საქმე №8აგ-17 თბილისი
გ-ა ფ., 8აგ-17 15 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ფ. გ-სა და მისი ადვოკატის - გ. ძ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ფ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ფ. გ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ექიმის დანიშნულების გარეშე „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის) და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა წინა - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის განაჩენით მისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დადგენილ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ფ. გ-ს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. ფ. გ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 21 იანვრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ფ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ფ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით (ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისთვის) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა წინა - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის განაჩენით მისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დადგენილ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ფ. გ-ს განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ამავე კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე ამავე კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 1000 ლარი. ფ. გ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 11 იანვრიდან. მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 26 აგვისტოს №….. გადაწყვეტილებით ფ. გ-ა გათავისუფლდა პატიმრობიდან 2015 წლის 27 აგვისტოს პირობით ვადამდე - 4 თვითა და 15 დღით ადრე.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 3 თებერვლის განჩინებით დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ ფ. გ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
5. 2016 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ფ. გ-მ, რომელმაც მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი განაჩენის გადასინჯვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბერს გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ფ. გ-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ფ. გ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის (ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისთვის) ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა წინა - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის განაჩენით მისთვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი, სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დადგენილ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ფ. გ-ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც ჯარიმა - 1000 ლარი, პატიმრობაში ყოფნის (2015 წლის 11 იანვრიდან იმავე წლის 27 აგვისტოს ჩათვლით) ვადის გათვალისწინებით, ჩაეთვალა მოხდილად, ხოლო 1 წლით თავისუფლების აღკვეთა - სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2015 წლის 11 იანვრიდან. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ფ. გ-მ და მისმა ადვოკატმა გ. ძ-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და მსჯავრდებულ ფ. გ-ს გათავისუფლება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრისგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდქსის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.
3. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განმწესრიგებელი სხდომის განჩინებით საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ მოხმარებისთვის.
4. საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული განჩინების შესაბამისად, სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო მოხმარებისათვის მსჯავრდებისას პირის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფლების აღკვეთა.
5. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 13 იანვრის განაჩენით ფ. გ-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანის) უკანონო მოხმარებისთვის ძირითადი სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით მას აღნიშნული სასჯელი მართებულად შეუცვალა სხვა, ალტერნატიული ძირითადი სასჯელით - ჯარიმით - 1000 ლარით, რაც თანხვდენილია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინებასთან, ხოლო, იმის გათვალისწინებით, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის განაჩენით ფ. გ-ს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ძირითადი სასჯელის სახით 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული ჰქონდა ექიმის დანიშნულების გარეშე „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენით აღნიშნული სასჯელი მართებულად დატოვა უცვლელად, ვინაიდან „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკულ საშუალებაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია და, შესაბამისად, არ წარმოადგენს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველს.
6. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2016 წლის 29 სექტემბრის განჩინება ვერ გავრცელდება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ფ. გ-ს მიმართ ექიმის დანიშნულების გარეშე „ოპიუმის“ ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ ძირითად სასჯელთან მიმართებით, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანის“ უკანონო მოხმარებისთვის თავისუფლების აღკვეთის გამოყენების დაუშვებლობას.
7. რაც შეეხება მსჯავრდებულ ფ. გ-სა და მისი ადვოკატის - გ. ძ-ს მოთხოვნას ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრისგან ფ. გ-ს გათავისუფლების შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული სასჯელი წარმოადგენს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის განაჩენით მისთვის დადგენილი სასჯელის მოუხდელ ნაწილს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაემატა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 24 იანვრის განაჩენით დადგენილ სასჯელს. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ ამ შინაარსის შუამდგომლობით მსჯავრდებულ ფ. გ-ს არ მიუმართავს განსჯადი - სააპელაციო სასამართლოსათვის და, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ამ საკითხზე, რის გამოც საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს ეს მოთხოვნა. ამდენად, არ არსებობს მსჯავრდებულ ფ. გ-სა და მისი ადვოკატის - გ. ძ-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ ემყარება რაიმე სამართლებრივ საფუძველს და არც სადავო განაჩენის შეცვლის კანონით გათვალისწინებული რომელიმე პირობა არსებობს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 314-ე, 307-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ფ. გ-სა და მისი ადვოკატის - გ. ძ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი