Facebook Twitter

ას-11-349-09 12 მარტი, 2009წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ღ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – სს “თ.-ი”

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინებაზე განცხადებით მიმართა სასამართლოს ა. ღ-შვილმა და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმება.

განმცხადებლმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2008 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინებით კანონიერად იქნა დატოვებული უცვლელად პირველი ინსტანციის სასამართლოს 2008 წლის 21 აპრილის განჩინება. სასამართლომ ჩათვალა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, კოლეგიამ კანონიერად დატოვა განუხილველად ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე, ვინაიდან საქმის მასალებით არ იყო დადასტურებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ განმცხადებლის მიერ დაცული იყო განცხადების წარდგენისათვის საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილით იპერატიულად განსაზღვრული ერთთვიანი ვადა.

ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული და სამოქალაქო საქმეში არსებული უზენაეს სასამართლოში წარდგენილი 2003 წლის აპრილის განცხადებით ვერ დასტურდებოდა განმცხადებლის მიერ გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დაცვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ა. ღ-შვილის განცხადება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებლად მიიჩნია.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ღ-შვლმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ერთი თვის განმავლობაში და ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვადის დენა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლის არსებობა.

განსახილევლ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება ძალაშია 2003 წლის პირველი მაისიდან; ასევე დადგენილია, რომ განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ამ გადაწყვეტიელბის ძალაში შესვლამდე 2003 წლის 31 მარტს და საფუძვლად მიუთითა იგივე გარემოებები, რაც მითითებული აქვს მოცემულ შემთხვევაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 426-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, ანუ 2003 წლის პირველი მაისიდან, ხოლო ა. ღ-შვილმა განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ სასამართლოში შეიტანა 2008 წლის 26 მარტს, ანუ კანონით დადგენილი გასაჩივრების ერთთვიანი ვადის დარღვევით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ა. ღ-შვილის განცხადება სწორად არ დააკმაყოფლა და შესაბამისად, არ არსებობს ამ განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.