საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №196აპ-17 ქ. თბილისი
ხ-ა მ., 196აპ-17 28 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენზე აჭარის ა/რ-ის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გიორგი კალანდაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. ხ-მ გაიტაცა თავისი მეზობლის - მ. კ-ს პირადობის მოწმობა, რომლის გამოყენებითაც იგი 2016 წლის 14 ნოემბერს ….. მუნიციპალიტეტის სოფელ ….. მდებარე სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „…..“ ცდილობდა, უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შესულიყო თურქეთის რესპუბლიკაში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენით მ. ხ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მ. ხ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 2000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენით მ. ხ-მ ჩაიდინა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2016 წლის 14 ნოემბერს ….. მუნიციპალიტეტის სოფელ ….. მდებარე სასაზღვრო-გამტარ პუნქტ „…..“ მ. ხ-ა მ. კ-ს პირადობის მოწმობის გამოყენებით ცდილობდა, უკანონოდ გადაეკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შესულიყო თურქეთის რესპუბლიკაში.
3. აპელანტის მოთხოვნა:
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გიორგი კალანდაძემ, რომელმაც ითხოვა მ. ხ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.
4. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. გასაჩივრებული განაჩენის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ მ. ხ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებულ და საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რაც საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, კერძოდ, ესენია: მოწმეების - თ. ნ-ს, ბ. ბ-ს, მ. კ-ს ჩვენებები, საზღვრის კვეთის მონაცემები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
რაც შეეხება პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცების ეპიზოდს: მ. კ-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი პარტია ,,…..“ წევრია და ოქტომბერში გამართულ არჩევნებში იყო პარტიის კოორდინატორი. განმეორებითი არჩევნების დროს პირადობის მოწმობა გადასცა მათივე პარტიის დამკვირვებელს, მ. ხ-ს, თუმცა მოგვიანებით პირადობის მოწმობის გამორთმევა დაავიწყდა. შემდეგ კი მისთვის ცნობილი გახდა, რომ მ. ხ-ა მისი პირადობის მოწმობის გამოყენებით ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას.
მ. ხ-ს გამოკითხვის ოქმით, მ. კ-მ მას არჩევნებთან დაკავშირებით გადასცა პირადობის მოწმობა. ვინაიდან მ. კ-ს პირადობის მოწმობა აღარ მოუკითხავს და არ გამოურთმევია მისთვის, გადაწყვიტა, ესარგებლა და გამოეყენებინა თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლის დროს, რადგან მას ,,დეპორტი ჰქონდა“ და ვერ შეძლებდა საზღვარზე გადასვლას.
სააპელაციო პალატა დაეთანხმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მ. კ-მ პირადობის მოწმობა თვითონ გადასცა მ. ხ-ს, რომელმაც იგი გამოიყენა საზღვრის გადასაკვეთად, ე.ი. მას პირადობის მოწმობა არ გაუტაცია მისი მესაკუთრისაგან. ნივთის გატაცება გულისხმობს კონკრეტული პირისაგან მის კუთვნილებასა ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადასტურებლად, რომ მ. ხ-მ ჩაიდინა პირადობის მოწმობის გატაცება. ხოლო რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ, მართალია, მხარეები შეთანხმდნენ ამის თაობაზე, მაგრამ არსებული გარემოება არ წარმოადგენს პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარის საფუძველს, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის in dubio pro reo (ყველა ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის) გათვალისწინებით, რაც ასევე განმტკიცებულია საქართველოს სსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
6. კასატორის მოთხოვნა:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენი გაასაჩივრა აჭარის ა/რ-ის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გიორგი კალანდაძემ.
7. საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
პროკურორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ. ხ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში.
8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
10. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საჩივარი, სისხლის სამართლის საქმე და მიაჩნია, რომ იგი არ მოიცავს ისეთი სახის სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობდა სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და ამასთან, ბრალდების მხარეს არ მიუთითებია გარემოებაზე, რომელიც დადგენილი პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას მიზანშეწონილს გახდიდა. პროკურორის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში მ. ხ-თვის ბრალად წარდგენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს და ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა არარსებობის შემთხვევაში პირის მსჯავრდების დაუშვებლობასთან მიმართებით არსებობს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა (მაგალითისთვის იხ. №480აპ-16). აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სავარაუდო არ არის დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
11. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით დადგენილ ფუძემდებლურ პრინციპს, რომ ყოველი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით (მაშასადამე, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით), ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დასაბუთებულია ის მოტივები, რომელთა საფუძველზეც სააპელაციო პალატამ მ. ხ-ს საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებისათვის გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის ფარგლებში დაკმაყოფილებულად არ მიიჩნია.
13. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, საქმის მასალათა შესწავლის თანახმად, ზემომითითებული გარემოებები არ არსებობს. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. აჭარის ა/რ-ის პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ გიორგი კალანდაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი