Facebook Twitter

ას-1100-1256-08 2 თებერვალი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ღ-შვილის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე. საქმეზე – ა. ღ-შვილის სარჩელის გამო სს «თელასის» მიმართ შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო იძულებითY გაცდენილი დროისათვის საშუალო ხელფასის ანაზღაურების შესახებ.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ა. ღ-შვილს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაევალა 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2008 წლის 29 დეკემბერს კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი შევსებულად ჩაეთვალოს იმ საფუძვლით, რომ იგი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2009 წლის 8 იანვრის განჩინებით ა. ღ-შვილს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა (ს.ფ. 152-153).

მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა 2009 წლის 15 იანვარს (ს.ფ. 154); ა. ღ-შვილს განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2009 წლის 17 იანვარს (ს.ფ.155).

2009 წლის 20 იანვარს კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი შევსებულად ჩაეთვალოს იმ საფუძვლით, რომ იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფალია «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ძირითად დავის საგანს წარმოადგენს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო სამი თვის კომპენსაციის ანაზღაურება, რაც არ განეკუთვნება ხელფასის გადახდევინების ან შრომის ანაზღაურების მოთხოვნას და ზემოხსენებული ნორმით სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას არ ექვემდებარება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა.ღ-შვილმა ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შევსება – სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 396-ე მუხლის III ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემომტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, -420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.