№52აპ-17 ქ. თბილისი
ტ-ი გ., 52აპ-17 15 ივნისი, 2017 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2015 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 00.15 საათზე, ქ. ....., .....ქუჩის მეორე შესახვევის №.....–ში მდებარე გ. მ-ს საცხოვრებელ სახლში, სუფრასთან ყოფნის დროს, ნასვამ გ. ტ-ს შელაპარაკება მოუხდა სუფრის წევრებთან - ი. ხ-სა და გ. თ-თან, რა დროსაც ქალბატონების დახმარებით გ. ტ-ი გაიყვანეს სუფრიდან და აიყვანეს საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, სადაც იგი კვლავ აგრძელებდა გინებას და შეურაცხყოფას ი. ხ-ს მიმართ. ცოტა ხნის შემდეგ გ. ტ-ი ჩამოვიდა სახლის მეორე სართულიდან, შევიდა სამზარეულო ოთახში და ი. ხ-ს მიმართ ანგარიშსწორების მიზნით, აიღო დანა და გამოვიდა სამზარეულოდან, რა დროსაც მას წინ გადაუდგა გ. თ-ი და შემდეგ - გ. თ-ი, რომლებიც არ აძლევდნენ გარეთ გასვლის საშუალებას, რაზეც განაწყენდა ნასვამი გ. ტ-ი და გ. თ-ს თავიდან მოსაშორებლად ხელთ არსებული დანა, განზრახ მოკვლის მიზნით, გულმკერდის არეში დაარტყა მას. გ. თ-ს განუვითარდა სიცოცხლისათვის სახიფათო, გულმკერდის - მახვილისებრი მორჩის არეში ნაკვეთი, სწორკიდეებიანი ჭრილობა, ზემოთ 2.5X1 სმ–ზე, შემავალი გულმკერდის ღრუში, პლევრის ღრუს, გულის პერანგის, გულის წინა კედლის დაზიანებით. გ. თ-ი გადაიყვანეს საავადმყოფოში და დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად შესაძლებელი გახდა მისი გადარჩენა.
2. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენით გ. ტ-ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 19, 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა სსკ–ის 124–ე მუხლზე.
გ. ტ-ი, - დაბადებული 19.. წელს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით და მიესაჯა ჯარიმა - 6000 ლარი. გ. ტ-ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2015 წლის 14 ნოემბრიდან - 2016 წლის 25 ივლისამდე) გათვალისწინებით, იმავე კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდა გ. ტ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძემ, რომელმაც საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გ. ტ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 19,108–ე მუხლით.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძემ. კასატორი საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და გ. ტ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ–ის 19,108–ე მუხლით, შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ მსჯავრდებულის ქმედება არასწორად დააკვალიფიცირა, რადგან არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება, რომ გ. ტ-ს ჰქონდა დაზარალებულ გ. თ-ს მოკვლის განზრახვა, რაც დასტურდება მოწმეების - ი. გ-ს, გ. თ-სა და მ. თ-ს ერთნაირი და თანმიმდევრული ჩვენებებით; ასევე საგულისხმოა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექიმ ლ. თ-ს ჩვენება, რომლებითაც დადგენილია, რომ ჭრილობის არხის მიმართულება იყო წინა მხრიდან, მახვილისებრი მორჩიდან ზემოთ და უკანა მიმართულებით (გულის მიმართულებით), ხოლო ჭრილობის არხის სიგრძე იყო 15 სმ და დაზიანება იწყება მუცლის არიდან. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ. თ-ს ტანსაცმელს აღენიშნება ირიბად მდებარე, ნაპრალისებური გამჭოლი დაზიანება. ზემოაღნიშნული კი იმაზე მიუთითებს, რომ დაზარალებული ამ სახის დაზიანებას ვერ მიიღებდა იმ ვითარებაში, რომელიც მსჯავრდებულმა გ. ტ-მ აღწერა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. მსჯავრდებულმა გ. ტ-მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ..... იმყოფებოდა ოჯახის ნათესავის - გ. მ-ს დაბადების დღეზე. დაახლოებით 20 ადამიანი საღამოს 7 საათისათვის დაჯდა სუფრასთან. სახლში მყოფი პირებიდან იცნობდა მხოლოდ: ა. მ-ს, ა. მ-ს, გ. მ-ს და მეზობელ კ-ს, დანარჩენები მისთვის უცნობები იყვნენ. სუფრას თვითონ თამადობდა. ი. ხ-მ ერთ–ერთ სადღეგრძელოზე შენიშვნა მისცა. მუსიკის ჩართვა როდესაც გადაწყვიტა, ი. ხ-მ კვლავ შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ დალევა სურდა. აღნიშნულზე შელაპარაკდნენ და გავიდნენ ოთახიდან. გარეთ სიტყვიერად კამათობდნენ თვითონ, ი. ხ-ი, ი-ს ძმა და ვ. ბ-ი. ფიზიკურად არ შეხებიან ერთმანეთს. საუბრის შემდგომ დაბრუნდნენ სუფრასთან და გააგრძელეს ქეიფი. როდესაც ცეკვა დაიწყო, ი. ხ-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც კვლავ დაიწყეს კამათი. ი. ხ-ს სუფრის ყველა წევრი მიეხმარა და დაუწყეს ცემა. ცემის დროს დავარდა ძირს, მიუხედავად ამისა, არ გაჩერდნენ და კვლავ ძლიერად ურტყამდნენ. ცემის შედეგად სხვადასხვა დაზიანება მიიღო და სდიოდა სისხლი. ჩხუბის დასრულების შემდეგ, დამ – ლ. ტ-მ და ა. მ-მ აიყვანეს სახლის მეორე სართულზე. დაახლოებით 20 წუთში ი. ხ-მ, ი-ს ძმამ და ორმა პირმა ზემოთ ააკითხეს და პირდაპირ საწოლში დაუწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება და ცემა. აღნიშნულის გამო გამოიქცა სამზარეულოში დანის ასაღებად და მათ შესაშინებლად, რომ ამ გზით მაინც დაენებებინათ თავი. როდესაც შევიდა „…..“ ოთახში, იქ იმყოფებოდნენ გ. თ-ი, მისი მეუღლე და გ. თ-ი. შევიდა სამზარეულოში, აიღო დანა და დაბრუნდა „…..“ ოთახში, რადგან გარეთ გასვლა უნდოდა. მარჯვენა ხელში ეჭირა დანა, პირით - ქვემოთ. ოთახიდან აივანზე გასასვლელი კარი მიხურული იყო. მივიდა კართან, მარცხენა ხელით გააღო და ვიდრე კარში გავიდოდა, გ. თ-მ უკნიდან დაიჭირა, წელზე ხელი შემოხვია და არ უშვებდა. მის წინ და გვერდით, ასევე კართან ახლოს არავინ იდგა. გ-მ ასწია ცოტა ზევით, ისე, რომ მიწას ააცილა, რადგან მისი შიგნით შეყვანა უნდოდა. თვითონ კი ყვიროდა, რომ გაეშვა ხელი და იქნევდა ხელებს. ამ დროს უკნიდან ბიძგი იგრძნო, გ-მ უცაბედად ხელი გაუშვა, გათავისუფლდა და გავიდა გარეთ. ამ დროს არ დაუნახავს გ. თ-ი. გზა რომ გააგრძელა ეზოში და 5–6 მეტრი გაიარა, ატყდა ყვირილი, მოტრიალდა და მაშინ დაინახა კარის ზღურბლზე წაქცეული გ. თ-ი, რომელსაც სისხლი სდიოდა. დანას გაუშვა ხელი, დააგდო და გ-სთან მივიდა. ამშვიდებდა, წყალი გამოიტანა, თავისი ტელეფონით სასწრაფოში არაერთხელ დარეკა, რადგან იგვიანებდა სასწრაფო დახმარება და მომხდარს განიცდიდა. მისივე განმარტებით, გ. თ-ი სუფრასთან დაახლოებით ნახევარი საათი იჯდა. შემდგომ კი თავისი ოჯახის წევრებთან ერთად, სხვა ოთახში იმყოფებოდა. გ. თ-ი არც ერთ ჩხუბში არ მონაწილეობდა და მათ შორის დაპირისპირება არ არსებობდა.
3. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის - გ. თ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 13 ნოემბერს, გ. მ-ს დაბადების დღეზე, იმყოფებოდა მშობლებთან: ი. გ-სა და გ. თ-თან, ასევე დებთან: მ. და ვ. თ-თან ერთად. როდესაც სტუმრად მივიდნენ, სახლში დახვდნენ ა. მ-ა, გ. მ-ა, მ. და მეზობლის ბიჭები. აქ გაიცნო გ. ტ-ი. სუფრასთან როდესაც დასხდნენ, გ. ტ-ს აუშარდნენ იქ მყოფი ახალგაზრდები. დაზარალებულის განმარტებით, იგი დიდხანს არ გაჩერებულა სუფრასთან, მალე ადგა და მამამისთან - გ. თ-თან ერთად გავიდა ე.წ. ,,…..” ოთახში, სადაც იმყოფებოდა თვითონ, დედამისი და ოჯახის უფროსი - მ.. გ. ტ-ს სუფრასთან სცემეს, შემდეგ იგი აიყვანეს მეორე სართულზე დასაწოლად, სადაც კვლავ ააკითხეს ბიჭებმა და იქაც სცემეს. აღნიშნულზე გ. ტ-ი გამწარდა, ჩამოირბინა კიბე, შევიდა ე.წ. „…..“ ოთახში, საიდანც შევიდა სამზარეულოში და აიღო დანა. სამზარეულოდან გამოსულ გ. ტ-ს სურდა გარეთ გასვლა და კარისკენ წავიდა. ამ დროს უკნიდან მივიდა გ. თ-ი და ხელების შემოხვევით დააკავა იგი. გ. ტ-ი ეუბნებოდა გ-ს, რომ გაეშვა და თან იქნევდა ხელებს. მისივე განმარტებით, დანა დაინახა მაშინ, როცა გ. უკან იქნევდა დანიან ხელს. მამას დაუძახა, რომ გ-ს დანა ჰქონდა ხელში, გაიქცა მამისკენ და ხელი უბიძგა, თვითონ კი ვეღარ მოასწრო გაწევა და ამ დროს მოხვდა მოქნეული დანა. დაზარალებულის განმარტებით, გ. ტ-ი წუხდა მისი დაჭრის გამო და მის მიმართ რაიმე პრეტენზია არ გააჩნია.
4. მოწმე გ. თ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი იმყოფებოდა გ. მ-ს დაბადების დღეზე - 2015 წლის ნოემბერში მეუღლესთან - ი. გ-სა და შვილებთან - გ-სთან, მ-სა და ვ-სთან ერთად. თავდაპირველად წვეულება ნორმალურად მიდიოდა, შემდეგ კი სუფრაზე მყოფებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ. ტ-ს. იგი „…..“ ოთახში გავიდა მეუღლესა და შვილთან, გ. თ-თან ერთად. გ. ტ-ი კი ლ. ტ-მ და ა. მ-მ მეორე სართულზე აიყვანეს. მეორე სართულზეც გაგრძელდა ჩხუბი და ხმაურზე მისი მეუღლე და მ. გარეთ გავიდნენ. უცაბედად წელს ზემოთ შიშველი გ. ტ-ი შემოვარდა ე.წ. „…..“ ოთახში და პირდაპირ სამზარეულოში გავარდა, საიდანაც პურის საჭრელი დანა გამოიტანა. ამ დროს თვითონ სავარძელში იჯდა, გაიფიქრა, რომ დააკავებდა მას და მივიდა გ. ტ-თან, უკნიდან წელზე შემოხვია ხელები და დაიჭირა. ამ დროს კი გარეთ დაინახა ი. ხ-ი, რომლისკენაც ცდილობდა ტ-ი წასვლას. როდესაც შვილმა, გ.თ-მ უბიძგა ბეჭებში ხელი, აუსხლტა ტ-ზე შემოხვეული ხელი. როგორ და როდის მოხვდა მის შვილს, გ. თ-ს დანა, არ დაუნახავს. მისივე განმარტებით, გ. ტ-თან რაიმე უთანხმოება ან კონფლიქტი არ ჰქონდა.
5. მოწმე ი. გ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის გ. თ-ს დედა. გ. ტ-ი პირველად 2015 წლის ნოემბერში გ. მ-ს დაბადების დღეზე ნახა, სადაც იმყოფებოდა მეუღლესთან - გ. თ-თან და შვილებთან: გ-თან, მ-სა და ვ-სთან ერთად. სუფრასთან გ. ტ-ი და ადგილობრივი ბიჭები ჯერ წაკინკლავდნენ, შემდეგ კი გადავიდნენ ჩხუბზე. მან, მეუღლემ და შვილმა - გ-მ, ადრე დატოვეს სუფრა და ე.წ. „…..“ ოთახში გავიდნენ, სადაც ასევე იმყოფებოდნენ მ. და გ. მ-ა. ა. მ-მ და გ. ტ-ს დამ - ლ-მ, გ. ტ-ი დასაძინებლად სახლის მეორე სართულზე აიყვანეს. 10 წუთის შემდეგ მეორე სართულზეც ატყდა ხმაური. კონფლიქტის დროს მისი შვილი და მეუღლე გარეთ არ გასულან. თვითონ კი გავიდა გარეთ და დაინახა, რომ გ. ტ-ი კიბეზე ჩამორბოდა და ე.წ. „…..“ ოთახიდან პირდაპირ სამზარეულოში შევარდა. ამ დროს თვითონ და მ-ც შევიდნენ ე.წ. „…..“ ოთახში. როცა გ. სამზარეულოდან დაბრუნდა, ხელში ეჭირა დანა. გ. თ-ი წამოხტა სავარძლიდან და გ. ტ-ს უკნიდან მოხვია ხელები, რომელსაც სახე გასასვლელი კარისკენ ჰქონდა. როცა გ. თ-ი აკავებდა გ. ტ-ს, იგი გ-ს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ამ დროს მისმა შვილმა დაინახა, რომ დანიანი ხელი მამისკენ ჰქონდა მიმართული და ხელი უბიძგა მამას გვერდიდან. სწორედ ამ დროს მოხვდა დანა. მისივე განმარტებით, უშუალოდ დანის დარტყმის მომენტი არ დაუნახავს. გ. ტ-მ რომ დაინახა გ. თ-ს მდგომარეობა, ძალიან ინერვიულა. მოწმის განმარტებით, გ. ტ-სა და გ. ან გ. თ-ებს შორის რაიმე შელაპარაკება არ მომხდარა და გ. ტ-ს გამიზნულად არ უნდოდა მისი შვილისათვის დანის დარტყმა.
6. მოწმე მ. თ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის დაზარალებულ გ. თ-ს და, ხოლო გ. მ-ა არის მისი მამიდაშვილი. 2015 წლის ნოემბერში სტუმრად იყვნენ გ. მ-სთან დაბადების დღის აღსანიშნავად. სუფრის დროს არ მოეწონათ ერთმანეთის საუბარი გ. მ-ს მეზობლად მცხოვრებ ბიჭებს და მსჯავრდებულს, რასაც მოჰყვა ჩხუბი. გ. ტ-ს სცემეს, დაახლოებით 7 კაცი ერთად სცემდა მას, რომელსაც მხოლოდ მისი და იცავდა. გ. თ-ი კი ადრე ადგა სუფრიდან და წავიდა იმ ოთახში, სადაც ღუმელი იყო. გ. ტ-ს დამ და მისმა მამიდაშვილმა - ა-მ დააწყნარეს გ. და აიყვანეს მეორე სართულზე, სადაც 5 წუთის შემდეგ კვლავ ატყდა ხმაური. ცოტა ხანში გ. ტ-მ ჩამოირბინა ქვემოთ და შევარდა სამზარეულოში, საიდანაც იგი დანით გამოვიდა, ღუმელთან მჯდომი გ. თ-ი წამოხტა და გამოეკიდა გ-ს, რომელიც წინ მიდიოდა, კარისკენ. გ. დაეწია მას და უკნიდან დაუკავა ხელები. გ. ტ-ს დანა მარჯვენა ხელში ეჭირა, უაზროდ იქნევდა ხელებს და ყვიროდა. ამ დროს გ. თ-მ იფიქრა, რომ გ-ს შეიძლებოდა დანა მოხვედროდა, მივიდა და ხელი ჰკრა მამას, რა დროსაც შემთხვევით თვითონ დაიჭრა.
7. მოწმე მ. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ. თ-ი არის მისი მაზლის შვილიშვილი, ხოლო გ. ტ-ი მათთან ბევრჯერ იყო ნამყოფი სტუმრად. 2015 წლის 13 ნოემბერს შვილიშვილს - გ. მ-ს 18 წელი შეუსრულდა. დაბადების დღეზე სტუმრად იყვნენ ბ-ი, ლ. და ბ. ბ-ები, კ. ჩ-ე, ი. და გ. ხ-ები, გ. თ-ი ცოლ-შვილით. სუფრაზე პირველად პატარა ჩხუბი მოხდა და დაწყნარდნენ. შემდეგ კი დიდი ჩხუბი ატყდა. გ. ტ-ს სუფრის წევრები ეჩხუბნენ, რის გამოც იგი ავიდა მეორე სართულზე დასაწოლად. გ-ს ზემოთ აჰყვნენ ა. მ-ა და მისი და - ლ.. არც მეორე სართულზე მოეშვნენ გ. ტ-ს, სადაც ააკითხეს ბიჭებმა. კვლავ გაისმა ჩხუბის ხმა. ამ დროს გ. ტ-ი ქვემოთ აღელვებული ჩამოვიდა, შევიდა ე.წ. „…..“ ოთახში და შემდეგ, სამზარეულოში. გ-მ აიღო დანა და დაბრუნდა „…..“ ოთახში, სადაც იმყოფებოდნენ გ. თ-ი, ი., მ., ვ. და გ.. მ. მ-ს განმარტებით, დაუძახა ბიჭებს, რომ ბრალდებულს დანა ჰქონდა ხელში. გ-ს დანა ისე ეჭირა, რომ დანის წვერი ქვემოთ იყო მიმართული. როდესაც გ. ტ-მ „…..“ ოთახიდან გარეთ გასასვლელი კარი გამოაღო, ამ დროს ხელი უკან წაიღო, კართან ახლოს იდგა გ. თ-ი, რომელსაც შემთხვევით მოხვდა დანის წვერი. გ. ტ-ს გ. თ-თვის დანა არ მოუქნევია. გ. ტ-ი არ გაქცეულა, ითხოვდა სასწრაფოს გამოძახებას, პატრონობდა დაჭრილს და განიცდიდა მომხდარს. მისივე განმარტებით, გ. ტ-ი და გ. თ-ი ერთმანეთს არ იცნობდნენ და რაიმე სახის შელაპარაკება მათ შორის არ მომხდარა.
8. მოწმე ა. მ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი ცხოვრობს ….., ….. ქუჩის მე-….. შესახვევის N …..-ში, ბებიასთან - მ. მ-თან, ძმასთან - გ. მ-სთან, დეიდაშვილთან - ა. მ-სა და დეიდაშვილის შვილთან - ლ. ე-თან ერთად. 2015 წლის 13 ნოემბერს, გ. მ-ს დაბადების დღეზე, სუფრასთან ისხდნენ: ვ. ბ-ვი, ი. და გ. ხ-ები, ბ. ბ-ე, ნათესავები: გ., გ., ი., ვ. და მ. თ-ები, გ. და ლ. ტ-ები და ოჯახის წვერები. წვეულების დროს ვ. ბ-ი და ი. ხ-ი ცინიკურად უყურებდნენ გ. ტ-ს. შემდეგ გ. ტ-ს მიმართ გამოთქვეს შენიშვნები, თუ რატომ არ ამბობდა სადღეგრძელოს. თავიდან სიტყვიერად შელაპარაკდნენ, შემდეგ კი გ. ტ-ს სცემეს სუფრის წევრებმა. გ. ჩხუბის დროს წაიქცა და წაქცეულს ურტყამდა ყველა. როდესაც მისი ცემა შეწყვიტეს, მეორე სართულზე აიყვანა და დააწვინა. ცოტა ხანში ავიდა გ. და - ლ. ტ-ი. დაახლოებით 8-10 წუთში მათთან ავიდა გ. ხ-ა, რომელმაც დაუწყო საქმის გარჩევა გ. ტ-ს. ამ საუბრისას ასევე ზევით ავიდნენ ი. და გ. ხ-ები. ი-მ დაუწყო გინება და ატყდა ჩხუბი. უცებ ი. ქვემოთ გაიქცა და გ-ც გავიდა გარეთ. თვითონ კი გ-ს ეჩხუბებოდა, თუ რატომ ავიდნენ ზემოთ და უცებ გაიგონა საშინელი კივილის ხმა. როდესაც ქვემოთ ჩავიდა, ნახა რომ გ. თ-ი საძინებლის კართან იყო წაქცეული და სისხლი სდიოდა, გ. ტ-ი კი ყვიროდა, რომ სასწრაფოში დაერეკათ. გ. თ-ს სასწრაფოს მოსვლამდე გ. ტ-ი წყალს ასხამდა და ელაპარაკებოდა, რომ გონება არ დაეკარგა. იგი თავში იცემდა ხელს, განიცდიდა და ვერ მიმხვდარიყო, როგორ მოხდა ეს შემთხვევა.
9. მოწმე ი. ხ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 13 ნოემბერს, გ. მ-ს დაბადების დღეზე, იგი მივიდა დაახლოებით საღამოს 5-6 საათზე, იქ დახვდნენ: ვ. ბ-ი, კ. ჩ-ე და მისი ძმა, სხვები კი ვერ იცნო. სუფრასთან დასხდნენ დაახლოებით 6 საათზე. თამადა იყო გ. ტ-ი, რომელსაც ასევე არ იცნობდა. სუფრასთან გ. ტ-ს ეჩხუბეს, რადგან სადღეგრძელოსთან დაკავშირებით ვერ შეთანხმდნენ. ჩხუბი დაახლოებით 10-20 წუთს გრძელდებოდა. გ. ტ-ს მხოლოდ ერთხელ ეჩხუბა, რა დროსაც გ. ძირს დაეცა. ამის შემდგომ კი სახლში წავიდა. როდესაც დაბრუნდა ეზოში გაიგონა ყვირილის ხმა. სახლში გ. თ-ი ძირს იწვა. მ-გან კი გაიგო, რომ იგი დანით იყო დაჭრილი.
10. მოწმე ბ. ბ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ. ტ-ი სუფრასთან გაიცნო, გ. მ-ს დაბადების დღეზე, 2015 წლის 13 ნოემბერს. საღამოს მივიდა მათთან, სუფრა უკვე გაშლილი იყო. სახლში იყვნენ მისი მეზობლები: კ. ჩ-ე, გ. და ი. ხ-ები, ა. მ-ა და უცხო პირები. სუფრასთან დაახლოებით ნახევარ საათს გაჩერდა და შემდეგ წავიდა. სუფრასთან კამათი იყო მოსმენა - არ მოსმენის გამო და სადღეგრძელოებთან დაკავშირებით. თამადა ითხოვდა წესრიგს, რასაც სუფრის წევრები, არ ემორჩილებოდნენ. თამადის მოწოდება სუფრის წევრებისადმი გ. თ-ს არ ეხებოდა. მოგვინებით მ. მ-სგან გაიგო თამადის - გ. ტ-ს მიერ გ. თ-ს დაჭრის ფაქტი.
11. მოწმის სახით დაკითხული ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელის, ლ. თ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ. თ-ს ჭრილობა ჰქონდა მუცლის ზემო ნახევარში და გაჭრილი იყო მარჯვენა პარკუჭი. ჭრილობის მიმართულება იყო ქვემოდან ზემოთ. ულტრაბგერითი გამოკვლევით დადგინდა, რომ გადიდებული იყო გულის საზღვრები. ჭრილობა მახვილი საგნით, ალბათ, დანით იყო მიყენებული და ჭრილობის არხი საკმაოდ გრძელი, დაახლოებით 15 სმ მაინც იქნებოდა.
12. სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - ნ. ო-ს ჩვენებით დგინდება, რომ დაზარალებულს დაზიანებები აღენიშნებოდა, მხოლოდ ქურთუკისა და მაისურის წინა მხარეს, გულმკერდის შესაბამის ქვედა მიდამოში. თითქმის შუაში, მაისურასა და ქურთუკზე აღინიშნებოდა, გამჭოლი დაზიანება, რომელიც განვითარებული იყო ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის მოქმედებით. დაზიანება იყო ირიბად მდებარე, რაც თვალსაჩინოდ ჩანდა ფოტოილუსტრაციაზე. მაისურაზე არსებული დაზიანების მიდამო იყო ქვედა კიდიდან ზევით 31,5 სმ-ის ხოლო ქურთუკზე - ქვედა კიდიდან ზემოთ 31 სმ-ის მოშორებით. მისივე განმარტებით, დაზიანების მიმართულება განისაზღვრება ჭრილობის არხის მიმართულების მიხედვით. ტანსაცმელზე მიყენებული დაზიანების მიხედვით კი მიმართულების განსაზღვრა არ ხდება.
13. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოილუსტრაციით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ….., ….. ქუჩის N…..-ში მდებარე მ. მ-ს საცხოვრებელ სახლში, რომელიც ორსართულიანია. პირველი სართულის წინა, მარჯვენა შესასვლელის ნაწილი ღიაა, მარჯვენა და წინა მხრიდან კედლების გარეშე, ხოლო იატაკი მოპირკეთებულია მოთეთრო მეტლახით. შესასვლელის წინა მხარეს, იატაკის საწყის ნაპირთან ერთ მეტრში, მეტლახის ზედაპირზე, აღმოჩნდა მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქები. ეს შესასვლელი გადის საძინებელ ოთახში, რომელსაც აქვს რკინის ერთფრთიანი კარი, მისგან 40 სმ-ის დაშორებით, ღია შესასვლელის მეტლახის იატაკზე, აღმოჩნდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. საძინებელ ოთახს აქვს მეტლახის იატაკი, ოთახში შესასვლელი კარის ზურგიდან 30 სმ-ის დაშორებით, მეტლახის იატაკზე, აღმოჩნდა მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქები. სამზარეულო ოთახი ესაზღვრება მისაღებ ოთახს, რომელსაც სამზარეულოდან აქვს შესასვლელი ერთფრთიანი კარი. მისაღებ ოთახში დგას მაგიდა, ხოლო მის ორ მხარეს - გრძელი სკამები, მაგიდა გაწყობილია თეფშებითა და კერძებით. მაგიდის ქვეშ და მის გარშემო, მეტლახის იატაკზე მიმოფანტულია გამჭვირვალე მინებისა და თეფშების თეთრი ნატეხები. მისაღებ ოთახს აქვს სამგანყოფილებიანი ფანჯარა, რომელიც გადის წინა ეზოს მხარეს. ფანჯრის შუა განყოფილებაში ჩამტვრეულია მინა ქვედა ნახევარში, ხოლო ფანჯრის ქვეშ, იატაკზე აღმოჩნდა, მინის ნამსხვრევები. მითითებულ მისაღებ ოთახს აქვს შესასვლელი, ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, რკინის ერთფრთიანი კარი - ღია შესასვლელის მხრიდან. საცხოვრებელ სახლს უკანა მარჯვენა მხარეს, გარეთა მხრიდან აქვს მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის დათვალიერებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება არ გამოვლენილა.
14. ტანსაცმლის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შპს ,,…..’’ ….. კლინიკური საავადმყოფოს საოპერაციო განყოფილების ექთანმა წარმოადგინა დაზარალებულ გ. თ-ს ტანსაცმელი: 1. ლურჯი ჯინსის შარვალი შავი ფერის ტყავის ქამრით, შარვალზე მრავალ ადგილზე აღინიშნება მოწითალო ლაქები. 2. თეთრი მოკლესახელოებიანი მაისურის ნახევი, რომელზეც აღნიშნება სისხლისმაგვარი ლაქები. 3. თეთრ და შავზოლებიანი გრძელსახელოებიანი მაისურა, რომელიც გაჭრილია 4. შავი გრძელსახელოებიანი სპორტული ზედა კაპიუშონით, რომლის საყელოები არის მომწვანო, ზედის შუა ადგილზე, მარცხენა წინა მხარეს არსებულ ელვაშესაკრავზე აღინიშნება მექანიკური დაზიანება.
15. საქმეში არსებული ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნით, გ. ტ-ს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა.
16. სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ. ტ-ს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ხაზოვანი ფორმის ნაჭდევები-ნაკაწრები, რომლებიც განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ერთობლივად მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
17. საქმეში არსებული დანის დათვალიერების ოქმითა და თანდართული ფოტოილუსტრაციით დასტურდება, რომ მას აქვს მოყავისფრო ებონიტის მსგავსი ტარი და შავი მეტალის პირი. დანის პირზე აღინიშნება მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქები.
18. სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ.თ-ს აღენიშნებოდა: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მახვილისებური მორჩის მიდამოში, შემავალი პერიკარიუმში; მარჯვენა პარკუჭის დაზიანება მწვერვალის არეში, ჰემოპერიკარდიუმი. არსებული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. იგი ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
19. საქმეში არსებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გ. ტ-სა და გ. თ-ს სისხლი მიეკუთვნება A (II) ჯგუფს. ობიექტი N2,3,4-ის გენეტიკური პროფილი და გ. თ-ს გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში წარწერით: ,,... ლურჯი ფერის შარვალი...’’ მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და გ. ტ-ს გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში წარწერით: ,,... მ. მ-ს მიერ წარმოდგენილი დანა...’’ მოთავსებულ დანის ტარსა და პირზე არსებული მოწოთალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობიექტი N7-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომელშიც ვლინდება გ. ტ-სა და გ. თ-ს გენეტიკური თანამონაწილეობა. ობიექტი N 8-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, N8-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი გ. თ-ს გენეტიკური პროფილის იდენტურია. პაკეტში წარწერით: ,,...გ. თ-ს ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ შარვალზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და გ. თ-ს გენეტიკური პროფილი იდენტურია.
20. ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, თანდართული ფოტოილუისტრაციით, გ. თ-ს ტანსაცმლიდან (ქურთუკი, მაისურა, შარვალი, ქამარი, სახეშეცვლილი (დაზიანებული) მაისურის ნაწილი) ქურთუკსა და მაისურაზე კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოში არსებული დაზიანება განვითარებულია ჭრით, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, რომლის განვითარების შესაძლებლობა არ გამოირიცხება გამოსაკვლევი დანითაც.
21. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ პირისათვის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების მიყენების შემთხვევაში უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს მისი მოკვლის ან/და მისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვა, რაც უნდა დადგინდეს არა მხოლოდ მიყენებული ჭრილობების ლოკალიზაციისა და სიმძიმის მიხედვით, არამედ - ჩადენილი დანაშაულის ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კერძოდ: უნდა შეფასდეს ჭრილობების რაოდენობა და ხასიათი, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გარემოებები და ქმედების შეწყვეტის მიზეზები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულება, მათი ქმედებები დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გ. ტ-ს გ. თ-ს განზრახ მოკვლის რაიმე საბაბი არ გააჩნდა, რასაც მთლიანად ეთანხმება საკასაციო პალატა.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსასპობად, ამასთან, უნდა დადგინდეს ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება.
23. პალატა სრულად იზიარებს პირველი და სააპელაციო სასამართლოების მოტივაციას და დადგენილად მიაჩნია, რომ გ. ტ-ს არ ჰქონდა დაზარალებულ გ. თ-ს მოკვლის განზრახვა, რაც დადასტურებულია თავად დაზარალებულ გ. თ-ს, მისი მშობლების - გ. თ-სა და ი. გ-ს, დის - მ. თ-ს, მოწმის - მ. მ-სა და მსჯავრდებულ გ. ტ-ს ჩვენებებით. კერძოდ, მითითებული მოწმეების ჩვენებებით, რომლებიც არიან შემთხვევის თვითმხილველები, ირკვევა, რომ გ. ტ-ი სამზარეულოში შევიდა „…..“ ოთახის გავლით, აიღო დანა, დაბრუნდა იმავე ოთახში და უნდოდა გარეთ გასვლა, სადაც იმყოფებოდა ი. ხ-ი. „…..“ ოთახში გავლისას მან დაინახა ოთახში მყოფი მამა-შვილი - გ. და გ. თ-ები, თუმცა გ. ტ-მ არც ერთ მათგანს არ მიაქცია ყურადღება და წავიდა პირდაპირ კარისკენ, რათა გასულიყო გარეთ და ენახა ი. ხ-ი. ამდენად, იმ ვითარებაში, როდესაც გ.ტ-მ „…..“ ოთახში დაინახა გ. თ-ი, თუკი მართლა იყო მასზე განაწყენებული და ჰქონდა მისი მოკვლის განზრახვა, მაშინ მას არ ჩაუვლიდა გვერდით, წავიდოდა პირდაპირ მისკენ ანგარიშსწორების მიზნით და არა - კარისკენ. დადგენილია ის ფაქტიც, რომ გ. ტ-ი უკნიდან შებოჭა მხოლოდ გ. თ-მ და სწორედ მან არ მისცა გარეთ გასვლის საშუალება, ხოლო გ. თ-ი წავიდა მამისკენ, რათა მას არ მოხვედროდა დანა და ხელი ჰკრა არა გ. ტ-ს, არამედ მამას - გ. თ-ს. აღნიშნულით დასტურდება ის ფაქტი, რომ გ. თ-ი წინააღმდეგობას არ უწევდა მსჯავრდებულს. შესაბამისად, გ. ტ-ი გ. თ-ზე ვერ განაწყენდებოდა იმ მომენტში, როდესაც მას არ მიეცა გარეთ გასვლის შესაძლებლობა და, ბუნებრივია არ წარმოეშობოდა სურვილი, დაეძლია დაზარალებულის წინააღმდეგობა და დანით გასწორებოდა მას.
24. ამდენად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია შემდეგი: მსჯავრდებული გ. ტ-ი და დაზარალებული გ. თ-ი გ. მ-ს დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ. წვეულებაზე მსჯავრდებულსა და გ. თ-ს შორის შელაპარაკება არ მომხდარა. დაპირისპირება გამოკვეთილად არსებობდა ი. ხ-სა და გ. ტ-ს შორის. სუფრის რამდენიმე წევრმა ფიზიკური შეუარაცხყოფა მიაყენა გ. ტ-ს, რის შემდეგაც იგი გაარიდეს დაპირისპირებას და აიყვანეს სახლის მეორე სართულზე, თუმცა რამდენიმე წუთში იქ მას კვლავ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულზე განაწყენებული გ. ტ-ი ჩამოვიდა პირველ სართულზე, ე.წ. „…..“ ოთახიდან შევიდა სამზარეულოში, აიღო დანა, დააპირა გარეთ გასვლა და ი. ხ-თან მისვლა. ამ დროს გ. თ-ი იმყოფებოდა „…..“ ოთახში და იჯდა სავარძელში. გ. თ-მ დაინახა გასასვლელი კარისკენ მიმავალი გ. ტ-ი, რომელსაც ხელში ეჭირა დანა, წამოხტა სავარძლიდან და გაიქცა მისი მიმართულებით, რათა არ მიეცა მისთვის გარეთ გასვლის საშუალება. დაეწია, ხელები მოხვია უკნიდან და შეაკავა. გ. ტ-მ თავის დაღწევის მიზნით, უმისამართოდ დაიწყო ხელების ქნევა, რა დროსაც მის წინ და გვერდით არავინ იდგა. ამ დროს გ. თ-მ დაინახა გ. ტ-ს ხელში დანა, რის გამოც მამის - გ. თ-ს დაცვის მიზნით, მივიდა მამასთან, უკნიდან უბიძგა ხელი გ-ს და ამ დროს მას შემთხვევით მოხვდა გ. ტ-ს მიერ მოქნეული დანა. მას შემდეგ, რაც გ. თ-მ გ. ტ-ს ხელები გაუშვა, გ. ტ-ი გაიქცა გარეთ ი. ხ-ს მიმართულებით, მაგრამ რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ, კივილის ხმაზე ისევ უკან დაბრუნდა და დაინახა დაჭრილი გ. თ-ი, დახედა დანას, რომელსაც სისხლი ჰქონდა, დააგდო და მივიდა მასთან. მსჯავრდებული შეწუხდა, წყალი მიუტანა დაზარალებულს და შეეცადა მის მოსულიერებას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ გ. ტ-ს არ ჰქონდა მისი მოკვლის ან ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვა. ამასთან, გ. ტ-ს, თუკი მართლაც ჰქონდა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა, შეეძლო მისი სისრულეში მოყვანა და გ. თ-თვის კვლავ დაზიანებების მიყენება, თუმცა მან არათუ აგრესია გამოხატა დაზარალლებულის მიმართ, არამედ გაოცდა და შეწუხდა მომხდარი ფაქტის გამო.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ გ. ტ-ი განაწყენებული იყო გ. თ-ზე თავდაპირველად, ზოგადად, როგორც სუფრის ერთ-ერთ წევრზე, ხოლო მოგვიანებით - იმ მიზეზით, რომ მან არ მისცა ოთახიდან გარეთ გასვლის საშუალება, რის გამოც გაუჩნდა გ. თ-ს მოკვლის განზრახვა. აღნიშნული წარმოადგენს ბრალდების მხარის ვარაუდს, არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან და ეწინააღმდეგება მოწმეთა ჩვენებებს.
26. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
27. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გ. ტ-ს მიმართ გამოტანილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ოზურგეთის რაიონული პროკურორის მოადგილე მალხაზ სირაძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 18 ნოემბრის განაჩენი გ. ტ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი