Facebook Twitter

ას-1109-1373-09 7 დეკემბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე რ. ნადირიანი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. მ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის განჩინებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 თებერვლის განჩინებით მ.მ-ძის მოთხოვნა ლ.პ-იას უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით მტკიცებულებათა გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა და ლ.პ-იას მიმართ შეწყდა საქმის წარმოება სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე უფლებამონაცვლეობის დაუშვებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ. მ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მტკიცებულებათა გამოთხოვის თაობაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად, ხოლო საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილში გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა და ლ.პ-იას უფლებამონაცვლის დადგენის სტადიიდან არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს.

2009 წლის 4 მაისს მ. მ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება.

2009 წლის 12 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართა მთავარი სხდომა, ხოლო განჩინების გამოცხადება გადაიდო 16 ივნისისათვის.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივნისის განჩინებით მ. მ-ძის განცხადება უსწორობის გასწორებაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 2009 წლის 27 მარტის განჩინების აღწერილობითი ნაწილის მეორე აბზაცის მეორე წინადადება გასწორდა შემდეგნაირად: ,,ლ. პ-იასაგან მოსარჩელე ითხოვდა მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 1600 აშშ დოლარის ოდენობით და მორალური ზიანის ანაზღაურებას 1000 ლარის ოდენობით”, ასევე განჩინების აღწერილობითი ნაწილის მესამე გვერდის მეორე აბზაცის პირველ წინადადებაში “ლ. პ-იას” ნაცვლად, მიეთითა “მ. მ-ძე”, დანარჩენ ნაწილში განმცხადებლის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

2009 წლის 20 ივლისს მ. მ-ძემ წარადგინა შენიშვნები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 12 ივნისის სხდომის ოქმზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის განჩინებით მ. მ-ძის შენიშვნები მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და დარჩა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. მ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიაჩნია, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ დადგენილ შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოს განჩინებას, რომლითაც დაუშვებლად იქნა მიჩნეული მ.მ-ძის შენიშვნები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივლისის სხდომის ოქმზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 291-ე მუხლი კი სხდომის ოქმზე შენიშვნების შეტანის თაობაზე გამოტანილი განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, მ. მ-ძის კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ძის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.