. ჩ-იანმა ხარვეზის შეუვსებლობის გამო დაკარგა საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება.

ყოველივე ზემოაღნიშნულდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ჩ-იანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.