Facebook Twitter

ას-1171-1316-08 12 იანვარი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატის მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ც. ხ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ 1.თამარისის საკრებულოს გამგეობა

2.დ. პ-ური (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ამონაწერის რეგისტრაციის გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც. ხ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თამარისის საკრებულოს გამგეობისა და დ. პ-ურის მიმართ ამონაწერის რეგისტრაციის გაუქმებისა და მისი სოფლის საკომლო წიგნში რიგით წევრად ჩაწერის მოთხოვნით.

აღნიშნული საქმე არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. პ-ურმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბერს გამართულ სხდომაზე ც. ხ-ძემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სარჩელის გამოხმობის თაობაზე.

თბილისის სააპლელაციო სასამართლოს 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინებით ც. ხ-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება და ც.ხ-ძის სარჩელი დარჩა განუხილველი. ამავე განჩინებით განემარტათ მხარეებს განჩინების გასაჩივრების წესი, ხოლო გასაჩივრების ვადის დენა დაიწყო მისი გამოცხადების მომენტიდან. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ც. ხ-ძემ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ც. ხ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს კერძო საჩივარი შეტანილია თუ არა კანონით დადგენილ ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. ამდენად, დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის შეცვლა არ დაიშვება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ნოემბრის განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის ავტორი(ს.ფ. 166). შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანის ვადა ამოიწურა 17 ნოემბერს.

დადგენილია ასევე რომ ც. ხ-ძემ კერძო საჩივარი სასამართლოში წარადგინა 2008 წლის 17 დეკემბერს (ს.ფ. 162), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით დადგენილი გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დარღვევით.

ზემოაღნიშნული ც. ხ-ძის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც. ხ-ძის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.