Facebook Twitter

ბს-1030-615(კ-05) 2 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბ. კობერიძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სანოტარო მოქმედების _ ჩუქების ხელშეკრულებისა და სარეგისტრაციო სამსახურის მიერ შესრულებული მოქმედების _ კომლიდან ამოწერის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 9 აგვისტოს მ. გ.-მ დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ მა. და მ. გ.-ების, საპასპორტო სავიზო და მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურისა და დედოფლისწყაროს სანოტარო ბიუროს ნოტარიუს მ. ა.-ის მიმართ სარჩელი აღძრა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1975წ. 3 ოქტომბერს დაბადებული, მა. გ.-ის ნაშვილევი იყო. 1991 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა გურჯაანის რაიონის სოფ. ... მცხოვრებ თ. ტ.-თან, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი. მოსარჩელე მეუღლის ბინაში ცხოვრობდა, თუმცა უსიამოვნების გამო მეუღლეები დაშორდნენ ერთმანეთს და მოსარჩელე შვილებთან ერთად მშობლების ოჯახში დაბრუნდა. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში უვლიდა ლოგინად ჩავარდნილ დედას, ხოლო შემდეგ მეორედ გათხოვდა და გადავიდა მეუღლის ბინაში, თუმცა მშობლები არ მიუტოვებია და კომლთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. მეორე მეუღლესთან დაშორების შემდეგ დაბრუნდა მშობლების სახლში.

მოსარჩელის განმარტებით, 1998წ. 5 აგვისტოს მამამისმა სადავო ბინა უკანონოდ აჩუქა მისი ძმისშვილის მეუღლეს _ მ. გ.-ს, ვინაიდან სადავო ბინაში თვითონაც იყო ჩაწერილი და ბინის ჩუქებისას მისი თანხმობაც იყო საჭირო, ამიტომ მამის განცხადების საფუძველზე იგი უკანონოდ იქნა ამოწერილი კომლიდან, რის შესახებაც მან 2000წ. დეკემბერში შეიტყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ კომლიდან ამოწერის გაუქმება, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სადავო ბინიდან წილის გამოყოფა მოითხოვა.

მოპასუხე მ. გ.-მა სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ მ. გ.-ი გათხოვილი იყო და ხუთი წლის განმავლობაში წასული იყო სახლიდან, ხოლო სახლში დაბრუნების შემდეგ არავითარ საოჯახო საქმიანობას არ ეწეოდა.

მოპასუხემ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ ხანგრძლივი დროით მიატოვა საცხოვრებელი სახლი, რის გამოც მამა იძულებული შეიქმნა ამოეწერა იგი სადავო ბინიდან. ამასთან, მძიმე ავადმყოფობის გამო, მის მამას წლების განმავლობაში მ. გ.-ი პატრონობდა, რომელსაც აჩუქა სახლი, როგორც ბინის მესაკუთრემ, რომელსაც გააჩნდა ბინის გასხვისების უფლება.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მა. და მ. გ.-ების შორის 1998წ. 5 აგვისტოს დადებული საცხოვრებელი სახლის ჩუქების ხელშეკრულება; მოსარჩელე მ. გ.-ს უარი ეთქვა საცხოვრებელი სახლის რეგისტრაციიდან მოხსნის გაუქმებისა და წილის გამოყოფის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ. გ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც მას უარი ეთქვა რეგისტრაციიდან უკანონოდ მოხსნის გაუქმებაზე.

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მა. და მ. გ.-ებმაც გაასაჩივრეს.

აპელანტთა განმარტებით, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, ვინაიდან სასამართლომ ჩუქების ხელშეკრულება ბათილად ცნო იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ხელშეკრულება მოჩვენებით გარიგებას წარმოადგენდა, მაშინ, როდესაც მ. გ.-ს ჩუქების ხელშეკრულების ამ საფუძვლით ბათილად ცნობა არ მოუთხოვია, არამედ იგი ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდა იმ მოტივით, რომ გაჩუქებისათვის აუცილებელი იყო მისი და დედამისის თანხმობა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნოტარიუსმა მ. ა.-მაც, რომელიც არ დაეთანხმა ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას. მისი მტკიცებით, სანოტარო მოქმედებათა შესრულებისას იგი არ იყო ვალდებული ოჯახის სხვა წევრთა თანხმობა გამოეთხოვა, ვინაიდან მა. გ.-ი სახლის მესაკუთრე იყო და მას შეეძლო განეკარგა თავისი ქონება. ამასთან, ჩუქების ხელშეკრულება არ იყო მოჩვენებითი გარიგება და იგი ბათილად არ უნდა ყოფილიყო ცნობილი.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 18 დეკემბრის განჩინებით საქმეზე შეჩერდა წარმოება აპელანტ მა. გ.-ის გარდაცვალების გამო, ხოლო ამავე სასამართლოს 2004წ. 14 ივნისის განჩინებით საქმეზე წარმოება განახლდა და მ. გ.-ი აღიარებულ იქნა აწ გარდაცვლილი მა. გ.-ის პირველი რიგის მემკვიდრედ.

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტმა მ. გ.-მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მაისის გადაწყვეტილებით მ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი დედოფლისწყარის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის მიერ მ. გ.-ის რეგისტრაციიდან მოხსნა; მ. გ.-ის სააპელაციო საჩივარი და მ. ა.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მ. გ.-ის რეგისტრაციიდან მოხსნისას, დედოფლისწყაროს მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურმა დაარღვია “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” დებულების 8.3 მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მოცემული კონკრეტული მისამართიდან პირის რეგისტრაციიდან მოხსნა და ახალ მისამართზე (თუ იგი მიუთითებს ასეთს და წარადგენს შესაბამის თანხმობას) ან მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაციაში გატარება ხორციელდება ერთდროულად, რის შესახებაც, ეცნობება შესაბამის ორგანოებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო რეგისტრაციიდან მოხსნა და სხვა ადგილზე რეგისტრაცია განეხორციელებინა ერთდროულად, რათა არ დარღვეულიყო მოქალაქეთა რეგისტრაციის უწყვეტობის პრინციპი, რაც სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა შესახებ სრულყოფილი მონაცემების ფლობას უკავშირდება და ადმინისტრაციული ორგანო “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და პირადობის დადასტურების წესის შესახებ” დებულების მე-8 თავის შესაბამისად ვალდებული იყო მთელი რიგი პროცედურები განეხორციელებინა და შემდგომ მოეხდინა პირის რეგისტრაციიდან მოხსნა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის ჩუქების ხელშეკრულების დადებისას არ იქნა გათვალისწინებული სკ-ის 1158-ე, 1159-ე და 1160-ე მუხლები, რომლებიც ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლებას ითვალისწინებს.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ საცხოვრებელი სახლი მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებას წარმოადგენდა და მისი განკარგვა არ უნდა მომხდარიყო მეუღლის თნხმობის გარეშე, რომელიც სახლის გაჩუქების მომენტისთვის მძიმე ავადმყოფი იყო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ნოტარიუსის განმარტება იმის თაობაზე, რომ მა. გ.-ის მეუღლე _ ე. გ.-მ ზეპირი ფორმით დაადასტურა სახლის გაჩუქებაზე თანხმობა, რაც სასამართლოს განმარტებით, არ იყო საკმარისი, ვინაიდან მოხდა თანასაკუთრების განკარგვა, რაც სამოქალაქო გარიგების სანოტარო წესით დადასტურებას ითვალისწინებდა და აუცილებელი იყო თანასაკუთრების გასხვისებაზე წერილობითი ფორმით გამოხატული მეუღლის ნება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა. ამრიგად, ჩუქების ხელშეკრულება, სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მაისის გადაწყვეტილება დედოფლისწყაროს ნოტარიუსმა მ. ა.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა, მის მიერ 1998წ. 5 აგვისტოს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულების ძალაში დატოვება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არამართებულად ჰქონდა დადგენილად მიჩნეული, რომ ხელშეკრულების დამოწმებისას ნოტარიუსი დაეყრდნო მხოლოდ თანამესაკუთრის ზეპირსიტყვიერ თანხმობას. მისი განმარტებით, სააპელაციო სასამართლოში სხდომაზე მან წარადგინა მა. გ.-ის მეუღლის ე. გ.-ის თანხმობა, რაც სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო და უკან დააბრუნა.

კასატორი აქვე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოში გაზარდა დავის საგანი და სარჩელის დაკმაყოფილების სხვა საფუძვლებსაც შეეხო, რაზეც მოპასუხეებს თანხმობა არ მიუციათ.

კასატორი ამასთან, აღნიშნავს, რომ მ. გ.-ი ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას ითხოვდა ერთადერთი საფუძვლით, რომ იგი ჩაწერილი იყო სადავო ბინაში და საჭირო იყო მისი თანხმობა, მაშინ, როცა მოქმედი კანონმდებლობა ჩუქების ხელშეკრულებისას ოჯახში რეგისტრირებულ წევრთა სავალდებულო თანხმობას არ ითვალისწინებდა.

