Facebook Twitter

ას-116-448-09 16 თებერვალი, 2009 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

მოსამართლე რ. ნადირიანი

საკასაციო სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. ბ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 იანვრის განჩინებაზე.

პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2008 წლის 15 დეკემბერს ე. ბ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს. და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინებით განმცხადებელს მიეცა 7-დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 6 იანვრის განჩინებით ე. ბ-ძის განცხადება დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ბ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ე. ბ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი.

მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. ბ-ძეს გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2009 წლის 13 იანვარს (ს.ფ.21), ხოლო კერძო საჩივარი მან შეიტანა 2009 წლის 2 თებერვალს, ე.ი. გასაჩივრების 12-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა საკასაციო საჩივარი. თუ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს სასამართლოს გამოაქვს განჩინება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა დარჩეს.

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ე. ბ-ძის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

განჩინების ასლი გაეგზავნოს მხარეებს.