ას-1105-1260-08 9 თებერვალი, 2009წ.
¹ თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ი. ჟ-ია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. რ-შვილი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო განცხადებით მიმართა დ. რ-შვილმა მოპასუხე ი. ჟ-იას მიმართ.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანას («მაზდა 626», სახელმწიფო ნომრით ¹OთO 922) გაჩერებულ მდგომარეობაში, თბილისში, ... ქუჩაზე, შეეჯახა «ოპელის» მარკის ჯიპი, რომელსაც მართავდა ი. ჟ-ია. შეჯახების შედეგად მთლიანად მწყობრიდან გამოვიდა მარცხენა წინა კარები, შესაკეთებელია წინა მარცხენა ფრთა, უკანა მარცხენა კარები და მარცხენა «კარნიზი». ავტომანქანის შეკეთებას სჭირდებოდა 1000 ლარი (ს.ფ. 3-4).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. რ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ჟ-იას მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა (ს.ფ. 44-46).
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ი. ჟ-იამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა (ს.ფ. 49).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 15 ნოემბრის საოქმო განჩინებით ი. ჟ-იას საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა აღნიშნული საქმის წარმოება (ს.ფ. 59-61).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2008 წლის 7 ოქტომბერს მიღებულ იქნა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დ. რ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ი. ჟ-იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა (ს.ფ. 84-86).
საქალაქო სასამართლოს განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილება ი. ჟ-იამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რომლითაც მისი გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება მოითხოვა (ს.ფ. 91-99).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ი. ჟ-იას სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. მოცემულ შემთხვევაში აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარი, ანუ დავის საგანს წარმოადგენდა 1000 ლარი. შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 103-105).
დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ი. ჟ-იამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღება, შემდეგი მოტივებით:
იმის მიუხედავად, რომ სააპელაციო საჩივრის დავის საგანს წარმოადგენდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ჟ-იას მოსარჩელის სასარგებლოდ 1000 ლარის გადახდა დაეკისრა, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას არსებითია აღნიშნული სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ი. ჟ-ია იმ მოტივით მოითხოვდა, რომ სასამართლოს არ ჰქონდა განმეორებითი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაბამისი სამართლებრივი წანამძღვრები. ასეთ ვითარებაში კი სააპელაციო საჩივრის წარდგენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დასაშვები იყო (ს.ფ. 108).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჟ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ. რ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ი. ჟ-იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1000 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ჟ-იამ. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 1000 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება 1000 ლარს აღემატება. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამ შემთხვევაში დავის საგანში იგულისხმება სარჩელის დავის საგანი. აქედან გამომდინარე, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სააპელაციო საჩივრის დაუშვებლობის თაობაზე, რამდენადაც აპელანტის მოთხოვნა არ აკმაყოფილებს კანონის ზემოაღნიშნული ნორმით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, კერძოდ, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ჟ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.