№112აპ-17 ქ. თბილისი
ს-ე ქ., 112აპ-17 20 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ქ. ს-ს, მსჯავრდებულ რ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-სა და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
· ქ. ს-ს ბრალი დაედო თაღლითობაში, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებასა და ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი - 2015 წლის 24 სექტემბრისა და 2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდები); პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გატაცებაში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი - 2015 წლის 24 სექტემბრისა და 2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდები);
· რ. ღ-ს ბრალი დაედო თაღლითობაში, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებასა და ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღებაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ორი - 2015 წლის 24 სექტემბრისა და 2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდები); ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი - 2015 წლის 24 სექტემბრისა და 2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდები).
მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
- 2015 წლის 24 სექტემბერს ქ. ს-ე ფარულად დაეუფლა თავისი ძმის - ლ. ს-ს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და რ. ღ-თან ერთად მივიდა ….., მ/ს „….. თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მ. ა-ს სანოტარო ბიუროში, სადაც დახვდათ თანხის გამსესხებელი პირი - ზ. ს-ე. რ. ღ-ე ნოტარიუს მ. ა-ს წინაშე წარსდგა, როგორც ლ. ს-ე, ამ უკანასკნელის სახელზე გაცემული პირადობის დამადასტურებელი მოწმობა წარუდგინა და გამოხატა თანხმობა ლ. ს-ს ბინის იპოთეკით დატვირთვაზე. ნოტარიუსი ფიზიკური მსგავსების გამო ვერ მიხვდა, რომ მის წინაშე ლ. ს-ს სახელით ნებას გამოხატავდა რ. ღ-ე, შესაბამისად, გააფორმა ხელშეკრულება რ. ღ-სა და ზ. ს-ს შორის, რომელზეც ხელი ლ. ს-ს სახელით მოაწერა რ. ღ-მ, ხოლო ხელშეკრულების თანახმად, იპოთეკით დაიტვირთა ლ. ს-ს კუთვნილი ბინა, რომლის სანაცვლოდაც ზ. ს-მ ქ. ს-ს გადასცა თანხა - 10 000 აშშ დოლარი (24075 ლარი).
- 2015 წლის ოქტომბერში რ. ღ-მ, ქ. ს-მ და ნ. კ-მ კვლავ განიზრახეს ლ. ს-ს ნებართვის გარეშე და მისგან ფარულად დაეტვირთათ ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ბინა (მდებარე ქ.თბილისში, ….. ქ.N…..-ში) იპოთეკით და მიღებული თანხა გამოეყენებინათ პირადი საჭიროებისათვის. 2015 წლის 27 ოქტომბერს ქ. ს-ე კვლავ ფარულად დაეუფლა ლ. ს-ს პირადობის დამადასტურებელ მოწმობას, ხოლო 2015 წლის 28 ოქტომბერს ქ. ს-ე და რ. ღ-ე მივიდნენ ნოტარიუს მ. ა-ს სანოტარო ბიუროში, სადაც რ. ღ-მ ლ. ს-ს სახელით გასცა მინდობილობა ქ. ს-ს სახელზე, ლ. ს-ს საკუთრებაში არსებული ზემოხსენებული ბინის განკარგვის უფლებით. რ. ღ-მ წარადგინა ლ. ს-ს პირადობის მოწმობა და კვლავ მის ნაცვლად მოაწერა ხელი მინდობილობას. იმავე დღეს ხსენებული ყალბი მინდობილობის საფუძველზე მ. ა-ს სანოტარო ბიუროში ქ. ს-მ იპოთეკით მეორედ დატვირთა ლ. ს-ს საცხოვრებელი ბინა, რის შემდეგაც იპოთეკარებისგან (გამსესხებლები) - მ. ღ-სგან, ლ. მ-სა და ზ. ქ-საგან სესხად აიღო თანხა ჯამურად - 20 500 აშშ დოლარის (48863 ლარი) ოდენობით, საიდანაც ქ.ს-მ გაისტუმრა წინა იპოთეკარი - ზ. ს-ე. ასევე, რ. ღ-ს გადასცა - 1500 აშშ დოლარი (3575 ლარი), ნ. კ-ს - 500 აშშ დოლარი (1191 ლარი), ხოლო დარჩენილი თანხა დაიტოვა თვითონ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 აგვისტოს განაჩენით:
ქ. ს-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს-ს ეპიზოდი);
ქ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ-ს, ლ. მ-სა და ზ. ქ-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ-ს, ლ. მ-სა და ზ. ქ-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ქ. ს-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ქ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2016 წლის 2 აგვისტოდან.
რ. ღ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს-ს ეპიზოდი).
რ. ღ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს-ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
რ. ღ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ-ს, ლ. მ-სა და ზ. ქ-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ-ს, ლ. მ-სა და ზ. ქ-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ რ. ღ-ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რ. ღ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2015 წლის 11 დეკემბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები - ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული აუდიო-ვიდეოჩანაწერების ამსახველი ერთი კომპიუტერული დისკი და სანოტარო ბიუროდან მიღებული ვიდეოჩანაწერის ამსახველი ერთი კომპიუტერული დისკი უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ, მსჯავრდებულ რ. ღ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ. ც-მ და მსჯავრდებულმა ქ. ს-მ.
· პროკურორმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულების - ქ. ს-სა და რ. ღ-ს დამნაშავედ ცნობა მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში, შემდეგ გარემოებათა გამო:
· პროკურორის განმარტებით, თუკი სასამართლომ 2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდში დადასტურებულად მიიჩნია მსჯავრდებულთა მიერ თაღლითობის ჩადენა, დაუსაბუთებელია სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე ქმედებისათვის 2015 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდში მათი გამართლების შესახებ მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ იპოთეკარს დაუბრუნეს თანხა. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ჩადენილია ორი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი დანაშაული. თავად ქ. ს-ს ჩვენებითაც დასტურდება, რომ პირველი ქმედების ჩადენისას მათ არ სურდათ თაღლითობის განმეორებით ჩადენა, თუმცა იძულებული გახდა, რადგან მას ვალების დასაფარად პირველი სესხის შედეგად მიღებული თანხა არ ეყო. შესაბამისად, სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდის შეფასებისას უნდა ეხელმძღვანელა მსჯავრდებულების იმ მომენტისათვის არსებული განზრახვით, რადგან დანაშაულის ჩადენისას მათ ჰქონდათ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვა. სესხის განმეორებით მისაღებად კი აუცილებელი იყო, გაესტუმრებინათ პირველი იპოთეკარი, რის გარეშეც 2015 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულება ვერ დაიდებოდა. პროკურორმა ასევე განმარტა, რომ ზუსტად იმავე საფუძვლით გადაკვალიფიცირდა რ. ღ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება ამავე მუხლის 1-ლ ნაწილზე (2015 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი), რომ თითქოსდა, მისმა ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოიწვია, რადგან თანხა დაუბრუნდა იპოთეკარს.
· მსჯავრდებულ რ. ღ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც-მ ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა შემდეგი საფუძვლებით:
· საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს კონკრეტული ნორმა, კერძოდ, 208-ე მუხლი, კრედიტის უკანონოდ მიღება, რომელსაც ზუსტად შეესაბამება რ. ღ-ს მიერ ჩადენილი ქმედება, რის გამოც მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს იმავე კოდექსის 208-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ვინაიდან სესხის აღება მოხდა რ. ღ-ს მიერ ხელმოწერილი ყალბი მინდობილობის საფუძველზე, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. ამასთან, სესხის საფუძველზე აღებული თანხის არაპროპორციული განაწილებიდან გამომდინარე, რ. ღ-ე წარმოადგენს დამხმარეს ქ. ს-ს მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებაში, რაც ყალბი მინდობილობის დამზადებაში გამოიხატა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ადვოკატმა ითხოვა რ. ღ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 24-208-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ასევე საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის ნაწილის პირობითად ჩათვლა.
· მსჯავრდებულმა ქ. ს-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვა სასჯელის შემსუბუქება და მისთვის ისეთი სასჯელის განსაზღვრა, რომელიც არ იქნებოდა დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. მსჯავრდებულმა ალტერნატიულ მოთხოვნად მიუთითა სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 2 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ქ. ს-მ, მსჯავრდებულ რ. ღ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. მ-მ და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ.
6. მსჯავრდებული ქ. ს-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებასა და მისთვის ისეთი სასჯელის განსაზღვრას, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან. მსჯავრდებულმა ალტერნატივის სახით მოითხოვა სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.
7. მსჯავრდებულ რ. ღ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. მ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანას და რ. ღ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 24-208-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საბოლოო სასჯელის სახით 3 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით 2 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 1 წლის პირობითად ჩათვლას.
8. პროკურორი ითხოვს მსჯავრდებულების - ქ. ს-სა და რ. ღ-ს დამნაშავედ ცნობას მათ მიმართ ბრალად წარდგენილ ყველა ეპიზოდში იმავე სამართლებრივი საფუძვლებით, რაზეც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში. სახელმწიფო ბრალმდებელმა დამატებით მიუთითა, რომ სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაზარალებულად არასწორად მიიჩნია თანხის გამსესხებლები (იპოთეკარები), რადგან დანაშაულის ორივე ეპიზოდის შემთხვევაში ზიანი მიადგა არა მათ, არამედ - ლ. ს-ს, რადგან მის საკუთრებაში არსებული ქონება ორჯერ დაიტვირთა იპოთეკით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ მსჯავრდებულ ქ. ს-ს, მსჯავრდებულ რ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-სა საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ 2015 წლის 24 სექტემბერს ლ. ს-ს სახელით ზ. ს-თან გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და გამსესხებელმა ზ. ს-მ გასცა სესხი - 10 000 აშშ დოლარი, ხოლო სესხის უზრუნველყოფა მოხდა მსესხებლ ლ. ს-ს კუთვნილი უძრავი ქონებით, მდებარე - ქ. თბილისში, ….. ქ. N…..-ში.
3. აღნიშნული ხელშეკრულების სისწორე დაადასტურა ნოტარიუსმა მ. ა-მ, რომლის ჩვენებაც ასევე უდავოდ იქნა ცნობილი და მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
4. სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ლ. ს-ს ჩვენებით დადგენილია, რომ ქ. ს-ე არის მისი და. თბილისში, ….. ქ.N…..-ში მდებარე ბინა რეგისტრირებულია მის სახელზე, რომელიც შეიძინა ერთი წლის წინ 45 000 აშშ დოლარად. მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული ბინა არის იპოთეკით არაკანონიერად დატვირთული იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელშიც მონაწილეობდნენ კ-ე და ღ-ე, ასევე მისი და - ქ. ს-ე. დაზარალებულის განმარტებით, 2015 წლის 24 სექტემბერსა და 2015 წლის 28 ოქტომბერს ნოტარიუსთან არ მისულა და შესაბამისად, მინდობილობა მისი გაცემული არ არის; ასევე ხელი არ მოუწერია სესხისა და იპოთეკის არც ერთ ხელშეკრულებაზე. ხელშეკრულების გაფორმების შესახებ გაიგო ბოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე დღეს, მაშინ, როდესაც ნოტარიუსმა დაურეკა და ჰკითხა ვინაობა და იყო თუ არა მასთან მისული წინა დღეს, რაც მან არ დაუდასტურა. მისთვის ასევე ცნობილია, რომ მისი პირადობის მოწმობა მოიპარეს სახლიდან და მოპარული პირადობის მოწმობის გამოყენებით, მის ნაცვლად სხვა პირის ხელმოწერით, გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები და მინდობილობა. მას სურდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შეცვლა, რის გამოც მივიდა იუსტიციის სახლში, სადაც გაირკვა, რომ მისი პირადობის მოწმობის შეცვლას ცდილობდნენ - რ. ღ-ე და ქ. ს-ე. მანვე განმარტა, რომ მას დაუკავშირდა რ. ღ-ს მამა და უთხრა, რომ დაუბრუნებდა იმ თანხას, რომელიც ქ. ს-ს ჰქონდა გადახდილი რ. ღ-თვის.
5. მოწმე ზ. ს-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 24 სექტემბერს ნოტარიუს მ. ა-ს სანოტარო ბიუროში მასა და ლ. ს-ს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ლ. ს-ს სესხის სახით გადასცა - 10 000 აშშ დოლარი. 2015 წლის 28 ოქტომბერს მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ლ. ს-ე ამატებდა თანხას და მას სრულად უბრუნებდა მის მიერ გაცემულ თანხას. შემდეგ გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ახალი ხელშეკრულება, ხოლო მას დაუბრუნდა სესხის სახით გაცემული - 10 000 აშშ დოლარი.
