ას-1157-1302-08 24 მარტი, 2009 წელი
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
რ. ნადირიანი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ჰ. ა.-ი
წარმომადგენელი_ ა. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ა. ი-ესი, ა. წ-ელი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
დავის საგანი _ გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჰ. ა.-ის სარჩელი ა. წ-ელისა და ა. ი-ესის მიმართ 2004 წლის 18 სექტემბრის წილის გასხვისების ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ჰ. ა.-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღით. 2008 წლის 1 დეკემბერს ჰ. ა.-მ განცხადებით მიმართა სასამართლოს, სადაც აღნიშნა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს მხოლოდ 2004 წლის 18 სექტემბრის წილის გასხვისების ხელშეკრულების ბათილად ცნობა. რის გამოც, საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ სარჩელის დაკმაყოფილება უკავშირდება შპს „ს.-ის“ საწესდებო კაპიტალში 90%-იანი წილის მოსარჩელისათვის დაბრუნებას. აპელანტი მიიჩნევდა, რომ სარჩელის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის ქონების გადაცემა ან მიწოდება.
პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 150 ლარი. სააპელაციო პალატის 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს დაევალა: 1) სააპელაციო საჩივრის ღირებულების განსაზღვრა და მითითება, სადავო წილის საბარო ღირებულების შესაბამისად და 2) ამ ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა უკვე გადახდილი 150 ლარის გათვალისწინებით.
2008 წლის 24 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა დამატებით 10 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააპელაციო პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადა 5 დღით.
2008 წლის 12 ნოემბერს აპელანტმა განცხადებით მომართა სააპელაციო სასამართლოს იმაზე მითითებით, რომ დავის საგნის ღირებულება განსაზღვრული უნდა ყოფილიყო სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (4000) ლარით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 14 ნოემბრის განჩინებით აპელანტს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა 5 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდა შპს „ს.-ის“ საწესდებო კაპიტალში სადავო 90%-იანი წილის ღირებულების 4%-ის ოდენობით, არაუმეტეს 5000 ლარისა.
პალატამ გაიზიარა აპელანტის მითითება იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მხოლოდ 2004 წლის 18 სექტემბრის წილის გასხვისების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, თუმცა ხელშეკრულების ბათილად ცნობის მიმართ მოსარჩელის იურიდიული ინტერესი მიმართულია ისეთი ქონებრივი უფლების დაცვისაკენ, რომელსაც საბაზრო ღირებულება გააჩნია და ამასთან, ამ ღირებულების განსაზღვრა, შესაძლებელია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ჰ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ჰ. ა.-მ.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი და უსაფუძვლოდ მიიჩნია, რომ ბატონმა ჰ. ა.-მ არ შეავსო ხარვეზი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, განიხილა კერძო საჩივარი და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ჰ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%-ს. მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ფასი უნდა განისაზღვროს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ”ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგან აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს წილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობა, რომლის დაკმაყოფილების შემდეგაც აპელანტს წარმოეშობა სადავო წილის დაბრუნების მოთხოვნის უფლება. სწორედ ამისკენ არის მიმართული აპელანტის იურიდიული ინტერესი. ამ მოთხოვნას კი საბაზრო ღირებულება გააჩნია და რადგანაც მისი განსაზღვრა შესაძლებელია, შესაბამისად დავის საგნის ფასიც იქნება მისი ღირებულება.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ დავის საგნის ღირებულება განსაზღვრული უნდა ყოფილიყო სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (4000) ლარით, რადგან მოცემული დავა არ წარმოადგენს ისეთ კატეგორიას, სადაც შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე, 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჰ. ა.-ის P კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.