Facebook Twitter

ას-12-350-09 16 თებერვალი, 2009 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ მ. და ბ. კ-ძეები (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ დ. ხ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,,ბ. ბ.” (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. და ბ. კ-ძეებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს ,,ბ. ბ.” მიმართ 43147 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის 2008 წლის 8 მაისის ¹176-რ ბრძანებით სს ,,ბ. ბ.” შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა სს ,,ბ. ბ.”.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტების გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გაასაჩივრეს მ. და ბ. კ-ძეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინებით საჩივარი დარჩა განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ამავე სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი მხარეებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით და როგორც მ. და ბ. კ-ძეების შვილს, ასევე აპელანტთა წარმომადგენლის _ დ. ხ-ძის ოჯახის სრულწლოვან წევრ ი. ა-ძეს 2008 წლის 10 ნოემბერს ჩაბარდათ. დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე საჩივარი მხარემ საფოსტო განყოფილებას ჩააბარა 2008 წლის 21 ნოემბერს, ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე, 63-ე და 239-ე მუხლების შესაბამისად, საჩივარი შეტანილ იქნა კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. და ბ. კ-ძეების წარმომადგენელმა დ. ხ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სადავო დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2008 წლის 10 ნოემბერს ჩაბარდათ აპელანტების შვილსა და დ. ხ-ძის ოჯახის სრულწლოვან წევრ ი. ა-ძეს. ფაქტობრივად, მ. და ბ. კ-ძეებს ორი შვილი (ზ. და თ. კ-ძეები) ჰყავთ და არც ერთს სასამართლოს გზავნილი დღემდე არ ჩაბარებია. რაც შეეხება ი. ა-ძეს, იგი დ. ხ-ძის ოჯახის წევრი არ არის, არამედ მისი მეგობრის დაა, რომელსაც იურიდიული განათლება არ გააჩნია და მისთვის სასამართლო გზავნილის მიღების თარიღის დასმის მნიშვნელობა არ არის ცნობილი. ი. ა-ძემ გზავნილი ჩაიბარა 2008 წლის 15 ნოემბერს, არასამუშაო დღეს. ფოსტალიონმა მას განუმარტა, რომ გზავნილის ჩაბარების დღედ დააფიქსირებდა პირველივე სამუშაო დღეს, ორშაბათს _ 2008 წლის 17 ნოემბერს, თუმცა გაუგებარი მიზეზების გამო გზავნილის ჩაბარების თარიღად მიეთითა წინა ორშაბათი _ 2008 წლის 10 ნოემბერი. ი.ა-ძემ დ.ხ-ძეს სასამართლო გზავნილი 2008 წლის 15 ნოემბერსვე გადასცა და განუმარტა, რომ მისი ჩაბარების თარიღად დაფიქსირებული იქნებოდა 17 ნოემბერი, რის გამოც კერძო საჩივრის ავტორმა არ იჩქარა საჩივრის შეტანა და სადავო ვადა 2008 წლის 17 ნოემბრიდან აითვალა. ასევე საყურადღებოა, რომ სასამართლო გზავნილი გამოიგზავნა 2008 წლის 6 ნოემბერს, ქ.ქუთაისიდან, შესაბამისად, სამ დღეში იგი ქ.ბათუმში ი. ა-ძეს ვერ ჩაბარდებოდა.

მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2008 წლის 6 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაეგზავნათ მ. ბ. კ-ძეებსა და მათ წარმომადგენელ დ. ხ-ძეს.

საქმეში წარმოდგენილი გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებით დგინდება, რომ 2008 წლის 10 ნოემბერს აპელანტების სახელით სასამართლო გზავნილი ჩაიბარა მათმა შვილმა თ. კ-ძემ, ხოლო დ. ხ-ძისათვის გადასაცემად 2008 წლის 10 ნოემბერსვე _ მისი ოჯახის წევრმა ი.ა-ძემ.

სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი მ. და ბ. კ-ძეების წარმომადგენელმა დ. ხ-ძემ სასამართლოსათვის გასაგზავნათ საფოსტო განყოფილებაში ჩააბარა 2008 წლის 21 ნოემბერს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. და ბ. კ-ძეების წარმომადგენელ დ. ხ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაა 10 დღე. ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მხარეს ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაჰბარდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანა დასაშვებია მხარისათვის კანონით დადგენილი წესით მისი ჩაბარებიდან 10 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადა იმპერატიულადაა დადგენილი კანონის მიერ და მისი ამოწურვის შემდეგ მხარე კარგავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჩივრის ავტორებს სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდათ 2008 წლის 10 ნოემბერს, ხოლო საჩივარი მისი გაუქმების მოთხოვნით საფოსტო განყოფილებამ მიიღო 2008 წლის 21 ნოემბერს, საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი 10-დღიანი ვადის დარღვევით, რის გამოც სააპელაციო პალატამ მ. და ბ. კ-ძეების სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.

დაუსაბუთებელია და ვერ იქნება გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სადავო სასამართლო გზავნილი მ. და ბ. კ-ძეების შვილს არ ჩაბარებია. კერძო საჩივრით დ. ხ-ძე ადასტურებს, რომ აპელანტთა შვილებს ჰქვიათ ზ. და თ. კ-ძეები, შესაბამისად, სარწმუნოდ უნდა ჩაითვალოს საქმეში წარმოდგენილი გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე შესრულებული წარწერა, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა ადრესატთა შვილს, თ. კ-ძეს. ამ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება მხარეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოუდგენია.

ასევე ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ დ. ხ-ძისათვის სადავო სასამართლო გზავნილის ჩაბარებად მიჩნეულ უნდა ყოფილიყო 2008 წლის 17 ნოემბერი, ვინაიდან გზავნილის მიმღებმა, მისი მეგობრის დამ, ი. ა-ძემ განუმარტა, რომ გზავნილის მომტანი ფოსტალიონი დაჰპირდა, სასამართლო გზავნილის ჩაბარების თარიღად არასამუშაო დღის _ 2008 წლის 15 ნოემბრის ნაცვლად მომდევნო სამუშაო დღე _ 17 ნოემბერი მიეთითებინა, თუმცა შეცდომით დააფიქსირა 2008 წლის 10 ნოემბერი, წინა კვირის ორშაბათი. როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა კანონმდებელი დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის ვადის ათვლის წერტილად მიიჩნევს იმ დღეს, როდესაც მხარეს ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და ასეთის დასადასტურებლად სარწმუნოდ მიიჩნევს სასამართლო გზავნილის ჩაბარებას მხარისათვის პირადად ან კანონით დადგენილ პირთა წრისათვის უშუალოდ ან ფოსტისა თუ სხვა საშუალებების მეშვეობით (სსკ-ის 70-78-ე მუხლები).

განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებით, გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ დ. ხ-ძის ნაცვლად სასამართლო გზავნილი 2008 წლის 10 ნოემბერს ჩაიბარა მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ი. ა-ძემ და მარტოოდენ კერძო საჩივრის ავტორის განმარტება დასახელებული გარემოების გაუზიარებლობის საფუძველი ვერ გახდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის მხარისათვის არასამუშაო დღეს ჩაბარებას არ კრძალავს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. და ბ. კ-ძეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 28 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.