№114აპ-17 ქ. თბილისი
ფ-ა გ., 114აპ-17 12 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილე ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ფ-ს ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოხატა შემდეგში:
2016 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 02:00 საათზე, პირობით მსჯავრდებულმა გ. ფ-მ წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, ჯგუფურად, ძალაყინის გამოყენებით გააღო ქ. ….., ….. ქუჩა №…..-ში მდებარე მონადირეთა და მეთევზეთა მაღაზია „…..“ შესასვლელი კარი და მისაკუთრების მიზნით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 5750 ლარის ღირებულების, სროლისათვის ვარგის ცეცხლსასროლ იარაღებს: „გლოკის“ სისტემის პისტოლეტს „GLOCK.INC.SMYRNA.GA.“, „…..“ CZ სისტემის პისტოლეტს ნომრით - „…..“; ვერცხლისფერ ყავისფერსახელურიან პისტოლეტს წარწერით „…..“; CZ სისტემის პისტოლეტს „….. BROWNING“ №….. და რვა მჭიდს ვაზნების გარეშე. მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული CZ სისტემის „…..BROWNING“ №….. პისტოლეტი იმავე დღეს ამოიღეს გ. ფ-ს პირადი ჩხრეკისას, ხოლო დანარჩენი ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს ქალაქ ….., ….. ქუჩა № …..-ში მდებარე კორპუსის სხვენიდან.
2. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენით გ. ფ-ა, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 იანვრის განაჩენით გ. ფ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გ. ფ-ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4 წელი, 9 თვე და გ. ფ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 5 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო.
ნივთიერი მტკიცებულებები:
- 1. გ. ფ-გან ამოღებული პისტოლეტი ერთი მჭიდით, ვაზნების გარეშე, წარწერით ,,CZ ….. BROWNING”, ნომერი …..; 2. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ლითონის მჭიდი, ვაზნების გარეშე, წარწერით …..MADE IN ITALY, ….. და საკიდი ბოქლომი, წარწერით …..; 3. ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ძალაყინი; 4. ადგილმდებარეობის დათვალიერებისას სხვენიდან ამოღებული ცეცხლსასროლი პისტოლეტები: 1. GLOCK.INC.SMYRNA.GA. მოდელის …..; 2. ChZ მოდელის N …..; 3. ვერცხლისფერი ყავისფერ სახელურიანი წარწერით ,,…..”; 5. ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული 6 (ექვსი) მჭიდი; 6. ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული 1 (ერთი) სიგარეტის კოლოფი, წარწერით „GAULOISES“, მოყვითალო პლასტმასისსახელურიანი სახრახნისი და მოწითალო პლასტმასისსახელურიანი ორი სახრახნისი, პატარა და საშუალო ზომის ორი ქლიბი; 7. ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ნაჭრის მუქი ფერის ნიღაბი და თეთრზოლიანი ნიღაბი, რომლებიც ინახება შსს ….. საქალაქო სამმართველოში, შენახულ უნდა იქნეს მოცემული საქმიდან გამოყოფილ №….. საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე.
- მონადირეთა მაღაზია „…..“ ამოღებული დალუქული ვიდეომასალა, ორ ცალ DVD-R დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს, საქართველოს სსსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ფ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ-მ და ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ გ. ფ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ივლისის განაჩენში შევიდა მსჯავრდებულ გ. ფ-ს სასიკეთო ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულ გ. ფ-ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედება საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
გ. ფ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა წინა - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 იანვრის განაჩენით გ.ფ-ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4 წელი, 9 თვე და გ. ფ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. ფ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 5 თებერვლიდან.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილე ფელიქს ჯალაღონიამ. კასატორი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და გ. ფ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 237–ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შემდეგი საფუძვლებით: ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოფირის დათვალიერებით დასტურდება, რომ კადრში ასახული პირები მოქმედებენ ერთობლივად დანაშაულის შემადგენლობის განხორციელებამდე, განხორციელებისას და მისი დასრულების შემდეგ, რითაც უტყუარად დასტურდება, რომ გ. ფ-ა დანაშაულს სჩადის მეორე, დაუდგენელ პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილე ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენს ბრალდების მხარე ასაჩივრებს კვალიფიკაციის ნაწილში და, ამდენად, საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ მოცემულ საკითხზე.
3. საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ჯ. ა-ს, მოწმეების - ა. ჟ-ს, დ. ო-ს, ლ. ქ-ს, ნ. გ-ს, გ. ლ-ს, გ. ლ-ს, ხ. შ-ს, ა. ლ-ს, ო. ს-ს, ე. ძ-ს, ლ. ნ-ს, ზ. ე-ს, ექსპერტების - ლ. მ-ს, მ. კ-ს, პ. ჯ-ს, ლ. შ-ს, ნ. ნ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილისა და ადგილმდებარეობის დათვალიერების, საცხოვრებელი ბინისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, ნიმუშის აღების ოქმებით, ბალისტიკური, ტრასოლოგიური, ბიოლოგიური (გენეტიკური), ფონოსკოპიური და ვიდეო-ტექნიკური, ჰაბიტოსკოპიური და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებითა და საქმის სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ გ. ფ-ა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად მაღაზია „…..“ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 5750 ლარის ღირებულების, სროლისათვის ვარგის ცეცხლსასროლ იარაღებს.
4. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატამ უნდა შეაფასოს, გ. ფ-მ აღნიშნული ქმედება ჩაიდინა ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით, თუ წინასწარი შეთანხმების გარეშე, რომლის დასადგენადაც მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს მაღაზია „.“ გარე და შიდა პერიმეტრების ვიდეოჩანაწერები.
5. მითითებული ვიდეომასალის დათვალიერების ოქმითა და სასამართლო სხდომაზე ამავე ვიდეომასალის გამოკვლევით დადგენილია, რომ DVD-R დისკში ჩაწერილია 24 ვიდეოფაილი, რომელთაგან 23 არის გარე პერიმეტრზე გადაღებული, ხოლო ერთი - მაღაზიის შიდა პერიმეტრზე. ვიდეოჩანაწერებს კუთხეში აწერია თარიღი - 05.02.2016. პირველი ვიდეო გრძელდება 21 წამს, კადრში ჩანს, რომ გადაღება მიმდინარეობს ღამის საათებში, ვიდეოთვალი უყურებს ქ. ….., ….. ქ. №…..-ში მდებარე ინდ. მეწარმე ჯ. ა-ს კუთვნილ მონადირეთა მაღაზიის შესასვლელ კარს და ტროტუარს. კადრში ჩანს ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთი არის ჩაფსკვნილი, მაღალი აღნაგობის, აცვია ნაცრისფერი სპორტული შარვალი, სპორტული ზედა, მუქი ფერის ჟილეტი, შავ და თეთრ ფერებში გაწყობილი ფეხსაცმელი და უკეთია შავი ნიღაბი. მეორე მამაკაცი არის სუსტი აღნაგობის, საშუალო სიმაღლის, აცვია ცისფერი შარვალი, მომწვანო ქურთუკი, რომელსაც თეთრი ზოლი მიუყვება ელვაშესაკრავსა და მკლავებთან, ხოლო თავზე ჩამოფარებული აქვს ზოლიანი ნიღაბი. სუსტი აღნაგობის მამაკაცი მიდის მაღაზიის კართან, სადაც ჩამჯდარი იწყებს ბოქლომის გატეხვას, ხოლო მეორე დგას მაღაზიის კუთხეში, ჯიბეში აქვს ხელები