ას-1143-1288-08 5 იანვარი, 2009 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატის მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს “ავჭალის” გაკოტრების მმართველი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადახდისუუნარობის საქმის წარმოება
ა წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 11 ივლისს შპს “ავჭალის” გაკოტრების მმართველმა თბილისის საქალაქო სასამართლოს წარუდგინა საბოლოო ანგარიში.
2008 წლის 22 ივლისს შპს “ავჭალის” კრედიტორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) წარადგინა შეგებებული სარჩელი საბოლოო ანგარიშის მიმართ.
შპს “ავჭალის” გაკოტრების მმართველმა შეგებებული სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 24 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექციამ) შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
“გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 56-ე მუხლი ამ კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრავს 2007 წლის 15 აგვისტოს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავა ეხება რა შპს “ავჭალის” გაკოტრების ანგარიშის კანონიერებას, იგი უნდა მოწესრიგდეს “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე აღნიშნული კანონის 56-57-ე მუხლების თანახმად.
დასახელებული კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებით მოსამართლის მიერ განჩინების ფორმით მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე შეიძლება მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანა. ამავე კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლის გასაჩივრება დასაშვებია მხოლოდ კერძო საჩივრის შეტანის გზით. ამასთან, აღნიშნულ კერძო საჩივარზე ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრება არ დაიშვება, ხოლო რაც შეეხება სასარჩელო წარმოების გზით საქმის განხილვას გადახდისუუნარობის დავებთან დაკავშირებით, აღნიშნული დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში (“გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 24 ნოემბრის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე სწორედ ზემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებაა და მისი საკასაციო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას არც ზემოხსენებული კანონი და არც მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ არც ადრე მოქმედი “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონი არ იცნობდა გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშზე შეგებებული სარჩელის შეტანის წესს.
ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ.თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.