ას-113-458-07 2 აგვისტო, 2007 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მ. ცისკაძე (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის შემომტანი პირი - მ. ყ-ი
(მოსარჩელე)
წარმომადგენელი _ დ. გ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - ნ. და ა. (ბ.) პ-ები (მოპასუხეები)
დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ყ-მა 2005 წლის აგვისტოში სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების ნ. და ა. პ-ების მიმართ და მოითხოვა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. მოსარჩელემ თავისი სარჩელი დაასაბუთა იმით, რომ 2001 წლის 27 იანვარს მ. ყ-ს და ნ. პ-ს შორის დაიდო ქ.თბილისში, ... ქ. ¹110-ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. მოლაპარაკების პროცესში მონაწილეობდა ა. (ბ.) პ-ი - ნ. პ-ს ძმა, რომელმაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის ფასი 400000 აშშ დოლარი პირადად გადაუხადა მოსარჩელეს და მის მეუღლეს ზ. ბ-ს იმ პირობით, რომ გარიგების დადებიდან ორი წლის გასვლის შემდეგ მოსარჩელის მიერ ბ. პ-სთვის ბინის საფასურის დაბრუნების შემთხვევაში, ბინას უპირობოდ დაუბრუნებდნენ მ. ყ-ს. მ. ყ-ს, მისი მეუღლისა და ბ. პ-ს შეთანხმების საფუძველზე მ. ყ-მა ბ. პ-ს დროებით სარგებლობაში დაუტოვა ანტიკვარული ავეჯი და ნივთები, ვიდრე მოსარჩელე სხვა საცხოვრებელ ბინას მოძებნიდა. 2001 წლის ზაფხულში, ბ. პ-მა მ. ყ-თან შეუთანხმებლად, იმ მოტივით, რომ ფართი სჭირდებოდა, ავეჯის ნაწილი გადაიტანა ... ფაბრიკაში. ტრანსპორტირებისას ავეჯი დაზიანდა, ავეჯს რესტავრაცია ჩაუტარა მოსარჩელემ თავისი ხარჯებით. მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2001 წლის 27 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ავეჯის პ-ებზე გასხვისების თაობაზე მითითებული არ არის, მეტიც, როცა მოსარჩელემ ბ.პ-ს ავეჯის შეძენაც შესთავაზა, მან უარი განაცხადა ავეჯის შეძენაზე. 2001 წლის 16 ნოემბერს გაურკვეველი მიზეზების გამო გაჩენილი ხანძრის შედეგად დაიწვა საცხოვრებელი ბინა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ბ.პ-მა ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება გააფორმა უაღრესად კაბალური პირობით, რითაც მან მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღო, კერძოდ, 2000 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, ე.ი. ბინის გაყიდვამდე კარგა ხნით ადრე, ბინა შეფასებული იყო 1150000 აშშ დოლარად, პ-მა კი ისარგებლა რა მ.ყ-ს მძიმე ეკონომიკური მდრომარეობით, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ მოსარჩელე და მისი მეუღლე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უმუშევრები იყვნენ, საცხოვრებელი ბინა შეიძინა მისი რეალური ღირებულების მესამედ ფასში. მოსარჩელემ ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება და უძრავ ქონებაზე მ.ყ-ს საკუთრების უფლების აღდგენა, ასევე ანტიკვარული ავეჯის და ნივთების მოსარჩელისათვის დაბრუნება მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე, 76-ე და 172-ე მუხლების საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ყ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მ.ყ-მა შეიტანა სააპელაციო საჩივარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აგვისტოს განჩინებით მ. ყ-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მ.ყ-ს განესაზღვრა 20 დღის ვადა სახელმწიფო ბაჟის 50.000 (ორმოცდაათიათასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმო-სადგენად.
მ.ყ-მა 2006 წლის 9 ნოემბერს ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. მან წარადგინა 1.000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთი და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 49.000 (ორმოცდაცხრა ათასი) ლარის გადახდის გადადება იმ საფუძვლით, რომ იმყოფება მძიმე მდგომარეობაში, ცხოვრობს ნაქირავებ ბინაში, ამასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა. მან ამ განცხადებას დაურთო თავისი ავადმყოფობის ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ იგი გულის არეში უჩივის ჩივილებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრის განჩინებით მ. ყ-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მ.ყ-ს 15 (თხუთმეტი) დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა ამ ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 49.000 (ორმოცდაცხრა ათასი) ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს. ამასთან აპელანტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება, რომელიც სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების საფუძველი გახდებოდა.
მ.ყ-ს წარმომადგენელმა, დ.გ-მ 2006 წლის 21 დეკემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, მან მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო და წარმოადგინა სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს ვაკე-საბურთალოს განყოფილების მიერ გაცემული ¹277 ცნობა, რომლის თანახმად, მ. ყ-ი 2006 წლის 19 დეკემბრიდან რეგისტრირებულია სამუშაოს მაძიებლად; მან სასამართლოს წარუდგინა ასევე 2006 წლის 18 ივნისის ხელწერილი, რომლის თანახმად, ქ.გულიაშვილმა მ.ყ-ს ორი წლის ვადით ასესხა 20.000 ლარი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებით მ. ყ-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და მას 15 დღით გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადა. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი უმუშევრობის შესახებ ცნობა არ წარმოადგენს მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების საფუძველს, ვინაიდან უმუშევრობა არ შეიძლება ჩაითვალოს მხარის ქონებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელ ისეთ კრიტერიუმად, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადებას. სასამართლომ ასევე არ ჩათვალა მ.ყ-ს მიერ წარმოდგენილი სესხის ხელწერილი მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველად.
2007 წლის 15 იანვარს მ.ყ-ს წარმომადგენელმა დ.გ-მ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მ.ყ-ს არა აქვს მატერიალური საშუალება სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 49.000 ლარის გადასახდელად და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინებით მ. ყ-ს წარმომადგენელი დ. გ-ს შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მ.ყ-ს სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აგვისტოს განჩინებით მ.ყ-ს განესაზღვრა 20 დღის ვადა სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის - 50.000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გადასახდელად. მ.ყ-მა 2006 წლის 9 ნოემბერს ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა 1.000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთი და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 49.000 ლარის გადახდის გადადება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 29 ნოემბრისა და 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებებით მ. ყ-ს ორჯერ გაუგრძელდა სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადა. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი და აღნიშნული ნორმის შესაბამისად ჩათვალა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადადების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს საშუალება წინასწარ გადაიხადოს სასამართლო ხარჯები. ამ გარემოების დადასტურების ტვირთი ეკისრება თვითონ მხარეს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადადებას. მოცემულ შემთხვევაში, მ.ყ-ს წარმომადგენელმა დ.გ-მ 2007 წლის 15 იანვრის განცხადებაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების საფუძვლად მიუთითა აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობა. აღნიშნული საფუძვლით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ უკვე იმსჯელა 2006 წლის 29 ნოემბრისა და 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებებში და უარი უთხრა აპელანტს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. ამასთან, განმცხადებელს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია აპელანტის მძიმე მატერიალური მდგომარეობის ამსახველი რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს მ.ყ-სათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, ასევე 374-ე მუხლის პირველი ნაწილი და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
მ.ყ-ს წარმომადგენელმა დ.გ-მ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება, მ.ყ-სათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა. კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: კერძო საჩივრის ავტორს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ.ყ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, ასევე უმუშევრობის ცნობა და 2006 წლის 18 ივნისის ხელწერილი ვალის არსებობის თაობაზე არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველს; სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მხარეს არ წარმოუდგენია სასამართლოში მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია.
კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოეკვლია მხარის რეალური ქონებრივი მდგომარეობა და ამის შესაბამისად გადაეწყვიტა სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან შემცირების საკითხი. კერძო საჩივარში მითითებულია, რომ მოწინააღმდეგე მხარის უკანონო ქმედებებით მას მიადგა სერიოზული ზიანი - მან დაკარგა როგორც უძრავი, ასევე მოძრავი ქონება, რომელიც დღეის მდგომარეობით მოწინააღმდეგე მხარის უკანონო მფლობელობაშია, ამ ქონების დაბრუნებაზეა დამოკიდებული მ.ყ-ს შემდგომი მატერიალური მდგომარეობა. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ კერძო პირი დავობს მისი კუთვნილი ქონების დაბრუნებაზე და საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლოს უნდა მიეცა საშუალება მისი კონსტიტუციური უფლების რეალიზაცისთვის, რაც არ იქნა განხორციელებული და უზრუნველყოფილი სააპელაციო სასამართლოს მიერ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ.ყ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იანვრის განჩინება შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 25 აგვისტოს განჩინებით მ.ყ-ს განესაზღვრა 20 დღის ვადა სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის - 50.000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის გადასახდელად (ს.ფ. 298-301). მ.ყ-მა 2006 წლის 9 ნოემბერს ხარვეზის შევსების მიზნით განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, წარმოადგინა მისი ავადმყოფობის ცნობა, ასევე 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი საბუთი და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 49.000 ლარის გადახდის გადადება (ს.ფ. 309-311). თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006 წლის 20 ნოემბრისა და 2006 წლის 28 დეკემბრის განჩინებებით მ. ყ-ს ორჯერ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა (ს.ფ. 312-315; 321-325).
მ.ყ-ს წარმომადგენელმა დ.გ-მ 2007 წლის 15 იანვარს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას. განმცხადებელმა მიუთითა, საქმეში წარმოდგენილი მ.ყ-ს უმუშევრობის ცნობა და სესხის ხელწერილი მიუთითებენ იმაზე, რომ მ.ყ-ს არა აქვს მატერიალური საშუალება სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის - 49.000 ლარის გადასახდელად და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადება (ს.ფ. 328). სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუდოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს ამ ხარჯების ოდენობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ აღნიშნული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად ჩათვალა, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადადების საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას, რის გამოც მას არა აქვს საშუალება წინასწარ გადაიხადოს სასამართლო ხარჯები. ამ გარემოების დადასტურების ტვირთი ეკისრება თვითონ მხარეს, რომელიც ითხოვს სასამართლო ხარჯების გადახდის გადადებას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მ.ყ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა და მის მიერ წარმოდგენილი სესხის ხელწერილი, ასევე უმუშევრობის შესახებ ცნობა სწორად არ ჩათვალა მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადების საფუძვლად, ვინაიდან უმუშევრობა არ შეიძლება ჩაითვალოს მხარის ქონებრივი მდგომარეობის განმსაზღვრელ ისეთ კრიტერიუმად, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადებას. სასამართლომ ასევე სწორად არ ჩათვალა მ.ყ-ს მიერ წარმოდგენილი სესხის ხელწერილი მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის ამსახველად, რადგან მ.ყ-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები მისი ქონებრივი მდგომარეობის ყოველმხრივ ამსახველ (შემფასებელ) მტკიცებულებებს არ წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მ.ყ-ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია თავისი მძიმე მატერიალური მდგომარეობის ამსახველი რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც შეიძლება საფუძვლად დაედოს მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადადებას.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი; ამ ნორმის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან მ. ყ-მა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი - სრულად არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, სააპელაციო პალატამ სწორად დატოვა იგი განუხილველი, რის გამოც მისი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ყ-ს წარმომადგენელი დ. გ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 25 იავნრის განჩინება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.