ჩაწყობილი და მას უყურებს. მეორე ვიდეო არის 29 წამი ხანგრძლივობის, კადრში ჩანს, რომ სუსტი აღნაგობის მამაკაცი მაღაზიის კართან ჩამჯდარი ცდილობს კარის გატეხვას, 6 წამში შარვლის უკანა ჯიბიდან იღებს რაღაც საგანს და აგრძელებს კარის გატეხვას, ჩაფსკვნილი მამაკაცი დგას მაღაზიის კუთხეში და უყურებს მას. 9 წამში ჩაფსკვნილი მამაკაცი მიიმალება მაღაზიის კუთხეში. მესამე ვიდეო არის 29 წამი ხანგრძლივობის, რომელზეც ჩანს, რომ სუსტი აღნაგობის მამაკაცი ჩამჯდარია მაღაზიის კართან და ცდილობს კარის გატეხვას, ხოლო ჩაფსკვნილი მამაკაცი ჩამჯდარია მაღაზიის კუთხეში და უყურებს მას. მეოთხე ვიდეო არის 20 წამი ხანგრძლივობის, სადაც ჩანს, რომ სუსტი აღნაგობის მამაკაცი ჩამჯდარია მაღაზიის კართან და ცდილობს კარის გატეხვას, ხოლო ჩაფსკვნილი მამაკაცი იმავე მდგომარეობაშია მაღაზიის კუთხეში და მას უყურებს. მეხუთე ვიდეო გრძელდება 29 წამს და ჩანს, რომ სუსტი აღნაგობის მამაკაცი ცდილობს მაღაზიის კარის გატეხვას, ხოლო ჩაფსკვნილი მამაკაცი ჩამჯდარია მაღაზიის კუთხეში და უყურებს მას, რომელიც 25 წამის შემდეგ დგება, მიბრუნდება და იყურება გზისკენ. მეექვსე ფირი 36 წამს გრძელდება, ჩაფსკვნილი მამაკაცი იყურება გზისკენ, რომელიც წამოვა და დგება მაღაზიის კუთხეში, ხოლო მეორე კართან დგას და ცდილობს გატეხვას, ორივე იყურება გზისკენ, 17 წამში გარბიან და გადიან კადრს მიღმა. მეშვიდე ვიდეო არის 27 წამი ხანგრძლივობის, ხუთ წამში კადრში გამოჩნდა ჩაფსკვნილი მამაკაცი, რომელიც დადგა მაღაზიის კუთხეში, შვიდ წამში გამოჩნდა სუსტი აღნაგობის მამაკაცი, რომელიც მივიდა მაღაზიის კართან და ცდილობს გატეხვას. მერვე ვიდეო არის 52 წამი ხანგრძლივობის, ჩაფსკვნილი მამაკაცი დგას მაღაზიის კუთხეში, ხოლო სუსტი აღნაგობის ცდილობს კარის გატეხვას, 31 წამში ჩაფსკვნილი მამაკაცი მივა მეორესთან და ელაპარაკება, რომელიც 47 წამში ისევ მიბრუნდება. მეცხრე ვიდეო არის 20 წამი ხანგრძლივობის, ჩაფსკვნილი მამაკაცი დგას მაღაზიის კუთხეში, ხოლო სუსტი აღნაგობის მიემართება მისკენ და გადის კადრს მიღმა. მეათე ვიდეო არის 29 წამი ხანგრძლივობის, კადრში ჩანს, რომ ჩაფსკვნილი მამაკაცი დგას მაღაზიის კუთხეში. მეთერთმეტე ვიდეო არის 57 წამი ხანგრძლივობის, ჩაფსკვნილი მამაკაცი დგას მაღაზიის კუთხესთან, 10 წამში კადრში გამოჩნდა სუსტი აღნაგობის მამაკაცი, რომელსაც ხელში უჭირავს ძალაყინი, ის მივა მაღაზიის კართან და ცდილობს კარის გატეხვას, 25 წამში მასთან მივა ჩაფსკვნილი მამაკაცი, რომელიც ეხმარება სუსტი აღნაგობის მამაკაცს კარის გატეხვაში. მეთორმეტე ვიდეო