Facebook Twitter

ას-1166-1311-08 16 თებერვალი, 2009 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ხ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,სკორპიო”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ხ-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,სკორპიოს” მიმართ ქ.ბათუმში, ... ქ¹34-ში მდებარე ¹36 უკანონოდ მითვისებული მაღაზია ,,მაგნოლიას” შრომითი კოლექტივისათვის გადაცემის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე 1995 წლიდან მუშაობდა მაღაზია «მაგნოლიაში». მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ 1996 წელს შპს «გიორგი და კომპანიამ» მოახდინა მაღაზიის ფართის პრივატიზება ისე, რომ დაირღვა მაღაზიის შრომითი კოლექტივის უფლება, თავად განეხორციელებინათ სადავო ფართის პრივატიზება. დასახელებული შპს-ს ლიკვიდაციის შემდეგ აღნიშნული უძრავი ქონების საფუძველზე დაფუძნდა შპს «სკორპიო», რომელმაც რეალურად 10 კვ.მ-ით უფრო მეტი ფართი დაიკავა, ვიდრე 1996 წელს იქნა პრივატიზებული.

დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით საქმეში მესამე პირად ჩართულმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა მოპასუხე შპს «სკორპიოსათვის» 13290 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდა იმ მოტივით, რომ მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, როდესაც დაიკავა 8,86 კვ.მ სახელმწიფოს კუთვნილი ფართი, ამდენად, მან უნდა გადაიხადოს აღნიშნული ფართის ღირებულება, კერძოდ, 1 კვ.მ-ზე 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მაღაზია «მაგნოლიას» შრომითი კოლექტივის წევრებმა და გ. ხ-შვილმა დაზუსტებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს სადავო მაღაზიის გასასხვისებლად 1996 წლის 25 ივნისს ჩატარებული აუქციონისა და მასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 11 ივლისის განჩინებით მოსარჩელე მხარეს დაზუსტებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი ეთქვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო გ.ხ-შვილს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გ.ხ-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით გ.ხ-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, ხოლო ამავე სასამართლოს 27 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე აღნიშნული ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელდა და დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 739 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა. ხარვეზის დადგენის თაობაზე განჩინება აპელანტს ჩაბარდა. 2008 წლის 24 ნოემბერს აპელანტმა და მისმა წარმომადგენელმა ვ.ხ-შვილმა შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს. გ.ხ-შვილმა მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადასხდისაგან გათავისუფლება, ხოლო ვ.ხ-შვილმა _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-47-ე მუხლების შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაც. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, დასახელებული ნორმების შესაბამისად, აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების ან გადახდის გადავადების საფუძვლად თავისი გადახდისუუნარობის ან ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და ჩათვალა, რომ გ.ხ-შვილმა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. ხ-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის ქონებრივი მდგომარეობა, რის გამოც მას არ შეეძლო სახლემწიფო ბაჟის გადახდა. პალატას მხედველობაში უნდა მიეღო ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ აპელანტის ძალისხმევით სახელმწიფოს დაუბრუნდა შპს «სკორპიოს» მიერ უკანონოდ მითვისებული ქონების ნაწილი და აღნიშნულის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა მხარისათვის უნდა გადაევადებინა. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით პალატამ მოუსპო მხარეს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით გარანტირებული სასამართლოსათვის მიმართვის უფლება.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით გ.ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი ცნობილ იქნა ხარვეზიანად და მას დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის ქვითრის წარმოდგენა.

2008 წლის 17 ოქტომბერს გ.ხ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა ვ.ხ-შვილმა იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ აპელანტი წლების განმავლობაში უმუშევარია და სასამართლო ხარჯების დაფარვის შესაძლებლობა არ გააჩნია. ამასთან, მხარემ მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიანგარიშა სახელმწიფო ბაჟის ოდენობა და არ გაითვალისწინა გ.ხ-შვილის დაზუსტებულ სარჩელში მითითებული მოთხოვნა აუქციონისა და მასთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, რაც უნდა განხილულიყო არა სამოქალაქო, არამედ ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ.

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს ხარვეზის შევსების ვადა გაუგძელდა და დაევალა 5-დღიან ვადაში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მითითება სახელმწიფო ბაჟის არასწორად გამოანგარიშების შესახებ და მიუთითა, რომ გ.ხ-შვილის დაზუსტებული სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ არ იქნა მიღებული წარმოებაში.

საქმეში არსებული საფოსტო განხყოფილების მიღება-ჩაბარების უწყებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე გ.ხ-შვილს ჩაბარდა 2008 წლის 18 ნოემბერს, ხოლო მის წარმომადგენელ ვ.ხ-შვილს _ 13 ნოემბერს.

2008 წლის 24 ნოემბერს სააპელაციო სასამართლოს მიმართეს გ.ხ-შვილმა და მისმა წარმომადგენელმა ვ.ხ-შვილმა. გ.ხ-შვილმა სადავო ფართის შრომითი კოლექტივისათვის გადაცემის ნაწილში სარჩელი შეამცირა და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, ხოლო მისმა წარმომადგენელმა ვ.ხ-შვილმა _ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებასთან ერთად იშაუმდგომლა მისი გადახდის გადავადების შესახებაც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობაზე მხოლოდ კერძო საჩივარში მითითებული საფუძვლების გათვალისწინებით.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასაჩივრებს იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატას, გ.ხ-შვილის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა უნდა გადაევადებინა და სააპელაციო საჩივარი განეხილა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი, რომლის მიხედვით სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. მითითებული ნორმის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია, გადაუვადოს მხარეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სათანადო სარწმუნო დოკუმენტის წარდგენის გზით დაასაბუთებს თავის გადახდისუუნარობას.

განსახილველ შემთხვევაში გ.ხ-შვილს თავისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ რაიმე მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია, შესაბამისად, მან სახელმწიფო ბაჟის გადავადების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა ვერ დაასაბუთა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

სააპელაციო პალატის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ გ.ხ-შვილს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 5 დღის ვადა. აღნიშნული განჩინება აპელანტს _ 2008 წლის 18 ნოემბერს, ხოლო მის წარმომადგენელ ვ.ხ-შვილს _ 13 ნოემბერს ჩაბარდა, თუმცა მხარეს ზემოხსენებულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია. ამდენად, სააპელაციო პალატის დასკვნა გ.ხ-შვილის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ კანონიერია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ხ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.