საქმე №230აგ-16 22 მაისი, 2017 წელი
მ. ვ. ე. ო-ი, 230აგ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. ე. ო. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს განაჩენით ვ. ე. ო. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 218–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 9 თვით. მასვე სსკ–ის 41–42–ე მუხლების საფუძველზე დამატებით სასჯელად შეეფარდა ჯარიმა – 10 000 ლარი. მსჯავრდებულ ვ. მ-ს სასჯელის მოხდის ათვლა უნდა დაეწყოს დაპატიმრების ან სათანადო ორგანოში გამოცხადების დღიდან. ამავე განაჩენით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის სამოქალაქო სარჩელი დაკმაყოფილდა: ვ. მ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 649 724,8 ლარი, შესაბამის საურავთან ერთად და ჯარიმა - 335 866 ლარი.
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 ივლისის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–12 მუხლის თანახმად, ვ. მ-ს გაუნახევრდა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით.
3. 2016 წლის 1 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ვ. მ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. მ-მა და სსსკ–ის 310–ე მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ალტერნატივის სახით, იმ შემთხვევაში, თუ გამამართლებელი განაჩენი არ იქნება მიღებული, ითხოვა განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, კერძოდ: მსჯავრდებულის საპატიმრო და დამატებითი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება.
4. შუამდგომლობის ავტორი ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ვ. მ-ის მიმართ გავრცელდა ე.წ. „ფინანსური ამნისტია“ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309–ე მუხლის 37–ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამავე კოდექსის 252–ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწერას დაექვემდებარა 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული საურავი, ვინაიდან 2011 წლის 1 იანვრის შემდგომი პერიოდისთვის (თანხის ჩამოწერამდე) საგადასახადო ორგანოსთვის არ ჰქონია წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება. ამ ნორმის საფუძველზე ვ. მ-ს სრულად ჩამოეწერა ზემოაღნიშნული თანხა, ამასთან, შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 19 ივლისის №- შეტყობინებისა და შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 19 ივლისის №- ბრძანების საფუძველზე ქონებაზე გამოყენებული ყადაღა გაუქმდა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.
6. კასატორი - მსჯავრდებულ ვ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი თ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას მასში მითითებული მოტივებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა. კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილ გარემოებას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში თელავის რაიონულმა სასამართლომ 2010 წლის 11 აგვისტოს განაჩენი ვ. მ-ის მიმართ გამოიტანა მის დაუსწრებლად, რომლის სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებაც დღეის მდგომარეობითაც აქვს მსჯავრდებულს. შესაბამისად, ამ ეტაპზე საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის.
3. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ დაუსრულებლი სამართალწარმოების საქმეზე განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შესაძლოა, გადაისინჯოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, მათ შორის - როდესაც ეს სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის ერთადერთი საშუალებაა, ან როდესაც საკითხი ეხება სასჯელის განსაზღვრას კანონის იმპერატიული მოთხოვნის საფუძველზე, რაც არ შეიძლება შეფასების საგანი იყოს და განსხვავებულად გადაწყდეს საქმის არსებითი განხილვის შემთხვევაში. [1]
4. მოცემულ შემთხვევაში ადვოკატის მიერ მითითებული გარემოებები წარმოადგენს შეფასების საგანს, რაც საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოს კომპეტენციას წარმოადგენს და რაზეც სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს ვ. მ-ის მიერ თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 11 აგვისტოს განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების შემთხვევაში.
5. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ვ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ. ე. ო. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ვ. ე. ო. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე
[1] იხ. სუსგ საქმეზე №25აგ-17 და სუსგ საქმეზე №211აგ-16.