ას-1153-1298-08 2 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მიხეილ გოგიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნუნუ კვანტალიანი (მომხსენებელი), ლალი ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ სს ,,ს-ის” ლიკვიდატორი ბ. პ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,რ-ა” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს ,,რ-ამ” სარჩელი აღძრა სასამართლოში სს ,,ს-ის” მიმართ თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2003 წლის 27 იანვარს სს “ს-სა” და შპს “ე-ს” შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება. 2003 წლის 23 იანვარს ერთი მხრივ სს ,,ს-ის”, ხოლო, მეორე მხრივ, შპს “რ-ის” ბათუმის სავაგონო დეპოსა და შპს “ა-ს” შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ და ზემოხსენებულმა საზოგადოებებმა ვალდებულება იკისრეს, მოპასუხის წინაშე შეესრულებინათ შპს “ე-ის” მიერ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულებები. მოსარჩელის მხრიდან სადავო ხელშეკრულება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც არსებობს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სს ,,ს-ის” ლიკვიდატორმა ბ. პ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა, ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6000 ლარის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული განჩინების ასლი ბ. პ-ეს 2008 წლის 23 ოქტომბერს ჩაბარდა, თუმცა მას ხარვეზი არ გამოუსწორებია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარისათვის ცნობილი იყო ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგები, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილისა და 374-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სს ,,ს-ის” ლიკვიდატორმა ბ. პ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “ყ” ქვეპუნქტი, რომლის დანაწესიდან გამომდინარე, აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის ბათილად ცნობასაც მოსარჩელე ითხოვს, გამომდინარეობს სს “ს-სა” და შპს “ე-ს” შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან, რადგან სწორედ შპს “რ-ამ”, როგორც თავდებმა, უნდა აუნაზღაუროს ბანკს შპს “ე-ის” მიერ აღებული სესხი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,ს-ის” ლიკვიდატორ ბ. პ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
“სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “ყ” ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები _ საკრედიტო კავშირები _ კომერციული ბანკებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების _ საკრედიტო კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ ევალება ლიკვიდაციაში მყოფ საბანკო-საკრედიტო ორგანიზაციებს ისეთ დავებზე, რომელთა საფუძველზეც აღნიშნულ დაწესებულებას უბრუნდება მის მიერ გაცემული სესხი, პროცენტი ან იფარება სხვა სახის დავალიანება. ამასთან, ზემოხსენებული კანონის დანაწესის ანალიზის საფუძველზე ლიკვიდაციის პროცესში მყოფი საბანკო დაწესებულებები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან უნდა გათავისუფლდნენ როგორც სარჩელის, ასევე სააპელაციო და საკასაციო საჩივრების შეტანის დროსაც, ვინაიდან კანონში მითითებული საფუძვლებით უფლების დაცვის უზრუნველყოფა უნდა მოხდეს სამართალწარმოების ყველა სტადიაზე.
დასაბუთებულია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებული კანონის დანაწესიდან გამომდინარე ლიკვიდაციაში მყოფი სს “ს-ი” გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კერძოდ, წარმოდგენილი დავის საგანი არის თავდებობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რომლის საბოლოო მიზანია, მოსარჩელე შპს “რ-ამ”, როგორც თავდებმა, აირიდოს სს “ს-სა” და შპს “ე-ს” შორის დადებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალის მიერ დაუფარავი სესხის გადახდა. ამდენად, სს “ს-ის” მოთხოვნა მოცემულ შემთხვევაში უკავშირდება დებიტორული დავალიანების დაბრუნებას.
განსახილველი დავა უშუალოდ ეხება რა “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “ყ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, სააპელაციო სასამართლომ სს ,,ს-ის” ლიკვიდატორ ბ. პ-ის სააპელაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის მოტივით არასწორად დატოვა განუხილველად, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს ,,ს-ის” ლიკვიდატორ ბ. პ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.