არის 21 წამი ხანგრძლივობის, ორივე მამაკაცი დგას მაღაზიის კართან, შემდეგ გარბიან მაღაზიის კუთხისკენ და მიიმალებიან. მეცამეტე ვიდეო არის 37 წამი ხანგრძლივობის, 15 წამში ორივე მიდის მაღაზიის კართან და იწყებენ კარის გატეხვას. მეთოთხმეტე ვიდეო არის 38 წამი ხანგრძლივობის, ორივე მამაკაცი დგას მაღაზიის კართან და ცდილობენ კარის გატეხვას, ჩაფსკვნილ მამაკაცს უკავია ძალაყინი, რომლითაც ცდილობს კარის გატეხვას. მეთხუთმეტე ვიდეო არის 29 წამი ხანგრძლივობის, კადრში არავინ ჩანს. მეთექვსმეტე ვიდეო არის 41 წამი ხანგრძლივობის, მაღაზიის კუთხიდან გამოჩნდნენ ზემოაღნიშნული მამაკაცები, რომლებიც დგანან მაღაზიის კუთხეში და იყურებიან, 15 წამში სუსტი აღნაგობის მამაკაცი მიდის და მაღაზიის გისოსის კარს მიხურავს, რის შემდეგ უკან ბრუნდება და გადის კადრს მიღმა, 37 წამში ჩაფსკვნილი მამაკაციც გადის კადრს მიღმა. მეჩვიდმეტე ვიდეო გრძელდება 29 წამს, კადრში არ ჩანან ზემოაღნიშნული მამაკაცები. მეთვრამეტე ვიდეო არის 56 წამი ხანგრძლივობის, 8 წამში მაღაზიის კუთხეში გამოჩნდა ჩაფსკვნილი მამაკაცი, 18 წამში გამოჩნდება სუსტიც, 25 წამში სუსტი მივა მაღაზიის კართან, უჭირავს ძალაყინი და 33 წამში აღებს მაღაზიის გისოსის კარს, 37 წამში ორივენი გადიან მაღაზიის გვერდით და მიიმალებიან. მეცხრამეტე ვიდეო არის 29 წამი ხანგრძლივობის, კადრში მაღაზიის კუთხეში გამოჩნდება ორივე ზემოაღნიშნული მამაკაცი, სუსტი აღნაგობის მამაკაცს უჭირავს ძალაყინი, 14 წამში ორივე იმალება მაღაზიის გვერდით. მეოცე ვიდეო არის 1 წუთი და 5 წამი ხანგრძლივობის, 24 წამში მაღაზიის კუთხეში გამოჩნდება ორივე ზემოაღნიშნული მამაკაცი, რომლებიც იყურებიან გზისკენ, მიდიან მაღაზიის კართან, ჩაფსკვნილს უჭირავს ძალაყინი, ხოლო სუსტს - პატარა ზომის ნივთი და ცდილობენ კარის გატეხვას. ოცდამეერთე ვიდეო გრძელდება 30 წამს, ორივე მამაკაცი დგას მაღაზიის კართან და ცდილობენ გატეხვას, ჩაფსკვნილს უჭირავს ძალაყინი, რომლითაც ექაჩება კარს, ხოლო სუსტი აღნაგობის მამაკაცს უკავია პატარა ზომის ნივთი და ჩამჯდარია კართან. ოცდამეორე ვიდეო არის 47 წამი ხანგრძლივობის, ორივე მამაკაცი დგას მაღაზიის კართან და ცდილობენ გატეხვას, ჩაფსკვნილს უჭირავს ძალაყინი, რომლითაც ექაჩება კარს, ხოლო სუსტი ჩამჯდარია კართან, 5 წამში გარბიან და მაღაზიის კუთხეში იმალებიან, 46 წამში ჩაფსკვნილი მამაკაცი გამოჩნდება მაღაზიის კუთხეში. ოცდამესამე ვიდეო გრძელდება 1 წუთსა და 28 წამს, ორივე მამაკაცი მიდის მაღაზიის კართან. წინ მოდის ჩაფსკვნილი, რომელსაც უჭირავს ძალაყინი და იწყებენ კარის გატეხვას, 29 წამში ტეხავენ კარს, რის შემდეგ ჩაფსკვნილი გარბის მაღაზიის კუთხისკენ და იმალება, ხოლო სუსტი აღნაგობის მამაკაცი შერბის მაღაზიაში, სადაც იმყოფება 16 წამი, რის შემდეგაც გამორბის და იმალება მაღაზიის კუთხეში. ოცდამეოთხე ვიდეო გადაღებულია მაღაზიის შიდა პერიმეტრში და გრძელდება 58 წამს. 25 წამში იღება მაღაზიის კარი და შიგნით შერბის სუსტი აღნაგობის მამაკაცი, აცვია მწვანე ქურთუკი, რომელსაც მკლავებზე მიუყვება თეთრი ფართო ზოლები, ხოლო ელვაშესაკრავზე - თეთრი ვიწრო ზოლი, აცვია ცისფერი შარვალი და ჩამოფარებული აქვს ზოლიანი ნიღაბი. იგი მირბის შემინულ დახლთან, აღებს უჯრას, ხელის სწრაფი მოძრაობით იქიდან გამოაქვს რაღაც ნივთები, მათ შორის ჩანს მოოქროვილი პისტოლეტი, აღნიშნულ ნივთებს კრებს, მკერდზე მიიბჯენს და გარბის მაღაზიიდან, სადაც ის 16 წამს იმყოფებოდა.
6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განმარტებული აქვს თუ რა შემთხევაში შეიძლება ქმედება ჩაითვალოს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილად (618აპ-15, მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი, ნ. გვენეტაძე, პ. სილაგაძე) და მოცემული გადაწყვეტილების თაობაზე სააპელაციო სასამართლო უთითებს კიდეც განაჩენის სამოტივაციო ნაწილში. საკასაციო პალატამ ხსენებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერააა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად და განმარტა შემდეგი: წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში.
7. სააპელაციო პალატამ შეაფასა ვიდეოფირებში ასახული გარემოებები და მიუთითა, რომ მათი გამოკვლევის შედეგად დადგინდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ გ.ფ-ა და გამოძიებით დაუდგენელი პირი ერთობლივად ახორციელებდნენ ქმედების ობიექტურ შემადგენლობას, რასაც არც სააპელაციო პალატა მიიჩნევს სადავოდ, თუმცა, ხსენებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მათ შორის წინასწარი შეკავშირების არსებობა; კერძოდ, გამოკვლეულ ვიდეოფირზე არ ჩანს მათ შორის რაიმე ისეთი ტიპის კომუნიკაცია, რაც სააპელაციო პალატას საშუალებას მისცემდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ერწმუნა მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა; არც სხვა მტკიცებულებებით დასტურდება რაიმე მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაცია. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ქმედება ჩადენილია ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმების გარეშე.
8. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ დასკვნას შემდეგ გარემოებათა გამო: ვიდეოფირების დათვალიერების ოქმითა და მისი გამოკვლევის შედეგად დადგენილია, რომ მასში ასახულ ორივე პირს უკეთია ნიღაბი და ორივე მათგანი სწორედაც რომ ქმედების ობიექტური შემადგენლობის დაწყებამდე მოქმედებს ერთობლივად, წინასწარი შეთანხმებით, რაც ნათლად დასტურდება ვიდეოჩანაწერებით (განსხვავებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მოშველიებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს 618-აპ-15 გადაწყვეტილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებისგან); მაღაზიის გარე პერიმეტრის პირველი ჩანაწერი იწყება - 03:26:34 საათიდან და ბოლო, 23-ე ჩანაწერი სრულდება - 03.50.30 საათზე. ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ორივე მამაკაცი ერთდროულად მიდის მაღაზია - „…..“, თავდაპირველად სუსტი აღნაგობის მამაკაცი მიდის კართან და ცდილობს მის გატეხვას, რა დროსაც ჩაფსკვნილი მამაკაცი ჩერდება მაღაზიის კუთხესთან, მისგან დაახლოებით 2 მეტრში და პირდაპირ უყურებს მას და ასევე ათვალიერებს პერიმეტრს. სუსტი აღნაგობის მამაკაცი პატარა ზომის ნივთის გამოყენებით დამოუკიდებლად ცდილობს მაღაზიის კარის გატეხვას. კადრში ასევე ნათლად ჩანს მათ შორის სიტყვიერი კომუნიკაცია და ჟესტიკულიცია, როდესაც სუსტი აღნაგობის მამაკაცი ჩაფსკვნილს ხელით უთითებს კარის მიმართულებით და უხსნის რაღაცას. კარის გატეხვის პროცესში ორივე მათგანი არაერთხელ, ერთობლივად იმალება მაღაზიის კუთხეში და შემდეგ ფრთხილად, ფეხაკრეფით ისევ უკან ბრუნდებიან კართან. მოგვიანებით სუსტი აღნაგობის მამაკაცის დასახმარებლად მოდის ჩაფკსვნილიც და ისინი უკვე ერთობლივად ცდილობენ კარის გატეხვას, ჩაფსკვნილი მამაკაცი - ძალაყინის, ხოლო სუსტი - პატარა ზომის ნივთის გამოყენებით. შემდეგ ჩაფსკვნილი მამაკაცი ძალაყინის გამოყენებით აღებს კარს, რა დროსაც სუსტი მამაკაცი ქურთუკის ჯიბეში იდებს პატარა ნივთს და შერბის მაღაზიაში, ხოლო ჩაფსკვნილი კი სირბილით იმალება მაღაზიის კუთხეში. სუსტი მამაკაცი მაღაზიიდან გამორბის შესვლიდან 16 წამში და ასევე სირბილით იმალება იმავე მიმართულებით, მაღაზიის კუთხეში. ამდენად, საკასაციო პალატისათვის გაუგებარია, იმ ვითარებაში, როდესაც ორი ნიღბიანი პირი ერთსა და იმავე დროს, ერთდროულად მიდის მაღაზიასთან, ჯერ ერთი ცდილობს კარის გატეხვას, მეორე კი ამ დროს უყურებს მას, შემდეგ რამდენჯერმე ერთად იმალებიან მაღაზიის კუთხეში და ისევ უკან ბრუნდებიან, შემდეგ უკვე ერთობლივად ცდილობენ კარის გატეხვას და ტეხენ კიდეც მას, როგორ შეიძლება, რომ მათ შორის წინასწარი შეთანხმება არ არსებობდეს.
9. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.[1] საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს პროკურორის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, მითითებული ვიდეოჩანაწერებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გ. ფ-მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
11. რაც შეეხება სასჯელს, საკასაციო პალატა სასჯელის შეფარდებისას ითვალიწინებს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულის პიროვნებას (გ. ფ-ა წარსულში ნასამართლევია და დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში), აგრეთვე იმას, რომ მას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და მიაჩნია, რომ სამართლიანი იქნება მისთვის საქართველოს სსკ-ის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმის განსაზღვრა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფოთის რაიონული პროკურორის მოადგილე ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. გ. ფ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს წინა - ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 იანვრის განაჩენით გ. ფ-თვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ. ფ-ს მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ფოთის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4 წელი, 9 თვე და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. გ. ფ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 5 თებერვლიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი
[1] იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, ECtHR, (GC), 13/12/2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16/09/2014).