საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
ას-115-393-08 25 ივნისი, 2008 წ
ქ. თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია (მომხსენებელი), როზა ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - თ. ნ-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც. კ-აძე და საკრედიტო კავშირი „ი.-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
დავის საგანი - სესხის ხელშეკრულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საკრედიტო კავშირმა „ი.-მა“ 2004 წლის 29 აპრილს სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს შპს „ნ.-ს“ დირექტორ თ. ნ-შვილის მიმართ და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2000 წლის 24 მაისს შპს „ნ.-ს“ დირექტორის - თ. ნ-შვილის განცხადების საფუძველზე, რომელიც მეცხოველეობის ფერმის განვითარებისათვის ითხოვდა სესხს, საკრედიტო კავშირმა „ი.-მა“ გამოყო და გასცა სესხის სახით 8000 ლარი. საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 3%-ით, სესხის ვადა განისაზღვრა 10 თვით. შპს „ნ.-ს“ დირექტორმა თ. ნ-შვილმა სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად საკრედიტო კავშირთან დადო გირაოს ხელშეკრულება და სესხის დაბრუნების გარანტად ჩადო მის მიერ პრივატიზებული ფერმა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით შეფასდა 40 000 ლარად.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სესხისა და გირაოს ხელშეკრულების თანახმად, სესხის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, საკრედიტო კავშირს მიენიჭა დაგირავებული ქონების გაყიდვის უფლება, მოპასუხემ სესხის მხოლოდ პროცენტი დაფარა, ისიც არასრულყოფილად, მოსარჩელის მრავალჯერადი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე თავს არიდებდა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რამაც გაკოტრებამდე მიიყვანა საკრედიტო კავშირი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად დაგირავებული ქონების დაყადაღდება, სესხის - 8000 ლარისა და პროცენტის გადაუხდელობით გამოწვეული ზარალის - 6113 ლარის, სულ 14133 ლარის გადახდა.
2004 წლის 28 სექტემბრის განჩინებით სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ შეაჩერა საქმის წარმოება და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა რაიონულ პროკურატურას.
2006 წლის 28 ნოემბრის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება.
საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით ჩაება ც. კ-აძე, რომელმაც მოითხოვა საკრედიტო კავშირ „ი.-ის“ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება და შპს „ნ.-ში“ თ. ნ-შვილის წილი ქონებიდან.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით საკრედიტო კავშირ „ი.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „ნ.-ს“ დირექტორს თ. ნ-შვილს დაეკისრა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8000 ლარისა და სესხის პროცენტის გადაუხდელობით გამოწვეული ზარალის - 13,313 ლარის, ე.ი. სულ 21,313 ლარის გადახდა საკრედიტო კავშირ „ი.-ის“ სასარგებლოდ, დაკმაყოფილდა ც. კ-აძის მოთხოვნა და თ. ნ-შვილის მიმართ დაკისრებული თანხის გადახდა განისაზღვრა შპს „ნ.-ში“ მისი წილი ქონებიდან; თ. ნ-შვილს ც. კ-აძის სასარგებოდ დაეკისრა 58,284 ლარის გადახდა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა თ. ნ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ვანის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 27 სექტემბრის განჩინებით თ. ნ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ნ-შვილმა და მათი გაუქმება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 იანვრის განჩინებით თ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. ნ-შვილმა. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის ხარვეზის განჩინება მას ჩაჰბარდა გვიან, კერძოდ, 2007 წლის 19 დეკემბერს. მან კი სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა 2007 წლის 28 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, მას არ დაურღვევია სახელმწიფო ბაჟის გადახდისთვის სამართლოს მიერ მიცემული 10 - დღიანი ვადა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ თ. ნ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 26 ნოემბრის განჩინებით თ. ნ-შვილის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. მას ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 - დღიანი ვადა მხარისათვის განჩინების ასლის ჩაბარების დღიდან.
თეოფილე ნავლიშვილს განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2007 წლის 13 დეკემბერს, მაგრამ აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, არ გადაიხადა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟი, კერძოდ, მას სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი უნდა წარმოედგინა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, ე.ი. 2007 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით. თ. ნ-შვილმა კი სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა 2007 წლის 28 დეკემბერს. ვინაიდან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული, სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 8 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით Dდადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
საკასაციო პალატას მიაჩნია, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი თ. ნ-შვილმა დაგვიანებით წარმოადგინა, ითვლება, რომ საპროცესო მოქმედება არ შესრულებულა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მოცემულ შემთხვევაში აპელანტმა არ შეავსო ხარვეზი განჩინებით განსაზღვრულ ვადაში და ამდენად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი და განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ნ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 8 იანვრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.