ას-1178-1323-08 30 იანვარი, 2009წ.
თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ა. ღ-შვილის კერძო საჩივრის გაუხილველად დატოვების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2008 წლის 9 იანვრის განჩინებით ა. ღ-შვილს დაევალა კერძო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ საპროცესო ვადაში კერძო საჩივრის ავტორმა ხარვეზის შევსების მიზნით განცხადება წარმოადგინა. დასახელებულ განცხადებაში ა. ღ-შვილი უზენაესი სასამართლოს მიერ მისთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების მართებულობას არ იზიარებს და “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტზე დაყრდნობით მოცემულ კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლებულად მიჩნევის შესახებ მიუთითებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ა. ღ-შვილი კერძო საჩივრის ხარვეზის შევსებულად მიჩნევას ითხოვს. იმავდროულად, კერძო საჩივრის ავტორი საკასაციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების (განჩინების) კოლეგიური შემადგენლობის მიერ ხელმოწერაზე შუამდგომლობს.
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა ა. ღ-შვილის კერძო საჩივარზე ხარვეზის შევსების საკითხი და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, რომელიც ამავე კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე გამოიყენება კერძო საჩივრის განხილვისას, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს მითითებულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
მოცემულ შემთხვევაში ა. ღ-შვილს არ შეუვსია საკასაციო სასამართლოს განჩინებით დანიშნული ხარვეზი, კერძოდ, არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟი, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს არც ა. ღ-შვილისთვის კერძო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების საფუძველი. კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესავსებად დანიშნული ვადის გაგრძელების თაობაზე რაიმე შუამდგომლობა არ დაუყენებია. წარმოდგენილ განცხადებაში ა. ღ-შვილი გამოთქვამს მხოლოდ მოსაზრებას სახელმწიფო ბაჟის არასწორად დაკისრებასთან დაკავშირებით, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს, რომ საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება მოსარჩელე _ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე, როგორსაც კერძო საჩივრის ავტორის მიერ აღძრული სარჩელი, მისი არსის გათვალისწინებით, არ განეკუთვნება. ამასთან, აღნიშნულის შესახებ კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზის შესახებ 2009 წლის 9 იანვრის განჩინებით უკვე განემარტა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ღ-შვილმა ვერ უზრუნველყო სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში კერძო საჩივრის ხარვეზის შევსება _ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა, რის გამოც, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 420-ე მუხლისა და 63-ე მუხლის თანახმად, ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე უსაფუძვლოა ა. ღ-შვილის შუამდგომლობა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობით განხილვის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის დაცვით. თუ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლის მოთხოვნებს, იგი წარმოებაში მიიღება ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხებს მომხსენებელი მოსამართლე წყვეტს ზეპირი განხილვის გარეშე. კანონის დასახელებულ ნორმებზე დაყრდნობით, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე ასევე გამოიყენება კერძო საჩივრის განხილვისას, კერძო საჩივრის ფორმალური დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია აქვს მომხსენებელ მოსამართლეს.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. ღ-შვილის შუამდგომლობა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხის საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 23 დეკემბრის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.