საქმე №4აგ-17 თბილისი
ც-ე მ., 4აგ-17 15 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. ც-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენით მ. ც-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისთვის) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2014 წლის 5 მარტიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო - 2014 წლის 9 იანვრიდან იმავე წლის 10 იანვრის ჩათვლით. მ. ც-ს ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ მ. ც-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განაჩენზე.
4. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის განაჩენით მ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დადგენილმა სასჯელმა შთანთქა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მ. ც-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი. მ. ც-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2014 წლის 12 ივნისიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2014 წლის 28 თებერვლიდან იმავე წლის 5 მარტის ჩათვლით.
5. ამავე განაჩენით მსჯავრდებულ იქნა კ. ჯ-ა.
6. 2016 წლის 17 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა მ. ც-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა და სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელისგან გათავისუფლება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ მ. ც-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მარტის განჩინება მსჯავრდებულ მ. ც-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ გაუქმდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინების საფუძვლზე. აღნიშნული განჩინების შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის და ვინაიდან სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო მოხმარებისთვის მსჯავრდებისას პირის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენით მ. ც-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისთვის ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სააპელაციო სასამართლოს მიეთითა შუამდგომლობის განსახილველად დაშვება და განაჩენის კანონთან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებასთან) შესაბამისობაში მოყვანა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინების შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ც-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაშვებულ იქნა საქმის ზეპირი მოსმენით განსახილველად.
10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ მ. ც-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილისა და სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის განაჩენები შეიცვალა, კერძოდ: მ. ც-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 12 ივნისის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით დადგენილმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა ამავე კოდექსის 273-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა - 1000 ლარი და საბოლოოდ მ. ც-ს განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენები დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ. ც-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და მისთვის საბოლოოდ განსაზღვრული ძირითადი სასჯელის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის - ათვლა 2014 წლის 5 მარტიდან, რაც დააზუსტა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 2017 წლის 9 თებერვალს შემოტანილი განცხადებით და მოითხოვა მისთვის განსაზღვრული სასჯელის ათვლა 2014 წლის 28 თებერვლიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო მოხმარებისათვის მსჯავრდებისას პირის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა.
5. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 აპრილის განაჩენით (სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 მარტის განაჩენით) მ. ც-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისთვის ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 2 დეკემბრის განაჩენით მას აღნიშნული სასჯელი მართებულად შეუცვალა სხვა, ალტერნატიული ძირითადი სასჯელით - ჯარიმით - 1000 ლარით, რაც თანხვდენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებასთან, ხოლო, რაც შეეხება მსჯავრდებულ მ. ც-ს მოთხოვნას მისთვის საბოლოოდ განსაზღვრული ძირითადი სასჯელის - 7 წლით თავისუფლების აღკვეთის - ათვლის თარიღის შეცვლას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ეს მოთხოვნა არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს. ამდენად, არ არსებობს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ თუ მსჯავრდებულ მ. ც-ს მიაჩნია, რომ მისთვის განსაზღვრული ძირითადი სასჯელის ათვლის თარიღი შეცდომით არის მითითებული, მას შეუძლია, მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრის მოთხოვნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც სადავო განაჩენის შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ მ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 2 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი