Facebook Twitter

ას-110-455-07 28 მაისი, 2007 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ქ.თბილისის ...-ა (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ბ.-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინება

დავის საგანი _ უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე უძრავი ქონების ფლობის ფაქტის დადგენა

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ბ.-მა 2005 წლის სექტემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ... სამსახურის მიმართ, მესამე პირად მიუთითა ქ.თბილისის ...-ა და მოითხოვა უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე აღრიცხული 1309 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფლობის ფაქტის დადგენა. მოსარჩელის მითითებით, იგი ვერ იღებს თავისი მეუღლის ვ. ბ.-ის სამკვიდრო ქონებას, ვინაიდან ქ.თბილისში, ...-ის შესახვევი ¹16-ში მდებარე მიწის ნაკვეთიდან, ყოფილი ტექნიკურ აღრიცხვის სამსახურის საარქივო მონაცემებით, 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღრიცხულია აწგარდაცვლილი ვ.ბ.-ზე როგორც კანონიერი. მოსარჩელის მითითებით, მისი მეუღლე ვ. ბ.-ი გარდაიცვალა 2004 წლის 20 ოქტომბერს. მის სახელზე უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე აღრიცხულია 760 კვ.მ მიწის ნაკვეთი, 45,50 კვ.მ ბინის ფართობი და 90,53 კვ.მ დამხმარე სათავსო; აწ.გარდაცვლილი ვ.ბ.-ი სულ ფლობდა და სარგებლობდა 1809 კვ.მ მიწის ნაკვეთით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით თ. ბ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ვ. ბ.-ის მიერ დადგენილ იქნა ქ.თბილისში, ...-ის შესახვევი ¹16-ში მდებარე 1309 კვ.მ მიწის ნაკვეთის (ნაცვლად 760 კვ.მ მიწის ნაკვეთისა) 1983-1988 წლებიდან, უფლების დამადასტურებელი საბუთის გარეშე, ფლობის ფაქტი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ...-მ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ქ.თბილისის ...-ს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, განესაზღვრა ათდღიანი ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბრის განჩინებით ქ.თბილისის ...-ს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით. ვადის ათვლა დაიწყო ამ განჩინების ასლის აპელანტისათვის გადაცემის მომენტიდან. სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

ქ.თბილისის ...-მ 2006 წლის 12 დეკემბერს წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ქ.თბილისის ...-ს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის სრულად შესავსებად გაუგრძელდა ვადა 10 დღით. ვადის ათვლა დაიწყო ამ განჩინების ასლის აპელანტისათვის გადაცემის მომენტიდან. სააპელაციო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინებით ქ.თბილისის ...-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. აპელანტ ქ.თბილისის ...-ს დაუბრუნდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილზე და 63-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ ქ.თბილისის ...-ს ხარვეზის შევსება შეეძლო 2007 წლის 3 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზი არ შევსებულა და აპელანტს ამ ვადაში არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილზე და 374-ე მუხლზე მითითებით ჩათვალა, რომ თბილისის ...-მ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივრის ხარვეზი, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ქ.თბილისის ...-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება. კერძო საჩივრის ავტორმა «საქართველოს დედაქალაქის _ თბილისის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მეოთხე პუნქტზე, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ და მეოთხე პუნქტებზე, საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ» საქართველოს კანონის პირველ, მე-2 და მე-4 მუხლის «ე» ქვეპუნქტზე და «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის «უ» ქვეპუნქტზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლოს საერთოდ არ უნდა დაედგინა ხარვეზი ქ.თბილისის ...-ის სააპელაციო საჩივარზე; რადგან სასამართლოს განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ კერძო საჩივრით არ საჩივრდება, სადავოდ ვერ გახადეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 6 ნოემბრის განჩინება სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების შესახებ, რადგან ქ.თბილისის ..-ა გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ქ.თბილისის ...-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 1 დეკემბერის განჩინებით ქ.თბილისის ..-ას სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა გაუგრძელდა ათი დღით (ს.ფ. 111-113).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინებით ქ.თბილისის ...-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა ქ.თბილისის ...-მ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი (ს.ფ. 124-129).

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას არ გამოიყენა «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «უ» ქვეპუნქტი, რომლის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან _ ყველა საქმეზე.

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უნდა დაედგინა ხარვეზი ქ.თბილისის ...-ის სააპელაციო საჩივარზე, რადგან ქ.თბილისის ...-ა, რომელიც არის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულება, თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ.თბილისის ...-ის კერძო საჩივარი საფუძლიანია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინებით ქ.თბილისის ...-ის სააპელაციო საჩივარი არასწორად იქნა განუხილველად დატოვებული.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ.თბილისის ...-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 10 იანვრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.