6. მოწმე მ. ა-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ნოტარიუსი და მუშაობს ….. „….. თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სანოტარო ბიუროში. 2015 წლის 24 სექტემბერს მასთან მივიდნენ და-ძმა ქ. და ლ. ს-ები. მათ წარუდგინეს ლ. ს-ს კუთვნილი, 2007 წელს გაცემული პირადობის მოწმობა. მან მოახდინა ლ. ს-ს პიროვნების იდენტიფიცირება შუამავალსა და იპოთეკარებთან ერთად, რის საფუძველზეც იმავე დღეს გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ლ. ს-მ სესხის სახით მიიღო 10 000 აშშ დოლარი, …..ქუჩაზე მდებარე ბინის უზრუნველყოფით. 2015 წლის 28 ოქტომბერს მასთან კვლავ მივიდნენ - ლ. და ქ. ს-ები, კვლავ წარუდგინეს ლ. ს-ს სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა და მოითხოვეს ქ. ს-ს სახელზე მინდობილობის გაცემა, ვინაიდან მათი განმარტებით, ლ. ს-ე სასწრაფოდ მიდიოდა ქ. ბათუმში. 15:00 საათზე მან გააფორმა მინდობილობა, ხოლო 17:00 საათზე მასთან ხელმეორედ მივიდა ქ. ს-ე, იპოთეკარებთან - ზ. ქ-თან, მ. გ-სა და ლ. მ-თან ერთად და მოითხოვა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება. იმავე დღეს მან შეადგინა ხელშეკრულება, რა დროსაც მას ქ. ს-ს ქცევაში შეეპარა ეჭვი და მეორე დღეს გადაწყვიტა მის ოჯახთან დაკავშირება. მეორე დღეს ის თავდაპირველად დაუკავშირდა ქ. ს-ს მამას, რომელმაც უთხრა, რომ მის შვილს - ლ. ს-ს დაკარგული ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რის გამოც ლ. ს-ე ვერ შეძლებდა სანოტარო ბიუროში მისვლას და ხელშეკრულების გაფორმებას, ხოლო მოგვიანებით ესაუბრა თავად ლ. ს-ს, რომელმაც დაადასტურა მამის ნათქვამი და აღნიშნა, რომ წინა დღეს იგი სახლიდან არ გასულა და არც სანოტარო ბიუროში ყოფილა დასთან ერთად.
7. მოწმე ვ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს უძრავი ქონების სააგენტოში. ქ. ს-ე გაიცნო მაშინ, როცა ბინის სანახავად იყო მისული მასთან. მისი მონაწილეობით ნოტარიუსთან მომზადდა და დაიბეჭდა საბუთები, რის შემდეგ მივიდნენ ქ. და ლ. ს-ები და ხელშეკრულება გაფორმდა 10 000 აშშ დოლარზე. ორი თვის სარგებელი გადაიხადეს წინასწარ, ხოლო თანხა გადაეცა ქ. ს-ს ნოტარიუსის თანდასწრებით. ლ. ს-ც იქ იმყოფებოდა და თანხა ქ. ს-ს გადაეცა მისი თანხმობით. მან იცოდა, რომ ლ. ს-ე იყო ბინის მეპატრონე, ხოლო ქ. ს-ე კი - მისი და. ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ დაუკავშირდა გამსესხებელი ზ., რომელმაც უთხრა, რომ თანხას უბრუნებდნენ და როგორც მისთვის ცნობილია, მას აღნიშნული თანხა დაუბრუნდა, ხოლო ქ. ს-მ ხელახლა დატვირთა ბინა იპოთეკით - 20 500 აშშ დოლარად. იპოთეკით ხელახლა დატვირთვა და ზ-ს თანხის დაფარვა მოხდა ერთდროულად, შესაბამისად, მას ზიანი არ მისდგომია. მოგვიანებით მას დაურეკეს პოლიციიდან და დაკითხეს მოწმის სახით, სადაც ნახა ბინის ნამდვილი მეპატრონე და ის აშკარად განსხვავდებოდა იმ პირისაგან, რომელიც მანამდე ლ. ს-ე ეგონა.
8. მოწმე ლ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ სურდა დაგროვილი დანაზოგის - 5000 აშშ დოლარის გასესხება, რის შესახებაც იცოდა უძრავი სააგენტოს მფლობელმა ი. ვ-მ. 2015 წლის ოქტომბერში ი. ვ-ე დაუკავშირდა და აცნობა, რომ შეეძლო ფულის გასესხებაში დახმარება და დაიბარა ნოტარიუსთან. ნოტარიუსთან მისულმა ნახა ი. ვ-ე და კიდევ ორი იპოთეკარი, რომლებიც უარს აცხადებდნენ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებაზე მინდობილობის საფუძველზე, რა დროსაც ნოტარიუსმა ი-ს უთხრა, რომ მინდობილობის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმება პრობლემას ვერ შექმნიდა, მით უმეტეს პირველი ხელშეკრულებაც მისი გაფორმებული იყო. შემდეგ დასთანხმდნენ და გაფორმდა ხელშეკრულება. იქვე იყო ახალგაზრდა გოგო, როგორც შემდგომში მისთვის გახდა ცნობილი, ქ. ს-ე, რომელმაც უთხრა, რომ მას უნდა გადაეხადა სესხი და თანხა ძმისთვის სჭირდებოდა. თანხას გადაუხდიდა მას შემდეგ, რაც გაყიდდა ქუთაისში მდებარე სახლს. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას მან იცოდა, რომ ბინა, რომელიც იპოთეკით დაიტვირთა, ეკუთვნოდა ქ. ს-ს ძმას, ხოლო როგორც მისთვის შემდეგში გახდა ცნობილი, ს-ს ძმის ნაცვლად, მინდობილობას ხელი მოაწერა რ. ღ-მ. მან შუამავალს გადასცა 5000 აშშ დოლარი.
9. მოწმე ზ. ქ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის ოქტომბერში დაურეკა მეგობარმა ი. ვ-მ, რომელმაც უთხრა, რომ დაეხმარებოდა სესხის გაცემაში, ბინის უზრუნველყოფით. აღნიშნულის შემდეგ მივიდა ნოტარიუსთან, სადაც გაიგო, რომ მინდობილობით ფორმდებოდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, თავად იყო იპოთეკარი. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებისას ნოტარიუსმა განუცხადა, რომ ბინის მესაკუთრე იყო მასთან მისული, თუმცა, ვინაიდან ჰქონდა გადაუდებელი საქმე, გააფორმა მინდობილობა და წავიდა. შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც მოაწერა ხელი. ხელშეკრულების გაფორმებისას სულ ჰქონდა - 12 000 აშშ დოლარი, მათ შორის- 6 000 აშშ დოლარი იყო თავისი, ხოლო - 6 000 აშშ დოლარი მისი დის. ამასთან, ხელშეკრულება გაფორმდა კიდევ - 3500 და - 5000 აშშ დოლარზე, საერთო თანხა გამოვიდა - 20 500 აშშ დოლარი. თანხა ნოტარიუსის თანდასწრებით გადასცა ქ. ს-ს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ როდესაც მინდობილობის გაყალბების ფაქტი გაირკვა, მას დაუკავშირდნენ რ. ღ-ს ოჯახის წევრები და უთხრეს, რომ გადაიხდიდნენ იმ თანხის ნაწილს, რაც რ. ღ-მ წაიღო.
10. მოწმე მ. ღ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ მას დაუკავშირდა მეგობარი მ. თ-ი და შესთავაზა თანხის გასესხება, ბინის უზრუნველყოფით. 2015 წლის ოქტომბრის ბოლოს მივიდა ნოტარიუსთან, სადაც გაირკვა, რომ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო მინდობილობის საფუძველზე, რაზეც უარყოფითი რეაქცია ჰქონდა ზ. ქ-ს. ნოტარიუსმა განმარტა, რომ მინდობილობა პრობლემას არ წარმოადგენდა, ვინაიდან იგი თავად გააფორმა და მასაც ჩვეულებრივი იურიდიული ძალა ჰქონდა. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მინდობილობა იყო ყალბი, სიტუაციის გარკვევის მიზნით ავიდნენ ქ. ს-სთან სახლში, სადაც მისმა დედამ აუღელვებლად უთხრა, რომ პრობლემა არ იყო, რადგან ქ. ს-ე აპირებდა იტალიაში წასვლას და გადაიხდიდა ვალს. მოგვიანებით საუბარში ჩაერთო ლ. ს-ც. მათ ლ. ს-ს და მის დედას შესთავაზეს, რომ გაუფორმებდნენ ერთწლიან უპროცენტო ხელშეკრულებას, რომ ქ. ს-ს ნაწილ-ნაწილ დაებრუნებინა თანხა, რაზედაც ლ. ს-მ უარი განაცხადა.
11. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა - ლ. დ-მ, მ. თ-მ და ი. ვ-მ (შუამავლები).
12. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, 2015 წლის 28 ოქტომბერს ნოტარიუს მ. ა-ს მიერ გაცემული მინდობილობით დადგენილია, რომ ქ. ს-ს მიენიჭა უფლებამოსილება განეკარგა, ქ. თბილისში, ….. ქ. N…..-ში მდებარე ლ. ს-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.
13. მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, 2015 წლის 28 ოქტომბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ ქ. ს-ს სესხის სახით გადაეცა - 20 500 აშშ დოლარი, ხოლო სესხის უზრუნველყოფა მოხდა ლ. ს-ს საკუთრებაში არსებული, თბილისში, …..ქ. N…..-ში მდებარე უძრავი ქონებით.
14. ქ. ს-მ წარდგენილ ბრალდებაში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ, აღიარა დოკუმენტის გატაცების ორივე ეპიზოდი და აჩვენა შემდეგი: მას სურდა სესხის აღება, რის გამოც გადაწყვიტა ძმის სახლის იპოთეკით დატვირთვა. დახმარების მიზნით, დაუკავშირდა მეგობარ ნ. კ-ს, რომელმაც უთხრა, რომ ჰყავდა ნაცნობი, რომელიც მის ძმას ძალიან ჰგავდა და წაჰყვებოდა ნოტარიუსთან. ასეთი სახით სესხის აღება გადაწყვიტა იმიტომ, რომ ძმა არ დასთანხმდებოდა სახლის იპოთეკით დატვირთვას. შემდეგ ნ-მ გააცნო რ. ღ-ე, რომელსაც აუხსნა საქმის ვითარება და სთხოვა დახმარება, რასაც რ-ც დასთანხმდა. შეთანხმდნენ, თუ ვისი როლი უნდა შეესრულებინა რ. ღ-ს. 2015 წლის სექტემბრის ბოლოს ნოტარიუს მ. ა-თან გააფორმეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება - 10 000 აშშ დოლარზე. რ. ღ-მ იცოდა, რასაც აწერდა ხელს და თავისი სურვილით მოაწერა ხელი ხელშეკრულებას. აღებული თანხიდან გადაიხადა ორი თვის პროცენტი, საშუამავლო, ნოტარიუსის ხარჯები, ასევე ნ. კ-ს გადაუხადა - 500 აშშ დოლარი, ვინაიდან მათ ამ საქმეში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვეს - 500 აშშ დოლარის გადახდა. დარჩენილი თანხა დაიტოვა თვითონ და გამოიყენა ვალების დასაფარავად. იმის გამო, რომ სრულად ვერ მოახერხა ვალების გასტუმრება, ოქტომბერში კვლავ სთხოვა დახმარება ნ. კ-ს, რომ გაეფორმებინათ ახალი ხელშეკრულება, რის შემდეგაც დაუკავშირდა შუამავალ ლ-ს და სთხოვა ახალი იპოთეკის გაფორმება. ლ-მ უთხრა, რომ შესაძლებელი იყო გაეკეთებინათ ჩანაცვლება. ხელშეკრულების გასაფორმებლად მივიდნენ სხვა ნოტარიუსთან, რომელმაც უარი თქვა მის გაფორმებაზე, ვინაიდან პირადობის მოწმობით რ. ღ-ე ვერ მიამსგავსა ლ. ს-ს. აღნიშნულზე ლ-მ უთხრა, რომ გაეკეთებინათ მინდობილობა, რომლის საფუძველზეც თავად მოაწერდა ხელს ხელშეკრულებაზე, ან ახალი პირადობის მოწმობა აეღოთ. შემდეგ წავიდნენ იუსტიციის სახლში პირადობის მოწმობის ასაღებად, სადაც განაცხადეს, რომ პირადობის მოწმობა იყო დაკარგული და სურდათ ახლის აღება. საღამოს დაუკავშირდნენ იუსტიციის სახლიდან და უთხრეს, რომ მოხდა გაორება, წარდგენილი ფოტო არ იყო ლ. ს-ს, იყო სხვა პირის, რის გამოც მისულიყვნენ და თავად განეცხადებინათ ამის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებდნენ უფრო მკაცრ ზომებს. შემდეგ ძველი პირადობის მოწმობით და იუსტიციის სახლის მიერ გაცემული სამახსოვრო ბარათით წავიდნენ ნოტარიუს მ. ა-თან, რომელსაც უთხრეს, რომ პირადობის მოწმობაზე განაცხადი, მართალია, გაკეთებული ჰქონდათ, მაგრამ ძალიან ეჩქარებოდათ და სთხოვეს მინდობილობის გაფორმება. ნოტარიუსი დასთანხმდა, ვინაიდან პირველი იპოთეკის ხელშეკრულებაც მისი გაფორმებული იყო. მინდობილობის გაფორმებიდან დაახლოებით ერთ-ორ საათში გაფორმდა მეორე ხელშეკრულება, რომელსაც ესწრებოდნენ შუამავლებიც. ხელშეკრულებას ხელი თვითონ მოაწერა და სესხის თანხა მიიღო, რამაც შეადგინა - 20 500 აშშ დოლარი. ამ თანხიდან გადაიხადა პირველი იპოთეკის თანხა - 10 000 აშშ დოლარი, ნოტარიუსის მომსახურების ღირებულება და საშუამავლოები, ხოლო დარჩენილი, დაახლოებით შვიდი ათასი დოლარიდან, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე - 2000 აშშ დოლარი მისცა რ. ღ-სა და ნ. კ-ს. ქ. ს-მ ასევე განმარტა, რომ ნოტარიუსთან გამოიყენეს ძმის - ლ. ს-ს პირადობის მოწმობა, რომელიც ძმისგან მალულად აიღო მისი ოთახიდან. მას სესხის სახით მიღებული თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი არ ჰქონია, ვინაიდან სურდა სამუშაოდ იტალიაში წასვლა და სესხის ამ გზით დაფარვა.
15. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთების მიზნით სხვისი ქონების დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. მართლწინააღმდეგობა გულისხმობს, რომ პირი არ არის მესაკუთრე ან მისი კანონიერი მფლობელი და მის მიერ ქონების დაუფლება, ან ქონებრივი უფლების მიღება ხდება უკანონოდ. აღნიშნული დანაშაული წარმოადგენს შედეგიან დელიქტს და დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღების მომენტიდან. თაღლითობის სუბიექტური შემადგენლობა კი პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ამასთან, ქმედების განხორციელებისას დამნაშავეს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი და მიზანი.
16. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულები - ქ. ს-ე და რ. ღ-ე უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს-ს ეპიზოდი) იმ მოტივით, რომ ქ. ს-სა და რ. ღ-ს ქმედებაში არ არსებობდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, ვინაიდან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის შემდეგ ქ. ს-მ სესხის თანხა სრულად დაუბრუნა იპოთეკარ ზ. ს-ს და მას რაიმე ზიანი არ მისდგომია. გარდა ამისა, სასამართლომ რ. ღ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს-ს ეპიზოდი) გადააკვალიფიცირა იმავე მუხლის პირველ ნაწილზე, რადგან მითითებულ ეპიზოდში არ დადასტურდა მსჯავრდებულების მიმართ წარდგენილი თაღლითობის ბრალდება და შესაბამისად - მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანი. მისი ქმედება დაკვალიფიცირდა - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებად, გამოყენების მიზნით (რასაც მნიშვნელოვანი ზიანი არ გამოუწვევია).
17. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ დასაბუთებას და მიუთითებს შემდეგს: საქმეში უდავოდ ცნობილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ქ. ს-ს სჭირდებოდა თანხა ვალების დასაფარად. საცხოვრებელი ბინა წარმოადგენდა მისი ძმის - ლ. ს-ს საკუთრებას. ქ. ს-მ იცოდა, რომ ლ. არ დასთანხმდებოდა სახლის იპოთეკით დატვირთვას, რის გამოც მან გადაწყვიტა სესხის მისგან მალულად, მოტყუებით აღება, მისივე ბინის უზრუნველყოფით. ქ. ს-ს მიზანს წარმოადგენდა ძმის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყენებით ქონებრივი სარგებლის მიღება მოტყუებით, რის შესახებაც არა მხოლოდ იცოდა რ. ღ-მ, არამედ თავიდანვე აქტიურად მონაწილეობდა მის განხორციელებაში. ის ფაქტი, რომ ქ. ს-მ სრულად დაუბრუნა თანხა იპოთეკარ ზ. ს-ს, მსჯავრდებულების ქმედებაში არ გამორიცხავს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანს. 2015 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდში გამოკვეთილია დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი და იგი დამთავრებულია 2015 წლის 24 სექტემბრიდან, ანუ იმ მომენტიდან, როდესაც ქ. ს-მ და რ. ღ-მ შეაცდინეს ნოტარიუსი და ვითომდა ლ. ს-ს სახელით, მოტყუებით გააფორმეს 2015 წლის 24 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რის შედეგადაც ლ. ს-ს იპოთეკარის სასარგებლოდ წარმოეშვა - 10 000 აშშ დოლარის ვალდებულება. შესაბამისად, დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ როდის, ან საერთოდ დაუბრუნა თუ არა ქ. ს-მ ნასესხები თანხა იპოთეკარ ზ. ს-ს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ქ. ს-სა და რ. ღ-ს ქმედებებით დანაშაულის ორივე ეპიზოდში ზიანი მიადგა სწორედ ლ. ს-ს, რადგან პირველ ეპიზოდში მას წარმოეშვა - 10 000 აშშ დოლარის, ხოლო მეორეში - 20 500 აშშ დოლარის ვალდებულება იპოთეკარების სასარგებლოდ, რის საფუძველზეც განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილია ლ. ს-ე და არა - იპოთეკარები.
18. მსჯავრდებულების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანზე ასევე მეტყველებს თავად ქ. ს-ს ჩვენებაც, რომ მას ვალების დასაფარად არ ეყო პირველი სესხით მიღებული თანხა და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ იგი იძულებული გახდა ხელმეორედ აეღო სესხი, რისთვისაც აუცილებელი იყო პირველი სესხის სრულად გადაფარვა და იპოთეკარ ზ. ს-თვის თანხის დაბრუნება, რომლის გარეშეც მეორე ხელშეკრულება ვერ გაფორმდებოდა. ამ მიზნის განსახორციელებლად იგი კვლავ დაუკავშირდა რ. ღ-ს და მათ ისევ ერთობლივად ჩაიდინეს მეორე დანაშაული.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს პროკურორის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ ქ. ს-მ და რ. ღ-მ 2015 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდში ჩაიდინეს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება და ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით. მითითებულ ეპიზოდში პალატას ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ რ. ღ-მ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, გამოყენების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ვინაიდან დადასტურებულია, რომ მსჯავრდებულების ქმედებების შედეგად ლ. ს-ს იპოთეკარ ზ. ს-ს სასარგებლოდ წარმოეშვა - 10 000 აშშ დოლარის ვალდებულება, რითაც მას მიადგა მითითებული თანხის მნიშვნელოვანი ზიანი.
20. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ რ. ღ-მ ჩაიდინა არა თაღლითობა, არამედ, კრედიტის უკანონო მიღებაში დახმარება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 24-208-ე მუხლის პირველი ნაწილით. პალატა ამ ნაწილში ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ბანკის ან სხვა კრედიტორისათვის ყალბი ცნობის მიწოდებაში, კრედიტის მიღების მიზნით. ასეთ შემთხვევაში კრედიტორისათვის მიწოდებული ინფორმაცია შეგნებულად არის დამახინჯებული და არ ასახავს მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ (შემოსავლები, ვალდებულებები და სხვა) ობიექტურ სურათს. მოცემულ შემთხვევაში რ. ღ-ს ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ინფორმაცია კი არ მიუწოდებია, არამედ - ნოტარიუსის შეცდომაში შეყვანით ოფიციალური დოკუმენტი გააყალბა, სხვის ქონებას დაეუფლა და ქონებრივი უფლება მიიღო მოტყუებით. გარდა ამისა, კრედიტი არის ფულადი საშუალება, რომელსაც გასცემს ბანკი ან სხვა საკრედიტო ორგანიზაცია, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
21. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.[1] საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
22. ამდენად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ქ. ს-მ ჩაიდინა: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 24 სექტემბრის ეპიზოდი); 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა (2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 24 სექტემბრისა და 2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულები, ხოლო რ. ღ-მ - საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 24 სექტემბრის); 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა (2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდი) და სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 24 სექტემბრისა და 2015 წლის 28 ოქტომბრის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულები.
23. რაც შეეხება სასჯელს, საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
24. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ქ. ს-ს მოთხოვნას არასაპატიმრო სასჯელის განსაზღვრის, ან საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქების შესახებ, რასაც ასევე ითხოვს მსჯავრდებულ რ. ღ-ს ადვოკატი, შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულებმა პირდაპირი განზრახვით, ანგარების მოტივით, დროის მცირე ინტერვალით ჩაიდინეს ფაქტობრივად ანალოგიური ხასიათის მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები და მათმა ქმედებებმა გამოიწვიეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რომელიც არ არის ანაზღაურებული. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქ. ს-სა და რ. ღ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროთ თავისუფლების აღკვეთა რეალურად მოსახდელად, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნის (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) განხორციელებას. ამასთან, საკასაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოებებიც, რომ ქ. ს-მ ნაწილობრივ აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჰყავს ორი შვილი, ხოლო რ. ღ-ე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ბაზაში და აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და მიაჩნია, რომ მათ უნდა შეეფარდოთ შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული მინიმალური და მინიმალურთან მიახლოებული სასჯელები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ქ. ს-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მსჯავრდებულ რ. ღ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. მ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
3. გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლევან ჟორჟოლაძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 16 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
5. ქ. ს-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
6. ქ. ს-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ-ს, ლ.მ-სა და ზ. ქ-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
7. ქ. ს-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
8. ქ. ს-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ-ს, ლ. მ-სა და ზ. ქ-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.
9. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ-ს, ლ. მ-სა და ზ. ქ-ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ ქ. ს-ს განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
10. ქ. ს-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 2 აგვისტოდან.
11. რ. ღ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
12. რ. ღ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ-ს, ლ.მ-სა და ზ. ქ-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
13. რ. ღ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 24 სექტემბრის - ზ. ს-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
14. რ. ღ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ-ს, ლ. მ-სა და ზ. ქ-ს ეპიზოდი) და სასჯელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
15. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2015 წლის 28 ოქტომბრის - მ. ღ-ს, ლ. მ-სა და ზ. ქ-ს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ რ. ღ-ს განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
16. რ. ღ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2015 წლის 11 დეკემბრიდან.
17. ნივთიერი მტკიცებულებები - ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებული აუდიო-ვიდეოჩანაწერების ამსახველი ერთი კომპიუტერული დისკი და სანოტარო ბიუროდან მიღებული ვიდეოჩანაწერის ამსახველი ერთი კომპიუტერული დისკი უნდა დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
18. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი
[1] იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, ECtHR, (GC), 13/12/2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16/09/2014).