Facebook Twitter

ას-1159-1304-08 7 მაისი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს “ს. ს. ბ.” (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ხ-აზი (მოპასუხე)

დავის საგანი – გადახდის ბრძანების მიღება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სს „ს. ს. ბ.“ ქობულეთის რაიონულ სასამართლოს 2008 წლის 27 ივნისს განცხადებით მიმართა გადახდის ბრძანების მიღების თაობაზე და მოითხოვა ა. ხ-აზისათვის 12903,77 აშშ დოლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ სს „ს. ს. ბ.“ და ა. ხ-აზს შორის 2002 წლის 24 დეკემბერს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება ¹809\2002, რომლითაც ა. ხ-აზმა საზღვაო ბანკიდან აიღო კრედიტი 50 000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით, ყოველთვიურად 2%-ის დარიცხვით. ა. ხ-აზმა ნაწილობრივ დაფარა კრედიტი და სარჩელის აღძვრის დროისათვის დავალიანებამ შეადგინა 12903,77 აშშ დოლარი.

განმცხადებელმა მოითხოვა განცხადებაში მითითებული თანხის, მოპასუხე ა. ხ-აზისათვის გადახდის ბრძანებით დაკისრება.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის გადახდის ბრძანებით, ა. ხ-აზს დაეკისრა 12903,77 აშშ დოლარის გადახდა.

აღნიშნული გადახდის ბრძანება 2008 წლის 2 ივლისს პირადად ჩაჰბარდა მოპასუხე ა. ხ-აზს.

2008 წლის 22 აგვისტოს მოპასუხე ა. ხ-აზის წარმომადგენელმა ე. ბ-ძემ ქობულეთის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი გადახდის ბრძანებაზე, მოითხოვა მისი გაუქმება და შესაგებლის შეტანის კანონით განსაზღვრული ვადის აღდგენა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 4 სექტემბრის განჩინებით ა. ხ-აზს უარი ეთქვა გადახდის ბრძანებაზე შესაგებლის შეტანისათვის გაშვებული ვადის აღდგენაზე.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. ხ-აზის წარმომადგენელმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ვინაიდან, კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, კერძო საჩივრის ავტორს 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან და განემარტა, თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

განჩინების ასლი ა. ხ-აზს და მის წარმომადგენელს ე. ბ-ძეს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული განჩინება ე. ბ-ძეს ჩაჰბარდა 2008 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო ა. ხ-აზს 2008 წლის 23 ოქტომბერს.

2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო პალატის მიერ კერძო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

2008 წლის 3 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოში შევიდა ა. ხ-აზის წარმომადგენლის განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე და სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2008 წლის 12 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ა. ხ-აზის წარმომადგენელმა ე. ბ-ძემ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლზე მითითებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და კერძო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოების განახლება. განმცხადებლის განმარტებით, მან 2008 წლის 27 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოში ფოსტის მეშვეობით, ვადის დაცვით გააგზავნა განცხადება და ბაჟის ქვითარი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინებით ა. ხ-აზის წარმომადგენელ ე. ბ-ძის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინება და ა. ხ-აზის კერძო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება განახლდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ ხარვეზი ვადაში იქნა შევსებული, მაგრამ ფოსტის ბრალით მისი სასამართლოში დროულად წარდგენა ვერ მოხერხდა. პალატა თვლის, რომ ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით ა. ხ-აზის წარმომადგენლის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და კერძო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება განახლდეს.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა სს “ს. ს. ბ.”. მან მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ა. ხ-აზის კერძო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად. სასამართლოს მიერ მიცემული საპროცესო ვადის გასვლის შემთხვევაში შესაძლებელია სასამართლოში შეტანილ იქნეს განცხადება არა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, არამედ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ, რომლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს საპროცესო ვადის აღდგენაზე. გარდა ამისა, მტკიცებულება, რის საფუძველზეც მოითხოვდა განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას, ცნობილი იყო მანამდეც, ანუ 2008 წლის 31 ოქტომბრამდე, განუხილველად დატოვების განჩინების მიღებამდე. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ სს “ს. ს. ბ.” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ, ვინაიდან ა. ხ-აზს კერძო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით განესაზღვრა 7 - დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან და განემარტა, თუ აღნიშნულ ვადაში ხარვეზს არ შეავსებდა, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

განჩინების ასლი ა. ხ-აზს და მის წარმომადგენელ ე. ბ-ძეს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული განჩინება ე. ბ-ძეს ჩაჰბარდა 2008 წლის 22 ოქტომბერს, ხოლო ა. ხ-აზს - 23 ოქტომბერს. ხარვეზის შევსების ბოლო ვადა კი ამოიწურა 2008 წლის 29 ოქტომბერს.

2008 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო პალატის მიერ კერძო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

ა. ხ-აზის წარმომადგენლმა ე. ბ-ძემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ მას არ დაურღვევია ხარვეზის შევსების ვადა, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი ფოსტით გააგზავნა 2008 წლის 27 ოქტომბერს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წანამძღვრები.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმეში მოიპოვება მხარის განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი კონვერტთან ერთად, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ ა. ხ-აზმა სახელმწიფო ბაჟი დროულად გადაიხადა და ვადის დაცვით ფოსტით გადააგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, თუმცა ფოსტის ბრალით არ მოხდა მისი სასამართლოში დროულად წარდგენა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. ხ-აზს არ დაურღვევია სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა. ვინაიდან ფოსტამ დროულად არ გადააგზავნა სასამართლოში აღნიშნული განცხადება სახელმწიფო ბაჟის ქვითართან ერთად, სასამართლომ ა. ხ-აზის კერძო საჩივარი დატოვა განუხილველად, თუმცა ა. ხ-აზის მიერ განცხადების შეტანის შემდეგ გაირკვა, რომ მან დროულად შეავსო ხარვეზი. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “ს. ს. ბ.” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 25 ნოემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.