Facebook Twitter

ას-1144-1408-09 11 დეკემბერი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე რ. ნადირიანი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. პ-ძის, ო. ლ-ძისა და ე. ბ-ურის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება შ. ხ-იკის, ნ. ბ-ძის, ზ. წ-ძის, ო. ლ-ძის, დ. წ-იას, ე. ბ-ურის, ა. პ-ძის, მ. ბ-შვილისა და ზ. ლ-ძის მიმართ.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს შ. ხ-იკმა, ა. პ-ძემ, ო. ლ-ძემ, ე., ბ-ურმა და სხვებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 აპრილის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად. ამავე სასამართლოს 2009 წლის 14 მაისის განჩინებით ა. პ-ძეს, ო. ლ-ძესა და ე. ბ-ურს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 მაისის განჩინებით ა. პ-ძის, ო. ლ-ძისა და ე. ბ-ურის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანე ა. პ-ძემ, ო. ლ-ძემ და ე. ბ-ურმა.

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიაჩნია, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომ სასამართლოს, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მხოლოდ ზემდგომი სასამართლო წყვეტს საბოლოოდ საკითხს კერძო საჩივრის დასაშვებობის, მისი დაკმაყოფილებისა თუ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მის მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა, არ გასაჩივრდება და დაუყოვნებლივ შედის კანონიერ ძალაში.

განსახილველ შემთხვევაში, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენდა თბილისის სააპელაციო სასამართლო, რომელმაც 2009 წლის 27 მაისის გასაჩივრებული განჩინებით დატოვა განუხილველად ა. პ-ძის, ო. ლ-ძისა და ე. ბ-ურის კერძო საჩივარი, შესაბამისად, მითითებული მუხლის საფუძველზე, აღნიშნული განჩინება საბოლოო იყო და გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია რომ, ა. პ-ძის, ო. ლ-ძისა და ე. ბ-ურის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. პ-ძის, ო. ლ-ძისა და ე. ბ-ურის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.