საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
¹ას-123-401-08 2 აპრილი, 2008 წ.
ქ.თბილისი
სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების
საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
როზა ნადირიანი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
წარმომადგენელი - ი. ხ-აძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ბიზნესცენტმონტაჟსპეცმშენი” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული სასამართლო განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინება.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –დავლიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სს „ბიზნესცენტრმონტაჟსპეცმშენის“ გენერალურმა დირექტორმა იუზა თოფურიამ მოპასუხის ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიმართ დავალიანების ანაზღაურების მოთხო
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ სს „ბიზნესცენტრმონტაჟსპეცმშენს“ და ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტს შორის, 2003 წლის 24 მარტს დადებული ქირავნობის ხელშეკრულებით აღნიშნული დეპარტამენტი განთავსებულ იქნა სს „ბიზნესცენტრმონტაჟსპეცმშენის“ კუთვნილ შენობაში. მოპასუხის მიერ 2003-2004 წლებში ქირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით წარმოშობილი დავალიანება დაფარული იქნა ნაწილობრივ. მოსარჩელის განმარტებით, დარჩენილი დავალიანება შეადგენს 21248 ლარს, რაც დღემდე არ გადაუხდია მოპასუხეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქათლაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 თებერვლის განჩინებით არასათანადო მოპასუხე, ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი, შეიცვალა სათანადო მოპასუხით – საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროთი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით სს „ბიზნესცენტრმონტაჟსპეცმშენის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მის სასარგებლოდ დააკისრა 21 248 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს „ბიზნესცენტრმონტაჟსპეცმშენის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20907 წლის 13 ივლისის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში და საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2007 წლის 18 დეკემბერს 11 საათზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბერს 11 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბიზნესცენტრმონტაჟსპეცმშენის“ გენერალური დირექტორი იუზა თოფურია და სს „ბიზნესცენტრმონტაჟსპეცმშენის“ წარმომადგენელი ბიჭიკო ზაკუტაშვილი. არ გამოცხადდა აპელანტი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად
პალატამ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელს ი. ხ-აძეს ეცნობა სასამართლო სხდომის დროის და ადგილის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დაცვით.
ზემოთმითებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით სააპელაციო პალატაში 2007 წლის 18 დეკემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო ჯამრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დასჭირდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოადგინა შპს ,,მენი-დენტის” სტომატოლოგიურ კლინიკის ექიმის ცნობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ონ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა გაეცნო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის ი. ხ-აძის მიერ წარმოდგენილ კერძო საჩივარს და თვლის, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა სარჩელის (განცხადების) განუხილველად დატოვებისა.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში 2007 წლის 18 დეკემბერს დანიშნული სხდომის შესახებ ცნობილი იყო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და მისი წარმომდგენლისათვის.
(ს.ფ.77-78) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატას თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ უფლებამოსილი იყო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომდგენლის სააპელაციო საჩივარი დაეტოვებინა განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხავა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რაც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარმოდგენილ შპს ,,შენი-დენტის” სტომატოლოგიური კლინიკის მიერ გაცემულ ცნობას, საიდანაც ირკვევა, რომ ი. ხ-აძეს ჩაუტარდა გართულებული ექსტრაქცია და დრენირება, საკასაციო პალატა ვერ მიიჩნევს მხარის პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან მასში პირდაპირ არ არის მითითებული ი. ხ-აძის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. ამასთან საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ი. ხ-აძე მოცემულ დავაში მონაწილეობს არ როგორც ფიზიკური პირი, არამედ როგორც ადმინისტრაციული ორგანოს_საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელი, შესაბამისად სამინისტრო ვალდებული იყოწარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭებინა სხვა პირისთვის და უზრუნველყო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება ან პროცესზე გამოუცხადელობის მიზეზებზე დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ონ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის ი. ხ-აძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 18 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.