კასატორი აქვე უთითებს, რომ მ. გ.-ზე გაცემულ იქნა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც იგი მა. გ.-ის პირველი რიგის მემკვიდრედ იქნა ცნობილი, თუმცა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 მაისის გადაწყვეტილებით აღნიშნული სამკვიდრო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ნოტარიუს მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მაისის გადაწყვეტილება ნოტარიუსის მიერ 1998წ. 5 აგვისტოს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სსკ-ის დებულებანი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სარჩელი ორ დამოუკიდებელ მოთხოვნას: სანოტარო მოქმედების ბათილად ცნობასა და სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მოსარჩელის კომლიდან ამოწერის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას მოიცავს. ამდენად, დედოფლისწყაროს ნოტარიუსი _ მ. ა.-ი და ამავე რაიონის მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახური საქმეზე ფაკულტატურ თანამონაწილეებს წარმოადგენდნენ. ზემოთქმულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნოტარიუსს უფლება აქვს გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც უშუალოდ მის მიერ განხორცილებული ქმედების _ ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას შეეხება, ხოლო რეგისტრაციის სამსახურის მიერ მ. გ.-ის კომლიდან ამოწერის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება მხოლოდ სარეგისტრაციო სამსახურს ჰქონდა და ვინაიდან მას გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია, ამდენად, იგი ამ ნაწილში კანონიერ ძალაშია შესული და საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორ მ. ა.-ის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ამასთან, გადაწყვეტილება ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში დაუსაბუთებელია, რაც, სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გაზიარებული უნდა იქნეს.

საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ, ვინაიდან საქმეზე აუცილებელია მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, სსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მ. გ.-ი ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების ნაწილში სარჩელის საფუძვლად იმ გარემოებაზე უთითებდა, რომ ნოტარიუსს ხელშეკრულების დამოწმებისას მისი, როგორც კომლის წევრის, თანხმობა არ ჰქონდა, ხოლო შემდგომში, სასამართლო სხდომაზე მისმა წარმომადგენელმა ფაქტობრივად შეცვალა სარჩელის საფუძველი და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ მოტივითაც მოითხოვა, რომ მასზე არ არსებობდა გამჩუქებლის მეუღლის _ ე. გ.-ის თანხმობა, ამასთან, ვინაიდან იგი თავის შვილებთან ერთად მამის კმაყოფაზე იმყოფებოდა, სახლის გაჩუქებით მათ საარსებო წყარო მოესპოთ. აღნიშნულზე, სსკ-ის 382-ე მუხლის შესაბამისად, არც მოპასუხეთა თანხმობა ყოფილა მიღებული და არც სასამართლოს ჩაუთვლია იგი მიზანშეწონილად. საკასაციო სასამართლოს ნიშანდობლივად მიაჩნია ის გარემოებაც, რომ სასამართლომ 1998 წელს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება მოტყუებით დადებულად მიიჩნია, ისე, რომ აღნიშნული საფუძველი მოსარჩელეს საერთოდ არ მიუთითებია.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, რაც შეეხება ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას იმ მოტივით, რომ მის გასაფორმებლად მა. გ.-ის მეუღლეს თანხმობა უნდა განეცხადებინა, აღნიშნულის თაობაზე საქმეში წარმოდგენილია დედოფლისწყაროს ტექინვენტარიზაციის ბიუროს 1998წ. 5 აგვიტოს ¹... სარეგიტრაციო მოწმობა და ¹100 ცნობა-დახასიათება, რომლითაც სადავო სახლის ერთადერთ მესაკუთრედ მა. გ.-ია დარეგისტრირებული. ამასთან, ნოტარიუსმა მ. ა.-მ სააპელაციო სასამართლოს წარუდგინა მა. გ.-ის მეუღლის _ ე. გ.-ის წერილობითი თანხმობა, რაც სასამართლომ არ მიიღო და უკან დაუბრუნა. აღნიშნული დოკუმენტის ასლი საკასაციო საჩივარს თან ერთვის.

ზემოთქმული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, რეალურად ჰქონდა თუ არა ნოტარიუსს ე. გ.-ის თანხმობა მიღებული და თუ არ ჰქონდა, შეეძლო თუ არა ხელშეკრულების დამოწმება მისი თანხმობის გარეშე. ამასთან, გამოიკვლიოს იმ დროს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა თუ არა ჩუქების ხელშეკრულებისას ოჯახში რეგისტრირებულ წევრთა სავალდებულო თანხმობას და აღნიშნულის არარსებობა ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი იყო თუ არა. სასამართლოს ასევე არ დაუდგენია, მიეკუთვნებოდა თუ არა მა. გ.-ის ოჯახი კომლის კატეგორიას.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნოტარიუს მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მაისის გადაწყვეტილება ნოტარიუს მ. ა.-ის მიერ 1998წ. 5 აგვისტოს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დედოფლისწყაროს სანოტარო ბიუროს ნოტარიუს მ. ა.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 17 მაისის გადაწყვეტილება ნოტარიუს მ. ა.-ის მიერ 1998წ. 5 აგვისტოს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.