ას-1150-1295-08 16 მარტი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ვ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ვ-ე და თა. მ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება _ Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების Bბათილად ცნობა და შესაბამისი ცვლილების შეტანა საჯარო რეესტრში
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 13 ნოემბერს მ. ვ-მ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების თ. ვ-ის, თა. მ-ისა და ნოტარიუს ლ. ჭ-ს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთა შორის 2005 წლის 27 ოქტომბერს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და შესაბამისი ცვლილების შეტანა საჯარო რეესტრის მონაცემებში (ს.ფ. 4-6).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 124-131).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-მ (წარმომადგენელი დ. ბ-ე) რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 140-149).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მ. ვ-ის (წარმომადგენელი დ. ბ-ე) სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების ასლი გაეგზავნა მ. ვ-ის წარმომადგენელ დ. ბ-ს და ჩაბარდა ადრესატს 2008 წლის 30 ოქტომბერს. მხარეებს სასამართლო აქტით განემარტათ გასაჩივრების შესაძლებლობა, გასაჩივრების ვადა და წესი.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მ. ვ-ის წარმომადგენელმა დ. ბ-მ სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა 2008 წლის 17 ნოემბერს, კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის დარღვევით, მაშინ, როდესაც ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა იწურებოდა 2008 წლის 13 ნოემბრის 24 საათზე.
საქმეში წარმოდგენილი რწმუნებულებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ბ-ე არის მ. ვ-ის წარმომადგენელი, რომელიც უფლებამოსილია გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილებები, მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში ყველა ინსტანციის სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან წარმომადგენელს გადაწყვეტილება ჩაჰბარდა პირველად 2008 წლის 17 ნოემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამავე თარიღით გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლება როგორც მხარისათვის, ასევე მისი წარმომადგენლისათვის. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2008 წლის 31 ოქტომბრიდან. წარმომადგენლის მიერ საპროცესო მოქმედების შესრულების ვადის გაშვება ნიშნავს, რომ მხარემ გაუშვა საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა (ს.ფ. 152-157).
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ვ-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებული განჩინების ასლი მის წარმომადგენელს ჩაჰბარდა 2008 წლის 30 ოქტომბერს, ხოლო მას _ ამავე წლის 7 ნოემბერს. წარმომადგენელმა ვერ შეძლო მასთან დროულად დაკავშირება, ვინაიდან დროებით ცხოვრობს თბილისში და ასევე ვერ მიიღო გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი მითითების გარეშე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან კანონით დადგენილ ვადაში დ. ბ-მ შეიტანა სააპელაციო საჩივარი, რომელშიც გამოხატა ნება გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით. ამის გამო, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ვადის დარღვეულად მიჩნევა და სააპელაციო სააჩივრის განუხილველად დატოვება უსაფუძვლოა (ს.ფ. 162-163).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ვ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი პირველად ჩაბარდა წარმომადგენელ დ. ბ-ს 2008 წლის 30 ოქტომბერს, ხოლო შემდეგ თავად მ. ვ-ს 2008 წლის 7 ნოემბერს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოდ მიიჩნია გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილად და დატოვა განუხილველი, რადგან გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაეწყო მხარისათვის და არა მისი წარმომადგენლისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს, ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს წარმომადგენელ დ. ბ-ისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან _ 2008 წლის 30 ოქტომბრიდან. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 2008 წლის 13 ნოემბერს 24 საათზე, ხოლო მ. ვ-ის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი შეიტანა სასამართლოში 2008 წლის 17 ნოემბერს, 4 დღის გადაცილებით. საქმის მასალებით დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორი უარყოფს, რომ დ. ბ-ს გააჩნდა უფლებამოსილება გაესაჩივრებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და შეესრულებინა სხვა საპროცესო მოქმედებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა დატოვებული განუხილველად მ. ვ-ის წარმომადგენლის დ. ბ-ის მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევით შეტანილი სააპელაციო საჩივარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საპროცესო საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ვ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.