Facebook Twitter

¹ას-120-452-09 2 აპრილი, 2009 წ.

ქ.თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – რ. ს-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე – სს «ე.»

დავის საგანი _ რეგისტრაციის გაუქმება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

აღწერილობითი ნაწილი

სს „ე.“ დირექტორმა ა. გ-შვილმა სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შპს „ე.“ მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის დადგენილების გაუქმება შპს „ე.“ რეგისტრაციის შესახებ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული საზოგადოების რეგისტრაცია უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ცეკავშირის გამგეობის 1994 წლის 21 აპრილის დადგენილებით მესხეთ-ჯავახეთში ნავთობპროდუქტებით უკეთ მომარაგების მიზნით, ცეკავშირის გაერთიანება „ს.“ ფირმა „კ.“ შემადგენლობაში შეიქმნა შპს „ე.“, რომელიც რეგისტრირებულ იქნა ახალციხის რაიონის გამგეობის 1994 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით.

საზოგადოების შექმნის დღიდან 2000 წლის 30 ივნისამდე ხელმძღვანელობას სრულყოფილი საბუღალტრო საბუთები არ უწარმოებია.

საქართველოს პარლამენტის მიერ 1994 წელს მიღებულ იქნა კანონი „მეწარმეთა შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 1995 წლის 1 მარტიდან. აღნიშნული კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ადრე რეგისტრირებულ საზოგადოებებს დაევალათ, ხელახლა გატარებულიყვნენ რეგისტრაციაში 1997 წლის 1 სექტემბრამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ჩაითვლებოდნენ გაუქმებულად.

შპს „ე.“ ხელახალი რეგისტრაცია არ გაუვლია. 1995 წლის პირველი მარტიდან შპს „ერდო-94“ ითვლება უკანონო იურიდიულ პირად. 1996 წლის 15 იანვარს, მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, ფირმა „კოოპსათბობის“ ხელმძღვანელობამ გააუქმა შპს „ე.“ საწესდებო კაპიტალში შეტანილი წილი. Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის დადგენილებით რეგისტრირებულ იქნა შპს „ერდო-94“, რომლის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 81300 ლარს. აღნიშნული თანხა არის აუდიტის მიერ შეფასებული, 1994 წელში რეგისტრირებულ შპს „ე.“ საწესდებო კაპიტალში ცეკავშირის ახალციხის ყოფილი უნივერსალური ბაზის მიერ შეტანილი ქონების, მათ შორის, ძველი ადმინისტრაციული შენობის, რკინიგზისპირა საწყობის, ავტომანქანისა და სამი ცალი ავტომტვირთავის ღირებულება. მოსარჩელის განმარტებით, რაც შეეხება ფიზიკური პირების მიერ საწესდებო კაპიტალში შეტანილ წილს, თუ მათ რა ბედი ეწიათ 1994 წლის 24 ივნისიდან 2000 წლის 30 ივნისამდე, შესაბამისი დოკუმენტების არარსებობის გამო, შეუძლებელია ამის დადგენა. აუდიტის მიერ შეფასებული 81300 ლარის ღირებულების ქონებიდან უსაფუძვლოდ და კანონის უხეში დარღვევით, 64800 ლარის ქონება (79,7%) მიკუთვნებული აქვთ ს-შვილებს, ხოლო აღნიშნული ქონების რეალურ მესაკუთრეს, სს „ე.“ კი - მხოლოდ 16500 ლარის (20%) ქონება. შპს „ე.“ ხელმძღვანელობას უფლება არ ჰქონდა, გაესხვისებინა ან ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა საწესდებო კაპიტალში შეტანილი შენობა ცეკავშირის გამგეობასთან შეთანხმების გარეშე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, რომ გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 30 ივნისის დადგენილება შპს „ე.“ რეგისტრაციის შესახებ.

Aახალციხის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სს „ე.“ მოთხოვნა და გაუქმდა შპს „ე.“ რეგისტრაცია საწესდებო კაპიტალისა და დამფუძნებელთა რიცხვში ცეკავშირის რეგისტრაციის ნაწილში. შპს „ე.“ დირექტორს მიეცა ვადა საწესდებო კაპიტალის 2000 ლარამდე შესავსებად.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „ერდო-94-ის“ დირექტორმა რ. ს-შვილმა სააპელაციო საჩივრით, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა სასამართლო ინსტანციების მიერ და ბოლოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებით რ. ს-შვილის განცხადება საქმეში მესამე პირად ჩართვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. ს-შვილმა. მან მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის მიერ 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმეში მესამე პირად ჩართვა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ იგი არის სს „ე.“ დამფუძნებელი აქციონერი და ასევე დირექტორი და წარმომადგენლად რეგისტრირებულ პირი. ა. გ-შვილმა, რომელიც არ იყო წარმომადგენლად რეგისტრირებული, სს „ე.“ სახელით აღძრა სარჩელი შპს «ერდოს” რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. ა.გ-შვილი არ არის სს «ერდოს” აქციონერთა ინტერესების გამომხატველი და საზოგადოების რეალური წარმომადგენელი.

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვა ყველა შემთხვევაში შეეხება მის ინტერესებს, რის გამოც მოითხოვა საქმეში მესამე პირად ჩართვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინებით სს „ე.“ დირექტორ ა. გ-შვილის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა, განუხილველად დარჩა სს «ერდოს” სარჩელი შპს „ე.“ მიმართ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ, მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო, რ. ს-შვილის მესამე პირად ჩაბმის შესახებ კარგავს ინტერესს, რის გამოც უარი თქვა კერძო საჩივრის განხილვაზე.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ რ. ს-შვილის წარმომადგენელ დ. თ-შვილის განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის საოქმო განჩინებით რ. ს-შვილის განცხადება საქმეში მესამე პირად ჩართვის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა რ. ს-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 29 იანვრის საოქმო განჩინებით სს „ე.“ დირექტორ ა. გ-შვილის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა, განუხილველად დარჩა სს «ერდოს” სარჩელი შპს „ე.“ მიმართ რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

კერძო საჩივრის ავტორმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის გამოხმობის გამო რ. ს-შვილის მესამე პირად ჩაბმის შესახებ კარგავს ინტერესს, რის გამოც უარი თქვა კერძო საჩივრის განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «გ” გვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა უარი თქვა კერძო საჩივრის განხილვაზე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მისი განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს მოცემული საქმის წარმება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ს-შვილის წარმომადგენელ დ. თ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდეს;

შეწყდეს მოცემულ საქმეზე საქმის წარმოება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.